კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასრულდება თუ არა ლანჩხუთის სოფლებში დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები

12 ოქტომბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გზების მოხრეშვა დაიწყო. გზებზე ჯერ ხრეში დაიყარა და შემდეგ გასწორდა. თუმცა, გაფუჭებულ გზებს ამ საქმემ ვერ უშველა, რადგან ხრეში წვიმამ ჩარეცხა და სოფლელებს კვლავ ატალახებული გზები დარჩათ.

ამ ყოველივეს კიდევ ერთი პრობლემა დაერთო - რამდენიმე სოფელში ხრეში გზებზე გასწორებული არაა. მაგალითად, სოფელ ჭანჭათში არჩევნებს ხრეშის ბარიერებით შეხვდნენ. ჭანჭათი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის, სადაც ნაციონალური მოძრაობა და მისი კანდიდატი გია გოგუაძე „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით დაამარცხა.

ჭანჭათელები ამბობენ, რომ სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, სოსო ბარამიძე უარს აცხადებს გზის მოსასწორებელი სამუშაოების დასრულებაზე.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი, ვახტანგ ზენაიშვილი ჩვენთან საუბარში ამ ფაქტს საბოტაჟად აფასებს: „ჯერჯერობით მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარების პროცესი. ძველი ხელისუფლება უფლებამოსილია და ვალდებულია, დაასრულოს დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ხოლო რაც ავი და ბოროტი ჰქონდათ ჩაფიქრებული, იმას ნუღარ გააკეთებენ. ვფიქრობ, შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. სხვა შემთხვევაში, მათი ქცევა განიხილება საბოტაჟად და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. დაველოდებით ორ–სამ დღეს, მეტს არა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“.

Humanrights.ge დაუკავშირდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რევაზ ჩიტიძეს და აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სთხოვა.

- ბატონო რეზო, ლანჩხუთის რამდენიმე სოფელში გზების მოხრეშვის სამუშაოები არ დასრულებულა. ზოგიერთი რწმუნებული თანასოფლელებს ეუბნება, ახალმა ხელისუფლებამ მოგიხრეშოთ ეს გზაო. რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით?

- ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით დაწყებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო აუცილებლად გაგრძელდება. ნებისმიერ პროექტი, რომელიც ჩვენს მიერაა დაწყებული, გაგრძელდება და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. გზების მოხრეშვის სამუშაოები მხოლოდ რამდენიმეგანაა დაუსრულებელი. ასევე დაუსრულებელია მამათის ხიდი. თუმცა, ხელშეკრულებებში განსაზღვრულია ამ სამუშაოების დასრულების ვადები და ასეც მოხდება.

- მაგალითად, ჭანჭათში ხალხი ამბობს, რომ აკეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მათ უთხრა - ხრეშს გზებზე მე არ გაგისწორებთ, ახალმა ხელისუფლებამ გაასწოროსო...

- ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. არ იქნება ეს რეალობა.

- ჭანჭათში გზის მოხრეშვა დასრულებულია?

- ჩვენს მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ჯერჯერობით დაუსრულებელია. თუმცა, შეფერხება არ იქნება და დასრულდება განსაზღვრულ ვადებში.

ახალი ამბები