კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრისა და ხმების დათვლის თაობაზე

5 ოქტომბერი, 2012

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის 100 მონიტორი აკვირდებოდა საქართველოს რამდენიმე რეგიონის 23 ოლქში არსებულ ასამდე საარჩევნო უბანზე. ჩვენმა დამკვირვებლებმა სხვადასხვა უბანზე 70 დარღვევაზე მეტი დააფიქსირეს და შეადგინეს შესაბამისი საჩივრები.

განსაკუთრებული დარღვევები დაფიქსირდა საგარეჯოს, გარდაბნისა და მარნეულის იმ უბნებში, რომლებიც, ძირითადად, დასახლებულია ეთნიკური აზერბაიჯანელებით. ამ უბნებში სისტემატიურად ირღვეოდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. კერძოდ - საარჩევნო კაბინებში შედიოდა ერთზე მეტი ამომრჩეველი და ხშირი იყო შემთხვევები, როცა ამომრჩევლები ხმამაღლა მოუწოდებდნენ ერთმანეთს, შემოეხაზათ საარჩევნო სუბიექტის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნომერი (ხუთიანი). ამგვარ აგიტაციაში ხშირად ჩართული იყვნენ, ასევე, საარჩევნო კომისიის წევრები.

მაგალითად, გარდაბნის 21-ე საარჩევნო ოლქის 49-ე უბანზე, უბნის კომისიის თავმჯდომარე აქტიურად ეწეოდა აგიტაციას და თითქმის ყოველ ამომრჩეველს მოუწოდებდა, შემოეხაზა 5 ნომერი. გარდა ამისა, აბსოლუტურად დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა, კერძოდ - კაბინებიდან გამოსული ამომრჩევლები ღიად აფიქსირებდნენ, თუ რომელ სუბიექტს მისცეს ხმა. ამასთან, ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო კაბინებში შედიოდა ჯგუფურად. ამავე უბანში ადგილი ჰქონდა, მედიასა და დამკვირვებლებზე  ზეწოლის მრავალ ფაქტს. კონკრეტულად, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს, ნინო ღვედაშვილს უბანზე მყოფი გაურკვეველი სტატუსის მქონე პირები რამდენჯერმე დაემუქრნენ და აუკრძალეს დარღვევებზე რეაგირება. ამ დარღვევების გამო, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა საჩივარი და მოითხოვა უბნის კენჭისყრის შედეგების გაუქმება.

კახეთში, საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა საარჩევნო უბნებზე 50-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა. ყველაზე სკანდალური დარღვევა, პანკისის ხეობის სოფელ დუისში N5 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა კენჭისყრის შენობაში აღმოაჩინა შსს-ს ელექტრონულ მონაცემთა დახურული ბაზიდან ამოღებული 22 დოკუმენტი, სადაც ამომრჩევლის შესახებ სრული ინფორმაცია იყო მოცემული. ეს დოკუმენტაცია არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და მასზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა გელა მთივლიშვილმა, საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნული უბნის კენჭისყრის შედეგების გაუქმება მოითხოვა და საჩივარს თან დაურთო კენჭისყრის შენობაში აღმოჩენილი სია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა კახეთში, ყვარლის N15 საარჩევნო უბანზე ე.წ. „მკვდარი სულებიც“ აღმოაჩინეს. კაბალის N18 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელი აზერბაიჯანულ ენაზე „ბეშ-ბეშს“ (რაც ქართულად ხუთს ნიშნავს) გაიძახოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ აგიტაციას ეწეოდა.

ველისციხეში რძალმა არჩევნებში მონაწილეობა დედამთილის ნაცვლადაც მიიღო, კახეთის რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებმა საარჩევნო უბანში სივიწროვის გამო დაკვირვება ვერ განახორციელეს, ამასთან, ეს უბნები არ იყო პროცედურების დაცვით მოწყობილი.

დამკვირვებლების განცხადებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში ჭირდა შედგენილი საჩივრების დარეგისტრირება და მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა ჩარევის შემდეგ ხერხდებოდა მათი დარეგისტრირება. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც  დამკვირვებლებს უარს ეუბნებოდნენ საჩივრის მიღებაზე.

თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე, რომლებსაც აკვირდებოდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრი, საარჩევნო ბიულეტენები იყო არასაკმარისი, ხოლო კომისიის თავმჯდომარეები ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის პროცესის გადაღებაში. აღნიშნული, გამოწვეული იყო, ძირითადად, ცესკოს 24 სექტემბრის დადგენილების რეგულაციათა არასწორი განმარტებიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საგარეჯოს, გარდაბნის და მარნეულის, აგრეთვე, ახმეტის საარჩევნო ოლქების ზოგიერთ უბნებში კენჭისყრის პროცედურები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რის გამოც უნდა მოხდეს ამ უბნების შედეგების სერიოზული გადასინჯვა. დასახელებული უბნებია, გარდაბნის 21-ე ოლქის 49-ე (სოფელი მუღანლო) და 58-ე (სოფელი ყარაჯალა) საარჩევნო უბნები, ასევე, ახმეტის მე-18 ოლქის მე-5 უბანი (სოფელი დუისი).

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ, უბნების ნაწილში განხორციელდა ვიდეომონიტორინგი. გადაღებულ კადრებში მრავლადაა დაფიქსირებული სხვადასხვა სახის სერიოზული დარღვევები, ასევე, შესაძლებელია დამრღვევების იდენტიფიცირება. აღნიშნული მასალის საფუძველზე, ცენტრი ამზადებს დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ამ დღეებში გაიმართება.

საარჩევნო უბნების უმეტესობაში შეინიშნებოდა ტექნიკური ხარვეზები და დარღვევები. იყო უბნები, მაგალითად, ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, სადაც იმდენად ცუდი განათება იყო, რომ კაბინაში საჭირო გახდა დამატებითი განათების უზრუნველყოფა. რიგ უბნებში, ხარვეზებით მუშაობდა მარკირების შესამოწმებელი ფარნები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, კვლავ აგრძელებს მონიტორინგის მასალების მიღებასა და დამუშავებას, ასევე, აკვირდება არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გასაჩივრების პროცედურებს, რის შემდეგაც მოამზადებს შესაბამის დასკვნით ანგარიშს, რომელიც მიეწოდება ყველა დაინტერესებულ პირს და საარჩევნო სუბიექტებს.

 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
05.10.12.

ახალი ამბები