კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთის პორტის გენერალური დირექტორი გაფიცულ მუშებს სამსახურიდან ათავისუფლებს

10 ოქტომბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

10 ოქტომბერს ფოთის პორტის სარეზერვო ბრიგადის გაფიცულ თანამშრომლებს ნავსადგურის გენერალური დირექტორის, ჯოზეფ ქროულის მიერ ხელმოწერილი წერილი დაურიგდათ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე ადამიანი.

წერილში ასევე მითითებულია, რომ თუ გაფიცული მუშები დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, მათ წინააღმდეგ გატარებული იქნება კანონით განსაზღვრული ზომები, მათ შორის ფინანსური სანქციები.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნავსადგურის მრავალმიზნობრივ ტერმინალებზე სამუშაოების წარმოებისას, ადგილი ქონდა მომუშავე პერსონალის მიერ თვითნებურად სამუშაო ადგილის მიტოვებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტებს. ჩვენი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი ამგვარი მოქმედება აფერხებს სამუშაო პროცესს და უდიდეს მატერიალურ ზიანს აყენებს კომპანიას. ანალოგიური დარღვევის გამო ჩვენს მიერ უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე თანამშრომელი. გთხოვთ, მიიღოთ წინამდებარე წერილი, როგორც გაფრთხილება თითოეული თანამშრომლისთვის, რათა ისინი შეუდგნენ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას მათთვის განსაზღვრულ ცვლებში და შემდგომში არ მოხდეს ანალოგიური ფაქტების განმეორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კომპანია კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს სამსახურეობრივი მოვალეობის დამრღვევი პირების მიმართ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების ანაზღაურების ჩათვლით“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერაციების უფროსმა ჩარლზ კუურსტრამ გაავცრცელა.

წერილში, ასევე მითითებულია, რომ კომპანია მზად არის, განიხილოს ნებისმიერი საკითხი ბიზნეს-ეთიკისა და პროფესიული ნორმების დაცვით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი არ გამოიწვევს სამუშაოს შეფერხებას.

ფოთის პორტის მე-14 ნავმისადგომის 4 სარეზერვო ბრიგადის 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე ამ დრომდე გაფიცულია.  მათი განცხადებით, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ, ვიდრე კონტაქტზე არ გამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.

გაფიცულთა მოთხოვნებია: სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება და ხელშეკრულებების გაფორმება. „ნავმისადგომის მუშაობა შეჩერებულია. ორი დღეა, უკვე არავინ არ გამოგვეხმაურა ხელმძღვანელობიდან. აქციას გავაგრძელებთ, ვიდრე არ დაგველაპარაკებიან“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ერთ-ერთმა გაფიცულმა ავთანდილ თუნთიამ.

გაფიცულებს 9 ოქტომბერს ღამით შეუერთდნენ სხვა ნავმისადგომების მეამწეებიც, მთლიანობაში გაფიცულია 45 ადამიანი, რამაც პორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. გაფიცულთა ინფორმაციით, აღნიშნულის გამო რამდენიმე მათგანი სამსახურიდან უკვე დაითხოვეს.

„სათითაოდ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გაგვათავისუფლეს. იმასაც ამბობენ, რომ სიტუაციის დალაგების შემთხვევაშიც კი, ამ 45 ადამიანიდან 4 ადამიანს, ვინც ჩვენს უფლებებზე ხმა ამოვიღეთ, არ დაგვაბრუნებენ სამსახურებში“, - აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი, პაატა მირცხულავა.

ამასთან, ორი დღის წინ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულმა განაცხადა, რომ გაფიცულები არ არიან პორტის ძირითადი თანამშრომლები და თავიანთ საქმიანობას პორტის საჭიროების მიხედვით ახორციელებენ. მისივე განცხადებით, ისინი, როგორც დაქირავებული მუშახელი, ქართულ ბაზარზე არსებული ანაზღაურების მაქსიმუმს იღებენ. ქროულიმ, საკითხის შესწავლასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა.

ახალი ამბები