კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით კეზერაშვილმა „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ წილები გაყიდა

10 ოქტომბერი, 2012

ნატა ძველიშვილი, media.ge

ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანია შპს „მედია ჯორჯიამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტიანი წილი, რომელიც მან 4 ოქტომბერს იყიდა, 5 დღის შემდეგ ბიზნესმენ გიორგი ყარამანიშვილს მიჰყიდა. მანვე იყიდა „ჯორჯიან მედია კომპანიის“ კუთვნილი 50 პროცენტიანი წილი ტელეკომპანია „მზეში“. ეს ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 9 ოქტომბრით თარიღდება.

ქართული მედიის ცნობით, გიორგი (გია) ყარამანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. ისინი კიევში სწავლის დროს ჯგუფელები იყვნენ. მასზე პრეზიდენტმა 2005 წელს, საჯარო გამოსვლისას ისაუბრა, როდესაც აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

„ჩემს მეგობარს, გია ყარამანიშვილს წინაპრების მიერ აშენებული ოთხი სახლი ჰქონდა გაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში და ოჩამჩირეში. როდესაც გია ყარამანიშვილს დაუბრუნებენ ამ ოთხ სახლს და მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მაშინ შეიძლება ეს არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად”, – განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი ბიზნესმენი გიორგი ყარამანიშვილი კიევში რესტორან „ალაზანს“ ფლობს. საქართველოს მთავრობის ოფიციალური საიტის ცნობით კი, ყარამანიშვილი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით შექმნილ მრჩეველთა საბჭოშიც შედიოდა, რომლის წევრებიც მის გარდა მინისტრები და თბილისის მერი, გიგი უგულავაც იყვნენ.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ყარამანიშვილმა „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტი ნახევარ მილიონ დოლარად,  „მზის“ 40 პროცენტი კი 250 ათას დოლარად იყიდა.

აღნიშნული წილი 5 დღის წინ კეზერაშვილის კომპანიებს ამავე ფასად მიაყიდა ლევან ყარამანიშვილმა, რომელსაც მანამდე ამ ორი ტელეკომპანიის 90 პროცენტი ეკუთვნოდა. „ნეტგაზეთის“ ცნობით, ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი ახლო ნათესავები არიან.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო წილის ცვლილება ჯერ არ დარეგისტრირებულა. კერძოდ, „სარეგისტრაციოდ არ არის წარმოდგენილი ლევან ყარამანიშვილის თანხმობა შპს „მედია ჯორჯია“-ს მიერ წილის გიორგი ყარამანიშვილის სახელზე გასხვისებასთან დაკავშირებით“.

ამჟამად „მზისა“ და „რუსთავი 2“-ის 50 პროცენტი კვლავ ლევან ყარამანიშვილის მფლობელობაშია, 40 პროცენტი  გიორგი ყარამანიშვილს, 10 პროცენტი კი გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის. ტელეკომპანიებში წილების ცვლილება არ ასახულა კომპანიის შესაბამისობის დეკლარაციაშიც, რისი ვალდებულებაც მფლობელებს კანონით ეკისრებათ. 

გიორგი ყარამანიშვილი ცნობილი ბიზნესმენის, რეზო შარანგიას ნათესავია. მისი და ნატა ყარამანიშვილი შარანგიას მეუღლეა. თავის მხრივ, ბიზნესპარტნიორები არიან ლევან ყარამანიშვილი და რეზო შარანგია. ისინი საკომუნიკაციო კომპანია „ბილაინის“ (შპს „მობიტელი“) მფლობელი ოფშორული კომპანიების Watertrail Industries, Delgado Resources და Investico Alliance-ის წარმომადგენლები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან. ლევან ყარამანიშვილის მამა კონსტანტინე ყარამანიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებშიც ფიქსირდება, მან ამ პოლიტიკურ სუბიექტს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 2 ათასი ლარი შესწირა.

ინტერპრესნიუსის ფოტო

ახალი ამბები