კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღსასრულებელი მართლმსაჯულება

16 ოქტომბერი, 2012

ზურაბ ვარდიაშვილი, „ლიბერალი“

მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე. მეგის ქარდავას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელს უწოდებენ - ექსმინიტრი ყოველთვის ცდილობდა, ქარდავა გვერდით ჰყოლოდა. 2006 წელს, როდესაც ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ქარდავა N7 საპყრობილის დირექტორი იყო. 2007 წელს ის უკვე სამეგრელო-ზემო სვანეთის შსს-ს სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ამავე პერიოდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორად ბაჩო ახალაიას მამა, როლანდ ახალაია მუშაობდა. როდესაც ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, ქარდავა სამხედრო პოლიციის უფროსად დაინიშნა, ის ახალაიას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც თან გაჰყვა.
 
შსს მინისტრის პოსტიდან ბაჩო ახალაიას გადადგომის შემდეგ მეგის ქადავა ზუგდიდში დაბრუნდა. კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერისა და მაჟორიტარი კანდიდატის, ირაკლი ალასანიას თქმით, ის როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბს არაოფიციალურად ხელმძღვანელობს. ყოფილი მინისტრის მამა, საპარლამენტო არჩევნეში  ალასანიას კონკურენტია.
 
მეგის ქარდავა სახალხო დაცველის ანგარიშებში რამდენჯერმე მოხვდა. 2008 წლის მოხსენებაში ვკითხულობთ: „კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ადამიანთა წამება,  წამების საქმეების  არაეფექტური გამოძიება, ან გამოძიებაზე საერთოდ უარის თქმა. გამოძიებას დღემდე არაფერი გაუკეთებია  2008  წლის იანვარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ექიმ გოჩა ეხვაიას წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.  კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გოჩა ეხვაიას წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მისი მოადგილე მეგის ქარდავა“.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელშიც მეგის ქარდავას სახელი ფიგურირებს, მალხაზ არქანიას საქმეა.

პატიმარ არქანიას მონაყოლის მიხედვით, 2011 წლის 19 მაისს N8 საპყრობილეში გადაიყვანეს. „მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც მეგის ქარდავა დამხვდა, მან მითხრა, რომ ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით აღიარებითი ჩვენება დამეწერა. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან  უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში. ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი”.

არქანიას თქმით, მან  ჩვენება დაწერა, თუმცა ქარდავას არ მოეწონა და აიძულა ფურცელი შეეჭამა.

ქარდავას სახელი დაზვერვის პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის გარდაცვალების ამბავსაც უკავშირდება. თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს საკუთარ სახლში დააკავეს, 24 სექტემბერს კი, ოჯახს შეატყობინეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკიძე, რომელმაც ციხიდან წამების ამსახველი ვიდეოები გამოიტანა,  თეთრაძის მკვლელობაში ბრალს ქარდავას სდებს და ამტკიცებს, რომ მისი ყოფილი პოლკოვნიკი წამებით მოკლეს.

ბედუკიძე თეთრაძის წამებაში ქარდავასთან ერთად, ალექსანდრე მუხაძესაც ადანაშაულებს.

ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებას ხელმძღვანელობდა. პროფესიით ექიმი მუხაძე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში 2006 წელს, ბაჩო ახალაიასთან ერთად მივიდა.

26 სექტემბერს N8 დაწესებულების პატიმარმა ოლეგ რამიშვილმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წერილი მისწერა. რამიშვილი, მისივე განცხადების მიხედვით, ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა. სექტემბრის შუა რიცხვებში, საღამოს თერთმეტის ნახევარზე, ალექსანდრე მუხაძემ მას დაავალა, რომ სერგო თეთრაძისგან გაეგო, ვისთან თანამშრომლობდა და ვის აწვდიდა ინფორმაციას.

პატიმრის განცხადებით ის დატოვეს საკანში, სადაც ერთ საათში „დამუშავების“ შემდეგ თეთრაძე მასთან უნდა შეეყვანათ. როგორც რამიშვილი წერს, ამ საკნიდან საკარანტინო ოთახები კარგად ჩანდა და ყველაფერი თავის თვალით დაინახა: „მე დავინახე როგორ შევიდნენ თეთრაძესთან ოლეგ ფაცაცია და ალეკო მუხაძე. ფაცაციას ხელში ხელკეტი ეჭირა, საკანში შესვლისთანავე, მე გავიგონე გინება, რასაც მოჰყვა თეთრაძეზე ფიზიკური ზემოქმედება. ოლეგ ფაცაცია გამეტებით ურტყამდა ხელკეტს, ხოლო ალეკო მუხაძე მუშტებს, და როცა დაეცემოდა წიხლებს. ეს გრძელდებოდა 15-20 წუთი“.

პატიმრის მონათხრობის მიხედვით ცემის დროს თეთრაძე დაეცა, და აღარ წამომდგარა. შემდეგ ის საკაცეზე დააწვინეს და გაიყვანეს. მუხაძემ მეორე დღეს შეატყობინა, რომ თეთრაძეს გული ცუდად გაუხდა და გარდაიცვალა, “მე მივხდი, რომ ის მოკლეს” - წერს პატიმარი.
 
დავით ჭაკუა. პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოების გავრცელების შემდეგ, მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ვიდრე გადადგებოდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ჭაკუა 2006 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო, ამავე წელს დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გადაიყვანეს. 2007-2008 ამავე დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილეა, 2009 წლიდან კი - თავმჯდომარე.

ვლადიმერ ბედუკიძის ინფორმაცით, ჭაკუა ბაჩო ახალაიას კადრია. ის პარტიისადმი ერთგულებითაც გამოირჩევა - მან „ნაციონალურ მოძრაობას“ 9 300 ლარი შესწირა. თუმცა, მმართველი პარტიის სპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ჭაკუას ეს თანხა უკან დაუბრუნეს. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ღირსების ორდენის მფლობელიცაა.

24 სექტემბერს პრევენციის ჯგუფმა რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრები მოინახულა.  მსჯავლდებულები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას დასჯასაც ითხოვენ.
 
ვაჟა ცხვედიანი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების დირექტორი იყო. პატიმრები წამებაში მასაც სდებენ ბრალს. ყოფილი პატიმრის ალექსანდრე უსოევის თქმით, 2010 წლის ივლისში რეჟიმის უფროსმა ალექსანდრე თოლორდავამ, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ავსაჯანიშვილმა და ვაჟა ცხვედიანმა  ჯგუფურად სცემეს, რის შედეგადაც ნაწლავი გაუსკდა, ის ამბობს, რომ დავით ჭაკუას ბრძანებით აწამებდნენ. უსოევი იხსენებს, რომ 2010-ში, როდესაც რეანიმაციაში იწვა, პერიტონიტით დაავადებული ადამიანი მოიყვანეს, რომელსაც ნაწლავი ჰქონდა გახვრეტილი: „მას აღიარებითი ჩვენება არ ჰქონდა დაწერილი. პირადად ერბეს დირექტორი, ვაჟა ცხვედიანი ამოვიდა და ქირურგს უთხრა, თუ ოპერაციას გააკეთებ, სამსახურიდან წადიო. საათნახევარში იმ კაცმა სული დალია“.

„ვაჟა ცხვედიანი დუბინკას მირტყამდა, მოიყვანეს ჩემს სახმარად „სომეხა“ ათწლიან სროკზეა, აბსლუგაზეა, კამერით იღებდა ამას უსაფრთხოების უფროსი 24 წლის ანჯაფარიძე. გულყრა დამემართა და ამან გადამარჩინა“, - ეს არის 2011 წლის 29 დეკემბრის ამონაწერი პატიმრის ახსნა განმარტებიდან. ის ახლაც N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება და ეპილეფსიითაა დაავადებული.
 
გიორგი ავსაჯანიშვილი. ადვოკატების მონათხრობში, სახალხო დამცველის ანგარიშებში, პატიმრების ახსნა-განმარტებებში, თუ ციხიდან გამოგზავნილ წერილებში, განსაკუთრებით ხსირად მოიხსენიება გლდანის ციხის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გიორგი ავსაჯანიშვილის სახელი.

პატიმარი გიორგი ოქროპირიძე ექიმთან შეხვედრას ითხოვდა, როდესაც მისი მონათხრობის მიხედვით, ბეტონის იატაკზე დააგდეს და რამდენიმე ადამიანმა ცემა დაუწყო, „სახეში მირტყამდნენ გაშლილ ხელს, პერიოდულად მასხამდნენ ცივ წყალს, ვედროებით დასამცირებლად, ამ დროს შემოვარდა გიორგი ავსაჯანიშვილი, რომელმაც დაიწყო ყვირილი და გინება, დაიწყო ქამრის გახსნა, და მუქარა, რომ უნდა გავეუპატიურებინე, მე ვეუბნებოდი, არ გრცხვენიათ, რას აკეთებთ, ვკვდები, ექიმი მჭირდება-მეთქი. რაზეც ავსაჯანიშვილი მოტრიალდა და თქვა, ამას არაფერი უშველისო და კვლავ გაუპატიურებით დამემუქრა,  ის სხვა თანაშრომლებმა გაიყვანეს, ამის შემდეგ დამაგდეს სველ იატაკზე, მუცლით, სადაც 30-40 წუთი ვიმყოფებოდი“.

სახალხო დამცველის თანამშრომლებთან საუბრისას მსგავს შემთხვევას აღწერს, პატიმარი კახაბერ. ბ. – “მსჯავრდებულის მონათხრობით, 2011 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, N17 დაწესებულებიდან თირკმლის მწვავე შეტევით, სასწრაფო წესით, გადმოიყვანეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში და მოათავსეს თ–9 საკანში. მსჯავრდებულის თქმით, 2011 წლის 28 ნოემბრის საღამოს ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, რის გამოც ითხოვდა ექიმის ნახვას. მსჯავრდებულის დაჟინებული თხოვნის საპასუხოდ N18 დაწესებულების თანამშრომლებმა იგი ჩაიყვანეს დაწესებულების მორგში და სასტიკად სცემეს. ამასთან, ერთ-ერთი თანამშრომელი, გიორგი ავსაჯანიშვილი, მას დაემუქრა გაუპატიურებით. კახაბერ ბ. აღნიშავდა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ იგი დაახლოებით 30–40 წუთის მანძილზე ხელებზე ბორკილდადებული მუცლით იწვა მორგის იატაკზე“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში.

მოგვიანებით პატიმარს ავსაჯანიშვილმა მუქარითა და გინებით დააწერინა, რომ დაზიანებები, რომლებიც მსჯავრდებულს აღენიშნებოდა, მან თავად მიიყენა და რომ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩამოთვლილი პირების მიმართ დღემდე გამოძიება არ დაწყებულა. პრეზიდენტისა და სასჯელაღსრულების მინისტრის ინიციატივით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეიწავლის. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კომისია დამოუკიდებელი იურისტებისა და ფსიქოლოგებისგან უნდა დაკოპლექტდეს და არა პრეზიდენტისა და მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირებისგან.

ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 18 ეჭვმიტანილი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, და ციხის ორი დირექტორი.

„ეს სრულიად არასაკმარისია“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბარში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ის იხსენებს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებს “სულ თითზე ჩამოსათვლელი დეპუტატები ისმენდნენ“. მისი თქმით, სამი წელია ის სასჯელარსრულების ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს გამუდმებით აყენებდა, ხოლო შესაბამის ორგანოებს წამების ფაქტების გამოძიებისა და ადეკვატური რეაგირებისგენ მოუწოდებდა, „თუმცა მათი მხრიდან მხოლოდ დემაგოგიური პასუხები ისმოდა“.

სად იყო აქამდე პროკურატურა? ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 19 სექტემბერს იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს დაუსვა.

„მსგავსი რაღაცა ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ მასშტაბით, ამდენი ხანი?“ – განაგრძო მან.

იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს მთავარი პროკურატურა? და რატომ არ იწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, რომელთაც ხელს მრავალი პატიმარი ადებს? „ლიბერალი“ ამ კითხვებზე პასუხის მიღებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან ცდილობდა, თუმცა მის პრესსამსახურთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ახალი ამბები