კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2012 წლის პოლიტიკური რეკლამები ტელევიზიებში

9 ოქტომბერი, 2012

შორენა ლათათია

სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამები ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. რაც უფრო გასაგები და დამაჯერებელია საარჩევნო სუბიექტის დაპირება, მით უფრო მეტია მისი გამარჯვების შანსი. თუმცა, ამავე დროს, საარჩევნო დაპირება რეალისტური და მოსახლეობის ძირითად საჭიროებებს მორგებული უნდა იყოს.

ვინ როგორი რეკლამებით ცდილობდა ამომრჩევლის მოხიბვლას და როგორი იყო საარჩევნო სუბიექტების მთავარი მესიჯები 2012 წლის საპარლმენტო არჩევნებისას საქართველოში - აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ფარგლებში დავაკვირდით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიამონიტორინგს ახორციელებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).

„მეტი სარგებელი ხალხს“ – „ნაციონალური მოძრაობა“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამი ძირითადი პრიორიტეტი წარმოადგინა: დასაქმება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება.

შესაბამისად, სწორედ უმუშევრობის განახევრებაზე, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სოფლის მეურნეობის გაორმაგებასა და ათასლარიანი ვაუჩერის განკარგვაზე მოგვითხრობდა პარტიის ვიდეორგოლები, რაც თავის მხრივ, ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ მოუგვარებელ საზოგადოებრივ საჭიროებათა სურათსაც წარმოაჩენდა.

პარტია ამომრჩეველს უმუშევრობის დაძლევას დასაქმების სახელმწიფო სამინისტროს შექმნით ჰპირდებოდა: „საქართველოში ბევრ ოჯახს უჭირს, ჯერაც მაღალია უმუშევრობა და ჯერაც ბევრისთვის დიდი პრობლემაა სტაბილური სამუშაო ადგილის მოძიება. ახლა დადგა დრო, ჩვენი ქვეყნის პროგრესით სარგებელი ნახოს ყველა ოჯახმა! საქართველოს მთავრობამ შექმნა ახალი, დასაქმების სამინისტრო, რომელიც თითოეულ უმუშევარს აღრიცხავს. ისინი ისეთივე შეღავათებით ისარგებლებენ, როგორიცაა ათასლარიანი ვაუჩერი პროფესიული გადამზადებისთვის“, -  ნათქვამი იყო ვიდეორგოლში. 

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისათვის, პარტია ყველა მოქალაქეს დაზღვევასა და 4 წლის განმავლობაში ყველა ოჯახს 1000-ლარიან ვაუჩერს ჰპირდებოდა. რეკლამაში ბოლო წლებში ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებებიც იყო  ნახსენები (მაგალითად, ის, რომ ასობით საავადმყოფო აშენდა). ვიდეორგოლი გვამცნობდა,  რომ  საქართველოს მთავრობა 2012 წლის 1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერს დააზღვევს, დაზღვეული იქნება ყველა ბავშვი 6 წლის ასაკამდე და ყველა სტუდენტი. შემდეგი 4 წლის განმავლობაში კი დაზღვევას საქართველოს ყველა მოქალაქე მიიღებს.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ რეკლამას, რეკლამის ტექსტი გვამცნობდა: „ნაციონალური მოძრაობა აცხადებს,  რომ საქართველოს პროგრესი ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს.  ამიტომ უნდა გავაძლიეროთ სოფელი,  შევქმნათ ირიგაციის სისტემა, რომელიც 90 ათას ჰექტარ მიწას მორწყავს, ქვეყნის მასშტაბით გავხსნათ მექანიზაციის ცენტრები, რომლებიც ქართულ სოფელს ტრაქტორებით, გლეხკაცს კი ახალი ცოდნით მოამარაგებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - იმისთვის რომ იგრძნოთ პროგრესი“.

„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“

„ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“ – ეს სლოგანი კოალიცია „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა ვიდეო რგოლში გვხვდებოდა. ნაციონალური მოძრაობისაგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ (და სხვა პარტიები) აქტიურად იყენებდა თავიანთი ლიდერის  საჯარო გამოსვლებს. რეკლამის სახით ხშირად გვხვდებოდა ასევე „ქართული ოცნების“ აქციის ანონსები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ანონსებში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, მოსახლეობას მოკლედ აცნობდა საარჩევნო პროგრამას,  მოუწოდებდა შეხვედრაზე მისვლისკენ და საბოლოოდ -  არჩევნებზე მხარდაჭერისკენ. 

„ქართული ოცნების“ რეკლამებში უხვად იყო ხალხისადმი კეთილდღეობის შექმნის,  საყოველთაო დაზღვევის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, განათლების, სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და სხვა მრავალი სიკეთის დაპირება.

სარეკლამო რგოლების მეშვეობით,  „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, კრედიტების ხელმისაწვდომობას, საკუთრების უფლების დაცვასა და კონკურენტულ პოლიტიკას ჰპირდებოდა. „მე გპირდებით, რომ გაუქმდება მონოპოლიური ბიზნესი. ბიზნესისათვის დაწესდება შეღავათები. უსაფრთხო გარემო ექნებათ უცხოელ ინვესტორებს, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას“, -  აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში.

„შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ – „ახალი მემარჯვენეები“

„შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ - აღნიშნული სლოგანით აწარმოებდა კამპანიას „ახალი მემარჯვენეები“  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„ახალი მემარჯვენეების“  სარეკლამო რგოლებში ძირითადი აქცენტი სოფელზე ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე იყო გაკეთებული. ასევე, სოფლის მეურნების ბიზნესისთვის მიმზიდველ დარგად ქცევაზე.

სოფლის მეურნეობის სექტორის გასაძლიერებლად, „მემარჯვენეები“ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სახელმწიფო  600 მილიონი ლარის გამოყოფას აპირებდნენ.

„შეძლებული ოჯახი ნიშნავს დასაქმებულ და ღირსეული შემოსავლის მქონე ოჯახს, რომლის შემოსავალი თვეში 1 000 ლარია, ოჯახის თითოეული წევრისთვის გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებას დაზღვევისა თუ სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, პენსიას ხანდაზმული წევრებისთის, რომელიც ოჯახის ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს“, -  ნათქვამი იყო  რეკლამებში.

„შვილებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონერებს დაფასება“ – ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა

„დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო“ - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ 2010 წლის არჩევნების ეს დაპირება, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ძალაში დარჩა. ქრისტიან-დემოკრატები მოსახლეობას ამჯერად, დაბალ ტარიფებს ჰპირდებოდნენ.

„საქართველოს მოსახლეობის, გაღატაკებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გამოსასწორებლად,  ჩვენი ქვეყნის ერთ ადგილზე გაყინული და გაჩერებული ეკონომიკური ძრავის ასამუშავებლად, ერთადერთი, ყველაზე სწორი და მოკლე გზა არის სამართლიანი ტარიფების დაწესება საქართველოში.  ამიტომ,  ნუ დარჩებით სახლში! დაუკავშირდით თქვენს ნათესავებს! მიაკითხეთ თქვენს ახლობლებს! გამოიყენეთ ინტერნეტი! მიდით ყველა სახლში,  სადაც ჩვენებურები გეგულებათ!  ამ არჩევნებში ათიანის შემოხაზვა 1  ოქტომბერს,  ეს ყველამ უნდა იცოდეს,  ავტომატურად ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი ტარიფების დამკვიდრებასა და ქართული ენერგეტიკის ქართველი ხალხის სამსახურში ჩაყენებას! ჩვენს ერთად დგომას, ჩვენს ერთად ბრძოლას გაუმარ-ჯოს!“ - საუბრობს გიორგი თარგამაძე ერთ-ერთ კლიპში.

სიახლეა, რომ ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას „თელასის“ აქციების 75%-სა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წილის 100%-ის გამოსყიდვას სთავაზობდნენ და აცხადებდნენ, რომ ამის შემდეგ ტარიფები ავტომატურად შემცირდებოდა.

ქდმ-ს კიდევ ერთი კლიპის მესიჯი შემდეგნაირია: „ერთიანი  საქართველო  ყველა  თაობისათვის“. რეკლამის ძირითადი დრო უჭირავს მოძრაობის ლიდერის,  გიორგი თარგამაძის მიმართვას ამომრჩევლისადმი“. „ჩვენ ოპტიმისტები ვართ“, „ჩვენ გავიმარჯვებთ უიმედობასა და უპასუხისმგებლობაზე“, „ჩვენ ავაშენებთ ერთიან საქართველოს ყველა თაობისთვის“... აღნიშნული სლოგანებით ოპტიმიზმით აღსავსე ლიდერი ამომრჩეველს პირობას აძლევს, რომ შვილებს ექნებათ კარგი განათლება,  მშობლებს -  სამსახური,  პენსიონერებს კი ღირსეული სიბერე.  რეკლამა სრულდება მოწოდებით: „ღმერთმა დალოცოს საქართველო“ .

„მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“ – „ლეიბორისტული პარტია“

„მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“ - ასეთი იყოს „ლეიბორისტული პარტიის“ სლოგანი 2012 წლის საარლამენტო არჩევნებისას.

„გილოცავთ, თქვენი ჭირიმე, გავიმარჯვებთ! გავიმარჯვებთ! მდიდარს  წავართმევთ ღარიბს დავუბრუნებთ! ღმერთი არს ჩვენთან! ვიწყებთ!“ - ამბობდა ნათელაშვილი ერთ-ერთ კლამაში.

რეკლამა შედგებოდა პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სხვადასხვა გამოსვლების კოლაჟისგან. გამოსვლებში პარტიის ლიდერი ძირითადად უარყოფითად მოიხსენიებდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერსა და მის მთავარ კონკურენტ ბიძინა ივანიშვილს. რეკლამაში ჟურნალისტის  კითხვაზე - „რატომ უნდა აგირჩიოთ მოსახლეობამ თქვენ“, ნათელაშვილი პასუხობს - „იმიტომ, რომ სხვა გზა არ არსებობს“.

ლეიბორისტების ერთ-ერთი სარეკლამო რგოლი წარმოადგენდა ამონარიდს „რუსთავი 2“-თან პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ინტერვიუდან, სადაც იგი საუბრობს ბიძინა ივანიშვილზე: „ჟურნალისტი: თქვენ გინდოდათ, რომ ის [ბიძინა ივანიშვილი] პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო? ნათელაშვილი: პრემიერ-მინისტრი იმიტომ მინდოდა, რომ გამხდარიყო, რომ სააკაშვილი დამარცხებულიყო და არ გამხდარიყო პრეზიდენტი 2008 წლის იანვარში. და 2008 წლის იანვარში რომ სააკაშვილი პრეზიდენტი არ გახდებოდა, თუ ივანიშვილი გადმოვიდოდა ოპოზიციის მხარეს, ეს ისეთივე ასპროცენტიანი იყო, როგორიც ახლა მე თქვენ გიყურებთ, მაგრამ მოხდა რა?!  მან [ივანიშვილმა] დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილს; მან 45 მილიონი მისცა 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ ამ ვერაგ ადამიანს  საარჩევნო ფულის სახით! 45 მილიონი! მთელი მისი დაცვის მანქანები, ჭორვილას საარჩევნო უბანზე, ტრიალებდა 5 ნომრით და ამოიღეთ საარჩევნო ოქმი 80% აქვს მოგებული ჭორვილა 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ სააკაშვილს. რომ გვატყუებს, გავებუტეო“. 

აღსანიშნავია, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ რეკლამები არ გადიოდა „კავკასიაზე“ და TV9-ზე, რადგან ამ პარტიამ აღნიშნულ ტელეარხებს თავად გამოუცხადა ბოიკოტი და უარი თქვა მათ ეთერში რეკლამების გაშვებაზე.

„მოვდივართ, რომ გემსახუროთ“ -  მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“

გარდა, ზემოხსენებული პარტიებისა,  ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით ასევე გადიოდა მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ პოლიტიკური რეკლამა, რომელიც თავის მხრივ, არანაირ საარჩევნო დაპირებას არ შეიცავდა და ამომრჩეველს მოხიბვლას მხოლოდ შემდეგი ტექსტით ცდილობდა: „როდესაც თქვენთვის კარგად ნაცნობმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ამოწურეს თავიანთი თავი, როდესაც ქვეყანაში სამართლიანობის დეფიციტია, თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ ორზე მეტი პოლიტიკური ძალიდან უნდა მოხდეს არჩევანი, დროა მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება, შემოხაზე 9 სამართლიანი საქართველოსთვის“.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებმა  აჩვენა, რომ თბილისში მოსახლეობის 80% ახალი ამბების მოსასმენად პირველად ტელევიზორს რთავს. დედაქალაქის გარეთ მოსახლეობის 92% მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ ტელევიზიას ასახელებს, შესაბამისად უდავოა, რომ აღნიშნულმა რეკლამებმა მიმდინარე მოვლენების გაშუქებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2012 წლის „სატელევიზიო მაუწყებლების ანალიზში“  ნათქვამია, რომ 2012 წლის პირველ 4 თვეში „იმედის“ და „რუსთავი 2–ის“ ანგარიშგებაში ასახული შემოსავლები 2011 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა. შედარებით მცირე არხებმა, მათ შორის „მაესტრომ“, „კავკასიამ“, 25–ე არხმა 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. რისი წყაროც ძირითადად „ქართული ოცნების“ სარეკლამო ხარჯები იყო.

     
ამ ბლოგის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები