კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური ლიდერების ვიდეომიმართვები

2 ნოემბერი, 2012
შორენა ლათათია

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, სარეკლამო კამპანია, ლიდერების მიმართვით დაასრულეს. 1 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა ტელეარხებზე არა მარტო ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების ვიდეომიმართვები გამოჩნდა. 

ტელეეკრანებზე პირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გამოჩნდა. „ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ შემაშფოთებელი კადრები და ვიხილეთ კადრები, რომელმაც ყველა შოკში ჩაგვაგდო. როგორც პრეზიდენტი, მე ავიღე პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ მივიღე ზომები: პოსტები დატოვეს მინისტრებმა, დავითხოვე ციხის დირექტორები და ადმინისტრაცია. ჩვენ დავაპატიმრეთ ისინი ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა და თითოეული მათგანი უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში. რაც მოხდა სრულიად მიუღებელია და ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ეს არასდროს არ განმეორდეს“, - აცხადებდა პრეზიდენტი გლდანის N8 საპყრობილეში მომხდართან დაკავშირებით და მოსახლეობას იმ შედეგებს ახსენებდა, რომელიც მის ხელისუფლებაში ყოფნას მოჰყვა: „როგორც იქცევიან ყველაზე განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები, ასე მოიქცა საქართველოც. თუ პრობლემა არსებობს, ჩვენ ვერთიანდებით, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაგვარებთ პრობლემას. ასე ვიქცეოდით ამ წლების განმავლობაში, ასე მოვაგვარეთ შუქის, კორუფციის პრობლემა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ ქვეყანაში. უმუშევრობის შემცირება, ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, სოფლის გაძლიერება. ნაციონალური მოძრაობა შეებრძოლება ყველა პრობლემას და მოუტანს მეტ სარგებელს ხალხს. ერთად მუშაობით ჩვენ შევძლებთ პრობლემების აღმოფხვრას და წავიყვანთ საქართველოს წინ“.  (ვიდეოს სანახავად იხ. ლინკი  goo.gl/FZBiA)
 
რეკლამა პრეზიდენტის კაბინეტშია გადაღებული და კადრში მიხეილ სააკაშვილის უკან საქართველოს დროშასთან ერთად კარგად ჩანს ღვთისმშობლის ხატი. 

სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, მიმართვის სახით, რუსთავში ჩატარებულ წინასაარჩევნო აქციაზე საჯარო გამოსვლის ნაწყვეტი გამოიყენა:  „არჩევნების დღე ის დღეა, როდესაც ხელისუფლება ხალხის ხელშია; ეს გადამწყვეტი დღეა; თქვენს სამშობლოს 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე აუცილებლად სჭირდებით და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ!  მოხვიდეთ და შემოხაზოთ 41! ქვეყნის ბედს წყვეტთ თქვენ! ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ვეღარავინ წაართმევს ხალხს თავის არჩევანს! ჩვენ ღირსებას დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას! ჩვენ ღირსებას დავუბრუნებთ და გავაერთიანებთ ხალხს! საქართველოში დაცული იქნება ადამიანის ყველა უფლება! საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში.  საქართველო გახდება თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი! ერთმანეთს ვჭირდებით იცოდეთ პირველ ოქტომბერს! მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძლას! ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს! საქართველო გაიმარჯვებს!  ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!“ - აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი. ვიდეოს ფონად აქციის ხალხმრავალი  კადრები ახლდა.  
 
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა თავის მიმართვაში ამომრჩეველს დამნაშავეებთან ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის თანადგომას ჰპირდებოდა და აქცენტს სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაზე აკეთებდა. „ძვირფასო თანამემამულეებო, სულ რამოდენიმე დღე რჩება სააკაშვილის რეჟიმის დასრულებამდე! დაუჭირეთ მხარი ნომერ პირველს - „თავისუფალ საქართველოს“ და გპირდებით, ბოლომდე მხარს დავუჭერთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დამნაშავე ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. იმავდროულად, მხარი დაუჭირეთ თავისუფალ საქართველოს და გპირდებით აღარასოდეს დავუშვებთ საქართველოში კიდევ ერთ ერთპარტიულ მმართველობას“, - აცხადებდა კახა კუკავა. (ვიდეოს სანახავად იხ. ლინკი goo.gl/Xzobs
 
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი თარგამაძის გამოსვლა „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის ფონზე, საზოგადოებას „ერთადერთ გონივრულ ალტერნატივას“ - საკუთარ პარტიას სთავაზობდა: „ძვირფასო თანამემამულეებო, უკანასკნელმა მოვლენებმა ყველანი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მორალურად გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობას აღარ შესწევს ძალა მართოს ჩვენი ქვეყანა. უკიდურესი პოლარიზაციის გამო, განადგურების საფრთხის წინაშეა ყველა ის მნიშვნელოვანი მიღწევა, რასაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ წლებში, რასაც ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები კარგად ვხედავდით და ვაფასებდით, რადგან ყოველთვის ვიყავით ხელისუფლების ოპოზიციაში, მაგრამ არასოდეს ვყოფილვართ საქართველოს ოპოზიციაში. მოგმართავთ თქვენ, ექიმებს და პედაგოგებს, პოლიციელებს და სამხედროებს, საჯარო მოხელეებს, ყველა პატრიოტს - თუ თქვენ აღარ გსურთ, რომ მომდევნო 4 წელი ისე ვიცხოვროთ, რომ ვიყოთ მუდმივი რევოლუციისა თუ რევანშის ქვეშ, აღარ გსურთ, რომ ქვეყანა მართოს გაუწონასწორებელმა ძალამ და არც ის გინდათ, რომ ერთი მილიარდერის ექსპერიმენტების ლაბორატორიად გადავიქცეთ; თუ თქვენ დაიღალეთ რადიკალიზმით, რომელსაც ორივე მხარე ნერგავს ჩვენს ცხოვრებაში, კომპრომატებითა და ფარული ჩანაწერებით. თუ თქვენ თვალი აგეხილათ და გული აგიცრუვდათ თქვენთვის აქამდე სასურველი პარტიის ხმის მიცემაზე. ნუ ჩაიქნევთ ხელს! ნუ დატოვებთ საქართველოს ბედის ანაბარად! 1 ოქტომბერს მხარი დაუჭირეთ არსებული ხელისუფლების ერთადერთ გონივრულ ალტერნატივას, ზომიერ კონსტრუქციულ ძალას, რომელიც მოუტანს ქვეყანას მშვიდობას და თქვენს ოჯახებს კეთილდღეობას, რომელიც შეინარჩუნებს მიღწეულს და განავითარებს მას!“ - აცხადებდა გიორგი თარგამაძე. (ვიდეოს სანახავად იხ. ლინკი http://www.youtube.com/watch?v=iWaWxOp-W2E&feature=plcp
 
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, დავით გამყრელიძეც აქცენტს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ კრიტიკაზე აკეთებდა: „ყველა აღიარებს, რომ „ახალ მემარჯვენეებს“ კავალიფიციური და რეალისტური პროგრამა გვაქვს. ყველას, ვისაც არ მოსწონს სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობა, ვისაც აეჭვებს ივანიშვილის მიზნები, ვისაც მოსწონდა და აღარ მოსწონს ხელისუფლება; ვინც იმედით შეხვდა ოპოზიციაში ახალ ლიდერს და დღეს იმედგაცრუებულია; ვისაც აშინებს წინასაარჩევნო რადიკალიზაცია და დაპირისპირების საფრთხე, ვისაც უნდა ცვლილება, მაგრამ უპირობოდ მშვიდობიანი! მხარი დაგვიჭირეთ! გავაძლიეროთ ერთმანეთი“, - აცხადებდა დავით გამყრელიძე. (ვიდეოს სანახავად იხ. ლინკი http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gYdMGXdQ9VU
 
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილი თავის მიმართვაში აღნიშნავდა: „ერთადერთი პარტია, რომელმაც შეუძლებელი გააკეთა თქვენთვის, რომელმაც გაჩუქათ უფასო განათლება, გაჩუქათ უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაჩუქათ საბავშვო ბაღები, დღემდე დაგიწიათ დენის ტარიფი სამი წელი, გადაარჩინა ქვეყანა ვენახების აჩეხვას, ტყეების გაყიდვას, მიწების გაყიდვას. ერთადერთი პარტია, რომელიც თქვენ დაგიწესებთ უფასო განათლებას უმაღლესი მაგისტრატურის ჩათვლით. ერთადერთი პარტია, რომელიც უარს იტყვის სადაზღვეო მატყუარა მედიცინაზე და ბიუჯეტიდან დაგაფინანსებთ,  ერთადერთი პარტია, რომელიც ჩამოგაწერთ საბანკო პროცენტიან ვალებს  და ამ ვალებს ჩვენი ხარჯით გამდიდრებულებს, ჩვენი ანაბრების მიმთვისებლებს წაართმევს ამ ქონებას და მეანაბრეების ფონდს შექმნის. ერთადერთი პარტია, რომელიც გადასინჯავს ყველა უკანონო გადაწყვეტილებას და ყველა პატიმარ, ყველა საპროცესო გარიგების ქვეშაა მისცემს ამნისტიას, რეაბილიტაციას, კონმპენაციას. ერთადერთღი პარტია, რომლიც ნატოში შესვლაზე უარს იტყვის და რუსეთს კარებს გახსნის თქვენთვის თქვენი შვილებისათვის, ქართული ბაზრისთვის იქიდან ნედლეულის შემოსატანად ბიზნესის გასავითარებლად. ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია დაიწყოს მოლაპარაკებები ცხინვალის დაბრუნებაზე და აფხაზეთის დაბრუნებაზე რუსეთის ხელმძღვანელობასთან“.

ახალი ამბები