კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი საგადასახადო ამნისტია სატელევიზიო არხებისთვის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება

17 ოქტომბერი, 2012

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხეთაგურმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ მაუწყებლებისათვის მზადდება ახალი საგადასახადი ამნისტია.

ყველაზე მეტად ამნისტიის შედეგად ორი ეროვნული ტელეარხი ისარგებლებს. იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებიც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დროებით იყო ხელმისაწვდომი ივლისში, ირკვევა, რომ „იმედს“ გადასახადების სახით 13.9 მილიონი ლარი, ხოლო „რუსთავი 2“–ს 5.5 მილიონი ლარი დავალიანება აქვთ. დღეის მდგომარეობით უცნობია, რამდენს შეადგენს სხვა ტელეკომპანიების საგადასახადო დავალიანება.

2010 წლის ივლისში პარლამენტმა უკვე დაამტკიცა 36 მილიონიანი ამნისტია ყველა ქართული ტელეკომპანიისთვის. შემდგომ არ გამოქვეყნებულა არანაირი ინფორმაცია, თუ რომელმა ტელეარხებმა ისარგებლა ამ ამნისტიით. თუმცა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ეს ნაბიჯი „რუსთავი 2“–ის და „იმედის“ სასარგებლოდ გადაიდგა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ საგადასახადო ამნისტია არასამართლიან კონკურენტულ გარემოს ქმნის და უპირატეს მდგომარეობაში აყენებს იმ ტელევიზიებს, რომლებსაც პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ. მაუწყებლებს შეუძლიათ, გადასახადების გადახდას თავი აარიდონ, ვინაიდან ეს დავალიანება მათ მაინც „ეპატიებათ“,  მაშინ, როდესაც სხვა ტელევიზიები  კეთილსინდისიერად იხდიან ყველა გადასახადს.

რისკის ფაქტორი ახლაც არსებობს. „რუსთავი 2“–ს, „იმედს“ და სხვა რამდენიმე ტელეკომპანიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები ფლობენ. მფლობელების ბოლოდროინდელმა გადაადგილებამ ცხადყო, რომ საქართველოში სატელევიზიო სივრცე ისევ პოლიტიკურად პოლარიზებული რჩება. მომავალი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებიც ფლობენ რამდენიმე ტელეარხს და არაა გამორიცხული, ამ ტელეარხებმაც ისარგებლონ საგადასახადო ამნისტიით. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ „რუსთავი 2“–ის, „მზისა“ და რამდენიმე სხვა ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელებმა განაცხადეს, რომ ისინი აიძულეს, დაეთმოთ ტელეკომპანიები და ახლა უკან ითხოვენ მათ.

ვფიქრობთ, მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს მედიის მიმართ დამოკიდებულება და შეწყვიტოს მედიასთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რითაც გარკვეულ ტელევიზიებს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. 

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე  იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არის საშიშროება, რომ მედიასექტორი პოლიტიკური გარიგებების საგანი გახდეს. მიგვაჩნია, რომ ამ სფეროში პოლიტიკური ჩარევა ყოველთვის აფერხებდა აღნიშნული სექტორის განვითარებას საქართველოში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
15.10.12.

ორიგინალი

ახალი ამბები