20:31, Thursday, 19.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს

23.10.2012

ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაპატიმრებული ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ეთნიკური ჩეჩენი, რომელსაც ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი აქვს მიღებული, საქართველოში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ლაფანყურთან ახლოს, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს–მ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. შსს–ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი. შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია. შსს–მ 3 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 ლიკვიდირებულიდან 7–ის იდენტიფიცირება მოხდა, მათგან ორი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი 5 კი რუსეთის. ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ალდამოვი და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 6 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ აღარ ჩანდა დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი ევროპაში ახმედ ჩატაევი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, „ცალხელა ახმედა“ შსს–ს ჰყავდა დაკავებული.

8 სექტემბერს, შსს–მ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ დაკავებული ჰყავდათ ახმეტ ჩატაევი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა ჩრდილოეთ კავკასიიდან. „დაკავებული იყო დაჭრილი. მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნული იყო შსს–ს განცხადებაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 8 სექტემბერს თავად ჩაბარდა. 32 წლის ჩატაევი მომხდარის დეტალებს იხსენებს. ჩატაევი ამბობს, რომ 28 აგვისტოს, ხეობაში ჩასვლა მას შს სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა სანდრო ამირიძემ და ამავე სამმართველოსთან დაახლოებულმა პირმა ზელიმხან ხანგოშვილმა სთხოვეს. ლოპოტას ხეობაში ის თბილისიდან ჩავიდა.

„28 აგვისტოს დამირეკეს სანდრო ამირიძემ და ზელიმხან ხანგოშვილმა. მითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა ჩავსულიყავი ლოპოტას ხეობაში და მონაწილეობა უნდა მიმეღო მოლაპარაკებაში. მე ვიცოდი, რომ ჩეჩნებისა და ქისტების ჯგუფი დაღესტნის გავლით აპირებდა ჩეჩნეთში გადასვლას და ამაში მათ გარკვეულ დახმარებას უწევდნენ. ტელეფონით საუბრის დროს მითხრეს, რომ სიტუაცია შეიცვალა, ჩვენი ძმები ალყაში იყვნენ მოქცეულები. ლოპოტას ხეობაში მალევე ჩავედი. ამირიძემ მითხრა, ბიჭებმა იარაღი უნდა დაყარონ და ჩაგვბარდნენო. მე მოლაპარაკებაზე შევედი ხეობის სიღრმეში, სადაც ჩეჩნები და ქისტები იყვნენ. სულ 17 ადამიანი იყო. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი. როცა დანაბარები გადავეცი, ბიჭებმა მითხრეს, თუ არ მოგვცემენ საზღვარზე გადასვლის უფლებას, უკან დავბრუნდებით, ოღონდ თვითონ შეიარაღებულები არიან და იარაღის დაყრას ჩვენგან ნუ მოითხოვენო. გამოვედი და ამირიძეს და ხანგოშვილს ვუთხარი ეს პასუხი. მათ მითხრეს, რამდენიმე წუთი გვაცალე და პასუხს გეტყვითო. დაახლოებით 10–15 წუთი, იქვე, გორაზე ვიჯექი. მოულოდნელად მარცხენა ფეხში სნაიპერმა მესროლა. მე თან არანაირი იარაღი არ მქონდა. გადავგორდი და ქვემოთ დავეშვი, დამალვას ვცდილობდი. ტელეფონი მქონდა თან და ერთი „სნიკერსი“. ტელეფონი გავტეხე და გადავაგდე, რომ ტელეფონის საშუალებით არ მოეხერხებინათ ჩემი პოვნა. ამის შემდეგ ატყდა სროლა, რომელიც დაახლოებით 2 საათი მაინც გაგრძელდა. 10 დღის განმავლობაში ვიმალებოდი, ვეღარ დავდიოდი, ჭრილობა უფრო და უფრო რთულდებოდა, ბოლოს სიარული ვეღარ შევძელი და სასაზღვრო პუნქტთან მივედი. მესაზღვრეები მაშინვე მიხვდნენ, რომ ცალხელა ახმედა ვიყავი. ყურადღება მომაქციეს. როგორც შეეძლოთ ჭრილობა დამიმუშავეს, იმ პერიოდში სიცხეები იყო და ძალიან მქონდა გართულებული. გაკვირვებულები იყვნენ 10 დღე მშიერი, უწყლოდ, როგორ გაძელიო. ამის შემდეგ დაურეკეს ხელმძღვანელებს. მოვიდნენ, ჩამსვეს პიკაპში და პირდაპირ თბილისში ჩამიყვანეს, იქიდან კი რამდენიმე წუთში გორის ჰოსპიტალში გადამიყვანეს. გორის ჰოსპიტალში მომკვეთეს ფეხი. ეს იყო 8 სექტემბერს. 10 დღე ვიყავი ჰოსპიტალში“, – აღნიშნავს ახმედ ჩატაევი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18 სექტემბრიდან იმყოფება. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურა ჩატაევს ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ადანაშაულებს. წინასასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC