კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომისიის წევრთა სადილობის გამო დაყოვნებული ამომრჩეველი

8 ოქტომბერი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის #73 საარჩევნო უბანი სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში იყო გახსნილი. საკლასო ოთახის მცირე აღმოჩნდა არჩევნებისათვის, რომელსაც 30-მდე დამკვირვებელი და პარტიების წარმომადგენლები ვაკვირდებოდით. კენჭისყრის პროცედურების შემდეგ, გახსნილი უბანი ხმაურით გამოირჩეოდა.

ამომრჩევლის ნაკადის მოუწესრიგებლობამ, 5 რეგისტრატორზე ამომრჩევლის სიის არათანაბრად გადანაწილებამ, 4 სახის ბიულეტენის გაცემამ, ამომრჩევლების მოკითხვამ როგორც კომისიის წევრების, ასევე დამკვირვებლების მიერ - უბანზე ხმაური გამოიწვია. აღნიშნულის გამო, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა რამდენჯერმე მისცა შენიშვნა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჯემალ პატარიძეს. 

დღის განმავლობაში უბანზე შემოვიდა ერთი ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაწვევით - „მე მიყვარს საქართველო“. კომისიის თავმჯდომარე ჯემალ პატარიძემ მას მოსაწვევის ჯიბეში ჩადება ურჩია. თვითონ ამომრჩეველმა, გრიშა ხიტირმა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას განაცხადა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომიტანა და მითხრა, რომ არჩევნებზე ამ უბანზე უნდა მოვსულიყავი. ამიტომ მეგონა ეს მოსაწვევი თან უნდა მქონოდა“.  

კომისიის მდივანს 17-საათიანი მონაცემის სადემონსტრაციო ოქმში დროულად შეტანა დაავიწყდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი შენიშვნის დაწერას აპირებდა ჩანაწერთა წიგნში, რა დროსაც მათ შეცდომა გამოასწორეს.

შუადღით, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე შემდეგი ფაქტი დაფიქსირდა. კომისიის თავმჯდომარემ ხმამაღლა განაცხადა: „ამომრჩეველი აღარ არის და რეგისრტატორებსა და ყველას, შეგიძლიათ, ისადილოთ - დილის შემდეგ მუშაობთ“. „მასპინძელმა“ კომისიამ სადილზე მიიპატიჟა დამკვირვებლებიც. თითქმის დაცარიელებულ საარჩევნო უბნის ოთახში, მხოლოდ 3 კომისიის წევრი და რამდენიმე დამკვირვებელი დავრჩით.

დავინტერესდი, ამომრჩეველი მხოლოდ საკლასო ოთახის კართან არ იყო, თუ საერთოდ უბნის შემოსასვლელშიც. უბანი სკოლის პირველ სართულზე, ერთ-ერთ საკლასო ოთახში იყო გახნილი. ამიტომ სკოლის შემოსასვლელში გავედი, სადაც ასეთი სურათი დაგვხდა: კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლეილა ვარშანიძე კიბის საფეხურებზე მდგომ 8 მოქალაქეს ესაუბრებოდა, მათგან ერთ-ერთი ძალიან მოხუცი იყო. ვიკითხე, ეს მოქალაქეები იყვნენ თუ არა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსულები. მათგან თანხმობის შემდეგ, მათი დათვლა დავიწყე. ერთმა მითხრა, რომ ის ხმას არ აძლევდა, თავის ბებიას დამხმარედ ახლდა. იქვე, კომისიის წევრმა ვარშანიძემ განმიმარტა, რომ რამდენიმე წუთით კომისიის თავმჯდომარის დავალებით შეაჩერა ამომრჩეველი. საუბრის მიმდინარეობისას ამომრჩევლებს კიდევ 2 შეუერთდა. ჯამში, 9 ამომრჩეველს კომისიის წევრთა სადილობის გამო, 15-წუთიანი ლოდინი მოუწიათ.

აღნიშნულ ფაქტზე საჩივრის წერა დავიწყე, რამაც კომისიის წევრების გარდა, დამკვირვებლების განრისხებაც გამოიწვია. ისინი საჩივრის დაწერის საფუძველს ვერ ხედავდნენ და შეურაცხყოფაზე გადავიდნენ: „ისინიც ადამიანები არიან! არ ჭამონ?! რა არის აქ დარღვევა?! შენ უნდა გკითხოთ, როდის შევჭამოთ?! ამომრჩეველი სად დაინახე, ნეტა, რომ გველოდებოდა, პროვოკაციას ძალად ქმნი“.    

მიუხედავად უბანზე არსებული დამკვირვებელთა სიმრავლისა, საჩივარი მხოლოდ ერთი მოწმე-დამკვირვებლით დარეგისტრირდა. თუმცა, სხვა დამკვირვებლებმა აღნიშნული საჩივარის საპირისპიროდ, განცხადებით მიმართეს კომისიას. მასში მიუთითეს, რომ კომისიამ უბანი არა 15 წუთით, არამედ 5 წუთით დატოვა და არც ამომრჩეველი იყო ამ დროს უბანზე. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დამკვირვებლების განცხადებას ხელი საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრმა და თავმჯდომარემაც მოაწერეს.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადების ასლი მხოლოდ ბათუმის ოლქის თავმჯდომარე, დავით თოდრიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მოგვცა.

უბანი, დილის 5:10 წუთზე დავტოვე. მანამდე 828 ამომრჩევლის ბიულეტენები ითვლებოდა. მათგან 4 ამორჩეველს ერთიან სიაში ხელმოწერა არ ჰქონდა გაკეთებული. რეგისტრატორებმა აღნიშნული ფაქტი კომისიას დღის განმავლობაში აცნობეს და მათგან შესაბამისი ახსნა-განმარტებაც დაიწერა.

საბოლოო მონაცემებით, ბათუმის #73 უბანზე „ბიძინა ივანიშვილი-ქართულმა ოცნებამ“ 70%-ზე მეტი ხმა მიიღო, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, აჭარაში ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნების გარდა, აჭარის უმაღლეს საბჭოსაც ირჩევდა. ამიტომ აქ ამომრჩეველი თავის არჩევანს 4 ბიულეტენზე აფიქსირებდა.   

ახალი ამბები