კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დემოკრატიის ტესტი“ - საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება

10 ოქტომბერი, 2012

ელენე ჭუმბურიძე, http://humanrightshouse.org 

1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის დამოუკიდებლობის ოცწლიან ისტორიაში ეს იყო პირველი არჩევნები, სადაც ოპოზიციამ ხელისუფლებისგან ძალაუფლება არჩევნების გზით მიიღო: ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება - 54.85%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 40.43%. მანამდე საქართველოში ხელისუფლება შეიარაღებული გადატრიალების გზით ან რევოლუციის გზით იცვლებოდა.

წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებამ ოპოზიციური გაერთიანების, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მრავალ რეპრესიულ და ძალადობრივ საშუალებას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიანთ ანგარიშებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უამრავი ფაქტი დააფიქსირეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის პირველ შუალედურ ანგარიშში ასევე საუბარია ხელისუფლების მიერ სპეციალურად არჩევნების წინ მიღებულ საკანონმდებლო ბაზაზე, რითაც ოპოზიციას ხელოვნური ბარიერები შეექმნა. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ მმართველ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას დამაჯერებლად მოუგო როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ არჩევნებში.

1 ოქტომბერს საქართველო რეგიონებში არჩევნების პროცესი განსხვავებულ ვითარებაში ჩატარდა. არსებობდა როგორც მშვიდი, ისე ხმაურიანი და პრობლემატური საარჩევნო უბნები. ადგილობრივი დამკვირვებლების ინფორმაციით, ყველაზე მეტი დარღვევა იმ რეგიონებში დაფიქსირდა, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ეს რეგიონებია: საგარეჯო, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ბოლნისი... ამ რეგიონების საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ე.წ. სომხური კარუსელი, მარკირების გარეშე ამომრჩევლის დაშვება, კაბინაში რამდენიმე ამომრჩევლის ერთად შესვლა, ბიულეტენების ნაკლებობა, ზეწოლა დამკვირვებლებსა და მედიაზე, აგრესია საარჩევნო და საოლქო კომისიის წევრებისგან, აგიტაცია საარჩევნო ადმინისტრაციისგან და სხვა.

ერთ-ერთი ყველზე დაძაბული საარჩევნო პროცესი დაფიქსირდა ხაშურში. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ რეგიონში სპეცრაზმმა მხუთავი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა ოპოზიციური გაერთიანების მომხრეთა დასაშლელად, მას შემდეგ, რაც უბნიდან  საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. მოსახლეობის ინფორმაციით, ხაშურის საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნება“ უპირობოდ ლიდერობდა და სპეცრაზმის გამოყენებით ძალადობრივი პროვოკაციის მოწყობა ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა, სადაც კი ადგილი ჰქონდა მძიმე დარღვევებს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემატური უბანი დაფიქსირდა გარდაბანში, სადაც, სხვა რიგ დარღვევებთან ერთად, კომისიის წევრები პირდაპირ აგიტაციას უწევდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას. ჯერჯერობით ადამიანის უფლებათა ცენტრის არც ერთი საჩივარი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებული არ არის.

ე.წ. სომხური კარუსელი ისეთ უბნებშიც შეიმჩნეოდა, სადაც საარჩევნო პროცესი საეჭვოდ მშვიდ გარემოში ტარდებოდა. ამ ეჭვის საფუძველს ის იძლევა, რომ ამომრჩეველთა და ბიულეტენთა რაოდენობა ბოლოს ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნებისა და კენჭისყრის პროცესში მრავალი დარღვევა დაფიქსირდა, რაც გავლენას ახდენს არჩევნების საბოლოო შედეგზე. საქართველოს ახალგაზრა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევა იყო ის, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს სიაში საკუთარი სახელისა და გვარის გასწვრივ ხელმოწერა ხვდებოდა. შესაბამისად, არის ეჭვი, რომ კენჭისყრაში კონკრეტული არმომრჩევლის ნაცვლად ყალბი პირადობის მოწმობით სხვა პირები მონაწილეობდნენ.

„მრავალეროვანი საქართველო“ სისტემური ხასიათის დარღვევებზე საუბრობს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის, ალექსანდრა კალატოზიშვილის თმით, კენჭისყრის კაბინაში ერთდროულად რამდენიმე ამომრჩეველი შედიოდა. ასეთი რამ დაშვებულია, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველს დახმარება სჭირდება. თუმცა, ამ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობის არანაირი ფიზიკური ნიშანი არ ეტყობოდათ.

დარღვევების დიდი ნაწილი დამკვირვებლებს შეეხოთ. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია დამკვირვებლების მიმართ აგრესიის შესახებ ამახვილებს ყურადღებას.

1 ოქტომბრის არჩევნებს 61 საერთაშორისო ორგანიზაცია უწევდა მონიტორინგს. არჩევნების პროცესის დასაკვირვებლად ქვეყანას ეუთოს, ნატოს, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დელეგაციები ეწვივნენ. მათი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და სანდო იყო. საერთაშორისო დამკვირვებლები ასევე დასძენენ, რომ ეს არჩევნები ქვეყნის მიერ „დემოკრატიის ჩაბარებული ტესტია“.

ნატოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის ასენ აგოვის თქმით, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის სურვილი და სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელმა არჩევნებზე, გრძელვადიანი სადამკვირვებლო  მისიის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვულჩანოვმა კი შენიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, მიუხედავად მასში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებისა, კვლავაც დასახვეწია და ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის წინასწარი დასკვნის მიხედვით, არჩევნებზე არ ყოფილა სისტემური ხასიათის დარღვევები. დავიდ დრაიერი - IRI-ის ხელმძღვანელი ამბობს: „მე ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ადამიანებმა, ისე მთლიანად ქართველმა ხალხმა გააცნობიეროს, რომ კამპანია უკვე წარსულს ჩაბარდა; ახლა მნიშვნელოვანია, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა, გაერთიანდნენ და ერთად იზრუნონ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და ყველა სხვა გამოწვევისთვის, რაც გარშემო არსებობს“.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა, მაგრამ ამ გზას არ მიმართავენ და ახალ საპარლამენტო უმრავლესობას არ შეუშლიან ხელს, დააკომპლექტოს მთავრობა ისე, როგორც თვითონ გეგმავენ.

ცესკოს უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში პროპორციული მანდატები ასე ნაწილდება: ქართული ოცნება (54,85%) - 44 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა (40,43%) - 33 მანდატი. მაჟორიტარული მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 39 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა - 34 მანდატი. სურათი უმნიშვნელოდ შეიძლება შეიცვალოს, თუკი სასამართლო გააუქმებს არჩევნების შედეგებს ზოგიერთ საარჩევნო ოლქში, რაზეც სასამართლოში სარჩელებია შეტანილი.

ორიგინალი

ახალი ამბები