კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისისა და გეგუთის ციხეებში აუტანელი პირობებია - აცხადებენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები

30 ოქტომბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ციხის ცნობილი ტელეკადრების შემდეგ ქუთაისში მოქმედმა მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროტესტის ნიშნად სამოქალაქო მოძრაობა „შეაჩერე აქტი“ ჩამოაყალიბეს.  10-დღიანი საპროტესტო აქციები (21-30 სექტემბერი) დროებითი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნით დასრულდა, რომელმაც საქართველოს ციხეებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების უფლება მოიპოვა.

51-კაციან ჯგუფში, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ტუღუშის სპეციალური ბრძანების საფუძველზე შეიქმნა, ქუთაისიდან ორი წარმომადგენელი: სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრ „არგუსი“ ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე და გაზეთ „ახალი გაზეთის“ რედაქტორი ია ბობოხიძე გაერთიანდა. 24-25 ოქტომბერს მათ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებისა და გეგუთის #14 საპყრობილეში ვიზიტი განახორციელეს და მონიტორინგის პირველადი შედეგები მედიას გააცნეს.

„ჩვენ გავეცანით როგორც არასრულწლოვნების, ისე ქალი პატიმრების, მსჯავრდებულების და ბრალდებულების მდგომარეობას. მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა. რამდენიმე მთავარი აქცენტი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ როცა პატიმრები მოვიკითხეთ, მათ პირდაპირ გვიპასუხეს: „რა შედარებაა, სიტუაცია შეცვლილია უკეთესობისკენ“. ჩავეკითხეთ - რას გულისხმობდნენ და განმარტეს, რომ აღარ არის არანაირი ზეწოლა, არანაირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა და არაადამიანური  მოპყრობა მათზე აღარ ხორციელდება. ანუ ისინი გულისხმობენ პერიოდს, როცა ქვეყანაში შეიცვალა პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობა“, - განაცხადა მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, „ახალი გაზეთის“ რედაქტორმა ია ბობოხიძემ.

უკანონო პატიმრები, მოუწესრიგებელი კომუნიკაცია გარესამყაროსთან, უვარგისი საკვები და დღითიდღე გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა - ასეთია ვითარება ქუთაისის და გეგუთის დაწესებულებებში.

„ორივე ციხეში თითო პატიმარს პირი აქვს ამოკერილი. ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და თავიანთი საქმის ხელახლა გადახედვას მოითხოვენ. ასევე, ორივე დაწესებულებაში უკვე მეოთხე დღეა, მშრალ შიმშილობას აცხადებს ორი პატიმარი. ისინი გაუარესებული ჯანმრთელობის გამო სამედიცინო მომსახურებას ითხოვენ. ერთი პატიმარი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოდანაა და ამის გამო ოჯახის წევრების ნახვას ვერ ახერხებს, ტერიტორიულად შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. ეს ერთი შეხედვით უმტკივნეულო და რიგითი პრობლემები, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ბიუროკრატიასთან და ჩარევებთანაა დაკავშირებული. მათ თვეობით ჭირდებათ ლოდინი, რომ ჩაიტარონ, მაგალითად, ამბულატორიული გამოკვლევები. მოითხოვონ ელემენტარული სამედიცინო მომსახურება. აღარაფერს ვამბობ ქირურგიულ ჩარევებსა და სპეციალურ სამედიცინო დახმარებაზე“, - აცხადებს ია ბობოხიძე.

მისი განმარტებით, გეგუთის საპატიმროში არსებობს პატიმრების მიერ შემუშავებული 18-კაციანი სია ადმინისტრაციიდან, ვისაც მათ უნდობლობა გამოუცხადეს და მოითხოვეს, მათ არ ჰქონდეთ პატიმრებთან პირდაპირი შეხება: „დაწესებულების ხელმძღვანელობამ ეს მოთხოვნა გაითვალისწინა და ისინი მხოლოდ გარე პერიმეტრზე ახორციელებენ საქმიანობას. თუმცა, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, იგი ელოდება ახალი მინისტრის, სოზარ სუბარის მომდევნო ქმედებებს, რათა საპატიმროში ცვლილებები განხორციელდეს. მოგეხსენებათ, ისე არ უნდა მოხდეს, რომ თვითონ სისტემა გახდეს პარალიზებული“.

საზოგადოებრივი საბჭოს წევრები მონიტორინგის განხორიელებას ყოველთვიურად გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი, რომელსაც პატიმრებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას.

„პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას და იმედი მაქვს, რომ სოზარ სუბარი ამით დაიწყებს თავის საქმიანობს, კორუფციული და მონოპოლისტური შიდა სისტემების ნგრევა გახლავთ. ასევე - მთლიანად ადმინისტრაციის, ადმინისტრაციული რესურსის გადახალისება და არსებული კადრების კვალიფიციის ამაღლება, მათი სოციალური უზრუნველყოფა. ისე არ უნდა დაგვემართოს, რომ ბალანსი დაირღვეს და მხოლოდ პატიმრების უფლებებსა და მათ მდგომარეობაზე ვიზრუნოთ. ასევე, მნიშვნელოვანია იმ ადამიანებს შეექმნათ სამუშაო პირობები, რომლებიც იქ მუშაობენ. ვფიქრობ, მონიტორინგის განხორციელება ამ მხრივაც მნიშვნელოვანი იქნება. კვების და ჯანმრთელობის უსაფრთხოება - ესაა უმთავრესი. ის, რომ მათზე ფიზიკური ზეწოლა აღარ ხორციელდება, ეს არ ნიშნავს, რომ ციხეში პრობლემები აღმოიფხვრა“, - აცხადებს ია ბობოხიძე.

მონიტორინგის დროებითი საბჭოს წევრი მანანა მანაგაძე, რომელიც 2006-2008 წლებში ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიას ხელმძღვანელობდა, აცხადებს: „ციხეში არსებული ვითარება და ის კადრები, რაც ჩვენ ვიხილეთ, სწორედ საზოგადოებრივი კომისიებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამ განაპირობა. მოგეხსენებათ, 2005 წელს საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიები შეიქმნა. ქვეყნის ყველა დაწესებულებაში ამ ჯგუფებმა სერიოზული მუშაობა დაიწყეს. არსებობდა დაცვის მექანიზმი - ფხიზელი თვალი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შედიოდა. მზადდებოდა რეკომენდაციები, რომლებიც მიეწოდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, იუსტიციის სამინისტროს და სხვათაშორის, რამდენიმე რეკომენდაცია გათვალისწინებული იყო კიდეც, რასაც რიგი პრობლემების მოგვარება მოჰყვა."

2008 წლის 31 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ჯგუფებისთვის უფლებამოსილების გაგრძელებაზე. „ეს ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მოტივაციის გარეშე მოხდა და მოხდა მაშინ, როცა ამ ჯგუფებმა მაღალკვალიფიციური მუშაობა დაიწყეს. ეს ის შემთხვევა იყო, როცა საქმე კეთდებოდა საქმისთვის და არა პიარისთვის. ბუნებრივია, იყო ხარვეზები, ხელისშემშლელი მომენტები თვითონ ხელისუფლების მხრიდანაც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ჯგუფებმა მაინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, რათა ეს დაწესებულებები არ ყოფილიყო აბსოლუტურად იზოლირებული საზოგადოებისგან. თამამად, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ჯგუფების უფლებამოსილების შეწყვეტა განპირობებული და ნაკარნახევი იყო იმ განზრახვით, რომლის შედეგი ჩვენ იმ აღმაშფოთებელი ვიდეოკადრების სახით ვიხილეთ. ყველა პატიმარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ამბობს, რომ ჯოჯოხეთი ციხეში 2009 წლის იანვრიდან დაიწყო, ანუ როდესაც ჯგუფებმა შეწყვიტეს მუშაობა“, - აცხადებს მანანა მანაგაძე.

ცნობისათვის, 2009 წლამდე პატიმრობის კოდექსში პირდაპირ იყო მითითებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან არსებული საზოგადოებრივი კონტროლის ადგილობრივი კომისიების შესახებ. ეს მუხლი კანონიდან ამოიღეს. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა პატიმრობის კოდექსზე, რასაც, საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრების აზრით, სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კუთხითაც მნიშვნელოვანი წინსვლები მოჰყვება. ეს კი, საბოლოო ჯამში, პატიმართა მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს. 

საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრები უახლოეს დღეებში ხონის საპყრობილეში ვიზიტს გეგმავენ.

ახალი ამბები