კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრების ცემის ახალ ფაქტებს უარყოფს

9 ოქტომბერი, 2012

7 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის # 8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოთხი პატიმარია ნაცემი. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი პატიმრის ახლობელი ციხის გალავნის გარედან გაესაუბრა რამდენიმე პატიმარს, რომლებმაც თქვეს, რომ საპყრობილეში რთული ვითარებაა და დახმარებას ითხოვენ. სავარაუდოდ ნაცემი ოთხი პატიმრიდან გავრცელდა სამი მათგანის გვარი (ჭ., ც., და ქ.).
 
ამავე დროს, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილნი იყვნენ პატიმრობაში მყოფი სადოიანისა და დავრიშევის ახლობლები, რომელთა ცემის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. ისინი ამბობდნენ, რომ მათი პატიმრები გასულ კვირას ციხის თანამშრომლებმა სცემეს და სამკურნალო დაწესებულებაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაშია სადოიანი, რომელსაც რამდენჯერმე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

„გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აბსოლუტური სიმშვიდეა და პატიმრების ცემას ადგილი არ ჰქონია“, - განუცხადა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრის თანაშემწემ, გიორგი მშვენიერაძემ, რომელიც საპყრობილეში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით ასატიანთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, #18-ე სამკურნალო დაწესებულებაში შეხვდა იმ ოთხ პატიმარს, რომელთა ცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და ისინი არ იყვნენ ნაცემები, არამედ ჰქონდათ მოთხოვნები, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თვითდაზიანებებთ იმუქრებოდნენ.

„ისინი მოითხოვდნენ დაწესებულებაში ჟურნალისტების შესვლას, რაზეც ვუთხარით, რომ ეს ყოველდღიურად ვერ მოხდება. ასევე მოითხოვდნენ ლალი მოროშკინასთან შეხვედრას. სამინისტრო დაუკავშირდა მოროშკინას, რომელმაც თქვა, რომ პატიმრებს ორშაბათს მოინახულებს. გარდა ამისა, პატიმრები მოითხოვდნენ ციხეში მომხდარი ძალადობის ძველი ფაქტების გამოძიებას. ჩვენ ავუხსენით, რომ უახლოეს დღეებში დაკომპლექტდება საგამოძიებო კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს. ჩვენთან საუბრის შემდეგ პატიმრებს აღარანაირი პროტესტი აღარ გააჩნიათ და დაწესებულებაში აბსოლუტური სიმშვიდეა“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

რაც შეეხება პატიმრებს, ჟორა სადოიანსა და ბადრი დავრიშევს, რომელთა ოჯახის წევრები გლდანის #8-ე დაწესებულებასთან რამდენიმე დღეა იმყოფებიან და აცხადებენ, რომ ისინი ნაცემები არიან, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, არც ერთ მათგანზე არანაირ იძულებას ან არაადამიანური მოპყრობის სხვა ფორმას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, როგორც მინისტრის თანაშემწემ აღნიშნა, დავრიშევსაც და სადოიანსაც მათთან შეხვედრის შემდეგ მიეცათ საშუალება, ოჯახის წევრებს დაკავშირებოდნენ.

„სადოიანს პოსტოპერაციული პეროდი აქვს და კიდევ საჭიროებს მეთვალყურეობას. დავრიშევი კი, რომლიც ამავე დაწესებულებაში მუშაობდა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თვითდაზიანება აქვს მიყენებული, თუმცა ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და ის დაადგენს დაზიანების მიზეზებს“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მისივე განმარტებით, ორივე მათგანს დაზიანებები სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის დანიშვნამდე აქვს მიყენებული. „20 სექტემბრის შემდეგ, რაც ახალი მინისტრი დაინიშნა, გამოვრიცხავ ნებისმიერი ძალადობის ფაქტს ნებისმიერ პატიმარზე. თუ ასეთი ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, ნებისმიერი პირი დაისჯება პატიმარზე განხორციელებული უკანონო ქმედებისთვის“, - განაცხადა მშვენიერაძემ, რომელიც საპყრობილესთან მყოფ დავრიშევისა და სადოიანის ოჯახის წევრებსაც ესაუბრა და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ამასთან, გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად განიხილა რამდენიმე პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანი საკითხი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები