კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქობულეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი

24 ოქტომბერი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ქობულეთის შემოვლითი გზის - ე. წ. ავტობანის მშენებლობზე დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ. სამუშაოს ჩინური სამშენებლო კომპანია „სინო ჰიდროს“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

300-მდე მუშა, ორი დღეა გაფიცულია. მათ პროტესტის ეს ფორმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნისათვის აირჩიეს. აქციის მონაწილე მუშების განცხადებით, ისინი 9 საათზე მეტი ხნით მუშაობენ და მათი დღიური გასამრჯელო ოფიციალურად 14 ლარს შეადგენს. თუმცა, გაცილებით ნაკლებს იღებენ. მათ არც დასვენების დღეები აქვთ.
 
ენვერ ბერიძე, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა: „უწყისზე რომ ხელი მოვაწერე, 600 ლარი იყო მითითებული, მაგრამ ხელზე 290 მომცეს მხოლოდ. როცა ვიკითხე, რატომ ასე ცოტას მაძლევთ-მეთქი, მითხრეს, რომ თქვენს მთავრობას ჰკითხე - იმათ მიაქვთო. თანხას ხელზე გვაძლევენ“.

მამუკა სურმანიძე, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა: „დაზღვევაც კი არ გვაქვს. ვინმემ რომ რამე იტკინოს, გაუშვებენ სახლში. ერთი ჩვენგანი ხიდიდან გადმოვარდა, ნეკნები დაიზიანა, მაგრამ არანაირი მკურნალობის თანხა არ გადაუხადეს. უბრალოდ, სახლში გაუშვეს“.

რამაზ ველიაძე, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა: „რამაზ ნიკოლეიშვილი რომ ჩამოვიდა მშენებლობის მოსანახულებლად, დაგვემუქრნენ - ანაზღაურებაზე არაფერი თქვათო, არც ჭამაზე და არც ფორმებზეო. ხელშეკრულებაში კი გვიწერია, რომ ერთჯერადი ჭამა გვაქვს და შესაბამისი ფორმებიც. რეალურად კი, არაფერი გვაქვს! წვიმაში რეზინის ჩექმების გარეშე გვამუშავებენ“.

რატი ფუტკარაძე, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა: „ჭაობის წყალს გვაძლევენ. უფროსები რომ მოდიან, მაშინ გვაძლევენ ბოთლით ნორმალურ წყალს. კვებისთვის კი მხოლოდ 30 წუთი გვაქვს. ეს დროა ჩვენი შესვენებაც. არც ერთი დღე არა გვაქვს დასვენებისთვის“.

გაფიცული მუშები დაშლას არ აპირებენ. ისინი სამუშო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მუშაბის გაფიცვით არ დაინტერესებულა ჩინური კომპანიის „სინო-ჰიდროს“ ხელმძღვანელობა. როგორც მუშებმა განაცხადეს, მათთან სასაუბროდ არავინ მისულა. კომპანიის წარმომადგენლობამ კომენტარი არც ჟურნალისტებთან გააკეთეს.

მუშების აქციის მეორე დღეს, მათი პრობლემების მოსასმენად სამუშაოს ზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან ხუხუნეიშვილი და ქობულეთის გამგებელი, თენგიზ ზოიძე მივიდნენ.

ლევან ხუხუნეიშვილი, საზედამხედველო გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე: „მუშების მოთხოვნა აბსულუტურად სამართლიანია. მათ უწევთ მუშაობა კაბალურ პირობებში. ვცდილობთ, მოვიპოვოთ ხელშეკრულების ასლი. აქ დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათზე ბეჭედიც კი არ ასვია“.

თენგიზ ზოიძე, ქობულეთის გამგებელი: „სამთავრობო კომისია სწორედ მაგიტომ არის შექმნილი, რომ შეისწავლოს ყველა არსებული პრობლემა - არა მარტო ის, თუ რა პირობებში უწვეთ ამ ხალხს მუშაობა, არამედ მათთან გაფორმებული კონტრაქტებიც. ყველა ის საკითხი და მოთხოვნა, რაც გააჩნიათ აქ დასაქმებულებს, აუცილებლად შესწავლილი და განხილული იქნება“.

როგორც ქობულეთის ტერიტორიაზე მშენებარე ავტობანზე დასაქმებულები აცხადებენ, მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებას კომპანიის ბეჭედი არა აქვს. ზოგიერთს კი ხელშეკრულების მეორე ასლი საერთოდ არ გააჩნიათ.

მშენებარე გზა 12 კმ. და 400 მეტრის სიგრძისაა. მშენებლობა მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. ეს სამუშაოები 115 მილიონი ლარი ჯდება.

ახალი ამბები