ელენე ჭუმბურიძე
16 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც 10 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდის მედიამონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორები აკვირდებიან პრაიმტაიმში გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს ექვს ტელეარხზე: საზოგადოებრივ მაუწყებელზე, „იმედზე,“ „რუსთავი 2-ზე,“ „კავკასიაზე,“ „მაესტროსა“ და „მე-9 არხზე“.
ანგარიშის თანახმად, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები ყველაზე დაუბალანსებლად „რუსთავი 2-სა“ და „იმედზე“ გაშუქდა. ამ ტელეარხებზე ძირითადი სარეკლამო დრო დაეთმო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ რეკლამებს. ასევე დიდი დრო დაეთმო კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მომზადებულ ანტირეკლამებს.
კვლევის პერიოდი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ არჩევნების დღის შემდეგ პოლიტიკური რეკლამები აღარ გასულა ტელეარხებზე. პოლიტიკურმა პარტიებმა შეაჩერეს პოლიტიკური რეკლამების გაშვება დაფინანსებულ წესითაც, მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ საარჩევნო პროცესი არ დამთავრებულა - დავების განხილვა გაგრძელდა საოლქო საარცევნო კომისიებსა და ცესკოში, ასევე - სასამართლოებში. ხოლო რამდენიმე უბანზე განმეორებითი არჩევნებიც ჩატარდა.
მედიამონიტორინგის ამ პერიოდში ტელეარხებზე გავიდა რამდენიმე რეკლამა, რომლებსაც სავარაუდოდ, სოციალური რეკლამის სტატუსი აქვს. თუმცა, ამ რეკლამებში შეინიშნებოდა ფარული პოლიტიკური რეკლამის ნიშნები. მაგალითისთვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კლიპში ჩანს დაპირებები სამხედროებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ასეთი ტიპის რეკლამები ტელეარხებზე მრავლად გადიოდა მედიამონიტორინგის პირველ ეტაპზე, ვიდრე საარჩევნო სუბიექტები ეთერში პოლიტიკურ რეკლამებს განათავსებდნენ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ტელეეთერით მსგავსი რეკლამები აღარ გასულა, რაც უფრო ამყარებს ეჭვს, რომ სოციალური რეკლამების მიზანი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის საქმიანობის რეკლამირება იყო.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო ფონდის (USAID) -ის დაფინანსებული პროექტის - „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ ფარგლებში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის - (IFES) მიერ.
ანგარიშები სრული სახით იხ: 10 -23 სექტემბერი
24სექტემბერი- 7 ოქტომბერი