კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიგი უგულავა საკუთარ და ქალაქის უსაფრთხოებას აძლიერებს

10 ოქტომბერი, 2012

დედაქალაქის მერიამ უსაფრთხოების საკუთარი სამსახური შექმნა. „თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შესახებ“ დებულებას თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხელი უკვე მოაწერა და „საკანონმდებლო მაცნეშიც“ გამოქვეყნდა.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ამოცანაა: თბილისის მერიის ობიექტების, თბილისში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების, ასევე მერიისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ ობიექტებში არსებული ქონების დაცვა.

დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში, თავად თბილისის მერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების დაცვა მოეთხოვება.

სამსახური, ასევე, ვალდებულია, თბილისის მერიის ობიექტებში თუ მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირება მოახდინოს. მან ასევე უნდა უზრუნველყოს: თბილისის მერისათვის დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, სამსახურში შემავალი განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება, თბილისის მერიის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვა, მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამების შემუშავება, საცნობარო მასალის შეგროვება.

დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახური შედგება შვიდი განყოფილებისგან: ორგანიზაციული უზრუნველყოფის, კონტროლის, სწრაფი რეაგირების, თბილისის მერიის ობიექტების დაცვის, თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის და ასევე თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილებებისგან.

სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თბილისის მერი. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია დედაქალაქის მერის წინაშე.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ მერიამ უსაფრთხოების სამსახურის სახით ადგილობრივ დონეზე შსს-ს ალტერნატიული სტუქტურა ჩამოაყალიბა. როგორც სამუშიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თბილისში წესრიგისა და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საქალაქო ბიუჯეტში სპეციალური მუხლი არსებობს, საიდანაც ამ მიზნებისათვის გამოყოფილი თანხა შსს-კენ მიიმართება და ამ ამოცანას შინაგან საქმეთა სამინისტრო წყვეტს.

„აღნიშნული სამსახური გიგი უგულავას არ დაიცავს. მერის უსაფრთხოებაზე დაცვის სპეციალური სამსახური ზრუნავს“, - განუმარტა ჟურნალისტებს თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირაკლი აბესაძემ.

მისი თქმით, ეს მერიას საშუალებას მისცემს, უკეთესად განახორციელოს ობიქტების დაცვა და დაზოგოს თანხები, რომელიც ამ მიზნით იხარჯებოდა. როგორც აბესაძემ განაცხადა, ამ სამსახურის თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლება არ ექნებათ.

 
ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები