კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდები ნაკლებად ინფორმაციულია

30 ოქტომბერი, 2012

ნატა ძველიშვილი, Media.ge

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ვებ-გვერდების უმეტესობა ელექტრონული გამჭვირვალობის კუთხით ნაკლებად ინფორმაციულია მომხმარებლისთვის, ხოლო ტექნიკური გამართულობით არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ამის შესახებ ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც სასამართლო სისტემის ელექტრონულ გამჭვირვალობას იკვლევდა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდია“.

ორგანიზაციამ ანგარიში 24 ოქტომბერს გამოაქვეყნა. კვლევის პერიოდში აღმოჩნდა, რომ სასამართლო ხელისუფლების 41 ორგანოდან ოფიციალური ვებ გვერდი მხოლოდ 16-ს აქვს. ორგანიზაციამაც სწორედ ამ რაოდენობის ვებ გვერდი შეისწავლა. მათი შეფასება რამდენიმე პარამეტრის მეშვეობით მიმდინარეობდა. მკვლევრები აფასებდნენ, იყო თუ არა სასამართლო ორგანოების ვებ გვერდებზე გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაცია სასამართლოს შესახებ, მისი სტრუქტურა, საინფორმაციო რესურსები, საქმიანობის შესახებ ცნობები, სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, აგრეთვე - გამოქვეყნებული იყო თუ არა ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, ინფორმაციის გამოთხოვის ფორმა და ნიმუშები. ერთ-ერთ პარამეტრს ასევე წარმოადგნედა სასამართლოს საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების, სახელმწიფო ქონების პროვატიზები და ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ცნობები  და ფინანსური ინფორმაცია.

IDFI-ის შეფასებით, ამ კრიტერიუმების ყველაზე კარგად უზენაესი სასამართლოს ვებ გვერდი აკმაყოფილებს და ელექტრონული გამჭვირვალობის კუთხით საუკეთსო მაჩვენებელი აქვს არამხოლოდ სასამართლოების, არამედ სხვა საჯარო უწყებების ვებ გვერდებთან შედარებითაც.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სასამართლო ორგანოებს ფინანსური ხასიათის ინფორმაციის განთავსებისა და სასამართლო საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ ცნობების გამოქვეყნების კუთხით აქვთ.

როგორც სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელმა უჩა თოდუამ კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, ფინანსური ინფორმაცია სასამართლოების ვებ გვერდებზე იმიტომ არ არის დაცული, რომ მათ საკუთარი ბიუჯეტი არ გააჩნიათ და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ექვემდებარებიან. ამ უწყების საიტზე კი ბიუჯეტი გამოქვეყნებულია. უჩა თოდუას თქმით, მალე ამოქმედდება საერთო ინტერნეტპორტალი, სადაც სასამართლოების შესახებ ინფორმაცია მოიყრის თავს და არსებული ხარვეზები გამოსწორდება.

კვლევის თანახმად, ისეთი ინფორმაციული პარამეტრები, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის რეესტრი და მოქალაქეთა განცხადების მონაცემთა ბაზა, დღესდღეობით არც ერთი სასამართლოს ვებ გვერდზე არ მოიძებნება. აგრეთვე, საგრძნობი პრობლემატიკა შეიმჩნევა ამ უწყებების მიერ სტატისტიკური ინფრომაციის პროაქტიული გამოქვეყნების კუთხითაც.

სასამართლოების ვებ გვერდზე, ასევე, შეუძლებელია ისეთი კონკრეტული აქტების მოძიება, როგორიცაა: სასამართლოს დებულება, პროგრამების დამტკიცების შესახებ სამართლებირვი აქტები,   სახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

მოსამართლეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი არც ერთი სასამართლოს ვებ გვერდზე არ მოიძებნება.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, სასამართლოების ვებ გვერდების  უსაფრთხოება დაცული არ არის.

IDFI-მ ამავე პროექტის ფარგლებში შექმნა სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდული, რომლიც ინტეგრირდა უზენაეს სასამართლოს ვებ გვერდთან. დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს მოიძიოს ინფორმაცია სასამართლოში წარმოებული საქმეების შესახებ, მიიღოს ინფორმაცია მათი განხილული საქმეების თემატიკაზე და შეადაროს გასული წლის მაჩვენებმებთან. საიტი ორენოვანია და ინფორმაციის მიღება ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი. როგორც პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, მოდულის მართვის სისტემა მთლიანად უზენაეს სასამართლოს გადააბარეს და მის პროაქტიულად შევსებას სწორედ ისინი უზრუნველყოფენ.

ახალი ამბები