ხონის რაიონის სასამართლოში წაგებული პროცესის შემდეგ 12 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ სარჩელი არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ სანოძე 55-ე ოლქის სადავო მე-8 და მე-10 უბნების შემაჯამებელი ოქმები ბათილად ცნობას ითხოვდა.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია შეითავსა და ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მიიღო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ადვოკატმა რობიზონ ხურცილავამ humanrights.ge-სთან საუბრისას, „გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩაწერა, რომ მხარეს პროცესის დაწყებამდე სრული უფლება-მოსილება აქვს, იმყოფებოდეს მოსამართლის კაბინეტში და კონსულტაციებს გადიოდეს. მეტიც, ამ სასამართლო პროცესზე აღმოჩნდა, რომ საქმეში ყოფილა განკარგულება ხონის 55-ე საოლქო კომისიის მიერ გამოტანილი, რომელიც დღევანდელი რიცხვით - 12 ოქტომბრით თარიღდება“.
ხონის 55-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ია კუჭუხიძის თქმით, სასამართლომ იმიტომ გამოიტანა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი საფუძველს მოკლებული იყო.
მარი ტაბიძე, ხონი