კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნება“ მარტვილის ყველა საარჩევნო უბანზე ხმების თავიდან დათვლას მოითხოვს

12 ოქტომბერი, 2012

ინგა გვასალია, სამეგრელო

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მარტვილში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გადასასინჯია და საარჩევნო უბნების შედეგები უნდა გაბათილდეს. აქტივისტების მტკიცებით, კოალიციისა და მისი მაჟორიტარი კანდიდატის, მურთაზ ხურცილავას დამარცხება არჩევნების გაყალბებამ განაპირობა.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე კოალიციამ ყველა საარჩევნო უბნის ხელახალი გადათვლა მოითხოვა, რაც კომისიის წევრების გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

ერთ-ერთი საჩივარი ეხებოდა # 19 საარჩევნო უბნის გადათვლას. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, #19 უბნის შედეგები გახსნეს და ხელმეორედ გადათვალეს. გადათვლის შედეგად რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. ამავე დროს, ბიულეტენების რაოდენობა საჭიროზე მეტი აღმოჩნდა - 602-ის ნაცვლად 607 ბიულეტენი დაფიქსირდა. იმის გამო აღნიშნულ უბანზე შედეგები გაბათილდა. ამ ფაქტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, გიორგი ყურუას აღშფოთება გამოიწვია.

„მოვითხოვთ ყველა უბნის გადათვლას. გახსენით ყველა საარჩევნო ჟურნალი და დადგინდება სიმართლე! მარტვილში რომ არჩევნები გაყალბებულია, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ პროპორციულ სიაში 805 ხმა გაბათილებულია, რაც შეუძლებელად მიმაჩნია. არჩევნების პერიოდში რამდენიმე საჩივარი დაიწერა უბნებზე და არავის რეაგირება არ მოუხდენია. ხომ ხედავთ, რომ მარტვილში ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია. რისი გეშინიათ?! გახსენით შედეგები და ამით განვმუხტოთ სიტუაცია. სასამართლო მაინც გაგახსნევინებთ. რად გინდათ ეს ინსტანციები, არ ჯობია თავად გახსნათ და გადავთვალოთ?!“ - მიმართა გიორგი ყურუამ კომისიის წევრებს.

კომისიის თავჯდომარემ გრიგოლ ბართიამ ყურუას მიერ მოყვანილი მაგალითები არგუმენტად არ ჩათვალა და მას რეგლამენტის დარღვევისთვის, სხდომის დატოვება მოსთხოვა: „ეს არგუმენტი არაა, ეს შენი სურვილია. თუ არ გაჩუმდები, სხდომიდან გაგაგდებ. უბნების გადათვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან უბნებიდან არანაირი საჩივარი არ შემოსულა“.

საპირისპიროს ამტკიცებდა „ზვიად გამსახურდია - თავისუფალი გზის“ წარმომადგენელი ირაკლი ჯამბურია: „რამდენიმე უბანზე და მათ შორის - ჭყონში თავა შევესწარი, რომ მდივანმა არ გაატარა საჩივარი. რატომ არ ხსნით შედეგებს? ეს უფრო იძლევა ეჭვის საბაბს. გავხსნათ და დავინახავთ სიმართლეს და რეალობას“.   

სხდომის მიმდინარეობისას განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ზაზა გოროზიას რძალი ოლგა შურკანოვა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს წარმომადგენელი გახლდათ. შურკანოვა თავმჯდომარის ნაცვლად აგრესიულად პასუხობდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.  

#19 საარჩევნო უბანზე შედეგების გაბათილებამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კიდევ უფრო გაუზარდა ყველა უბნის გადათვლის სურვილი. თუმცა, კოალიციის მოთხოვნა საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა. ამიტომ „ქართული ოცნება“ ბრძოლის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავს.

ახალი ამბები