კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსპერტიზის დასკვნით, 10 თვის გოგონა ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს

26 ოქტომბერი, 2012
 
ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატებმა 10 თვის ბარბარე რაფალიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი გაავრცელეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 10 თვის გოგონა ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს და მისი სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრით.

როგორც ცნობილია, 30 სექტემბერს, საღამოს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანი, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში, გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებამდე ვარაუდობდნენ, რომ გამტაცებელს ბავშვი გაეგუდა და ქვევრში ამის შემდეგ ჩააგდო.

თათია მექერიშვილი აცხადებს, რომ მკვლელობის წინა საღამოს, 29 სექტემბერს გაიგო, როგორ იმუქრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ილია, გიორგი და ზურაბ მექერიშვილები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ.

„მაღაზიიდან მოვდიოდი, სამი პიროვნება იჯდა და ლაპარაკობდნენ, მეზობელს ხელყუმბარა შეუგდეს, იმათ არ ვაკმარებთ და ეხლა ტრასის უბნელებს რა მოუვათ, ნახავთო. ილია მექერიშვილი, ზურა მექერიშვილი და გიორგი მექერიშვილი იყვნენ. ისინი კახეთის ყოფილი გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ნათესავები არიან, არჩევნების დროს ჩამოვიდნენ სოფელში“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თათია მექერიშვილმა.

ზურა მექერიშვილი და ძმები, გიორგი და ილია მექერიშვილები წარმოშობით სოფელ კოლაგიდან არიან. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ილია მექერიშვილი ჩალაუბანში, გიორგი მექერიშვილი კი თბილისში ცხოვრობს და ძალოვან უწყებაში მუშაობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გარდაცვლილი ბავშვის დედის ბრალდებებთან დაკავშირებით ილია და გიორგი მექერიშვილებთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს.

ძმები მექერიშვილები კახეთის ყოფილი გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ნათესავები არიან. ღვინიაშვილი კენჭს იყრიდა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც გაიმარჯვა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით არაერთხელ გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს ბავშვის გატაცება ღვინიაშვილის ინტერესებში შედიოდა ოპოზიციურად განწყობილი ოჯახის დაშინების მიზნით. მკვლელობის ღამეს, ანუ ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა, ამასთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმაც გააკეთა. მან გოგონას გატაცებისა და გარდაცვალების ფაქტზე გიორგი ღვინიაშვილის დაპატიმრება მოითხოვა. „მანამდე ამ ოჯახის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარის ფაქტებს, დღეს საღამოს კი ბავშვი გაიტაცეს და მოკლეს. პასუხი უნდა აგოს გიორგი ღვინიაშვილმა, რომელიც ხელს უწყობდა რაიონში ძალადობას და მისი ხელდასმით განხორციელდა ძალიან ბევრი დანაშაულებრივი ფაქტი“, – განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

გიორგი ღვინიაშვილმა ბრალდებები იმავე საღამოს უარყო.

14 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს. „გამომძიებლები კოლაგში თბილისიდანაც გაიგზავნენ. სამხარეო სამმართველო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, უკვე ჩატარდა ექსპერტიზა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა ეკა ზღულაძემ.

პოლიციას მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

23 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობამ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს 10 თვის ბარბარე რაფალიანის გარდაცვალების საქმის გამოძიების პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა. ამ მოთხოვნით ღარიბაშვილს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა მიმართა. მისი თქმით, დროულად უნდა მოხდეს საქმის გამოძიება და საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია, რა მოხდა კოლაგში. ღარიბაშვილი უმცირესობის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

ახალი ამბები