კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოგვშორდეს თვითმარქვია ვაიგამგებელი!“ - აცხადებენ სამტრედიელები

2 ნოემბერი, 2012
 
მარი ტაბიძე, სამტრედია

„მოგვშორდეს თვითმარქვია ვაიგამგებელი!“ - ამ მოთხოვნით 30-31 ოქტომბერს სამტრედიელებმა ავთანდილ სტურუას გამგებლად დანიშვნა გააპროტესტეს. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მერე სამტრედიის საკრებულომ პირველ სხდომაზე გამგებლად ავთო სტურუა დანიშნა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 

უკმაყოფილო მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ახლადდანიშნული გამგებლის კაბინეტთან მოაწყო. მათ შორის იყვნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. აქციის მონაწილეების დაშოშმინება სამტრედიის გამგეობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს. ასამდე აქციის მონაწილე ავთო სტურუას კაბინეტთან ელოდა. თუმცა, ორი დღის მანძილზე  გამგებელი სამსახურში არ გამოცხადებულა. 

კულტურის სამსახურის ერთ-ერთ სპეციალისტს გამგებლის კაბინეტის გასაღები „აღმოაჩნდა“. მოსახლეობამ მას 31 ოქტომბერს კაბინეტის გაღება მოსთხოვა. გამგებლის სამუშაო ოთახი ცარიელი იყო.

სამტრედიის გამგებლის მდივანი ცირა დვალიშვილი ამბობს: „დილით 11 საათზე ბატონმა ავთომ თათბირი ჩაგვიტარა. დაახლოებით 12 საათზე კი კაბინეტი დატოვა და პირადად ჩემთვის არ დაუბარებია, სად მიდიოდა ან რა დროს დაბრუნდებოდა უკან“.

აქციის მონაწილეებმა სამტრედიის გამგეობის თანამშრომლები არჩევნების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულეს. „ ეს ის ადამიანებია, რომლებიც მთელი საარჩევნო პერიოდი დადიოდნენ ხალხში და იმუქრებოდნენ. სირცხვილია, რომ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან. მათი ადგილი გლდანის ციხეშია“, - განაცხადა საპროტესტო აქციის მონაცილე დათო ხონელიძემ.

აქციის მონაწილეებმა გამგეობის აპარატის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე აბზიანიძე მოსახლეობის მუქარაში დაადანაშაულეს. კონკრეტულად კი აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აბზიანიძე საარჩევნოდ იმ ადამიანებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერდნენ, გლდანის ციხეში ჩასმით ემუქრებოდა.

„მე არანაირი მუქარა არც ერთ სამტრედიელზე არ განმიხორციელებია და ყველა ბრალდებას უარვყოფ, რასაც აქ შეკრებილი ადამიანები ჩემი მისამართით ამბობენ“, -  განაცხადა ალექსანდრე აბზიანიძემ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ერთი კვირის წინ სამტრედიის საკრებულოს თავჯდომარემ ალექსანდრე ჯვარშეიშვილმა ყველა კანონის დარღვევით ჩაატარა საკრებულოს სხდომა, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებლად ავთო სტურია აირჩიეს.

„გვინდა ავთო სტურუასტან შეხვედრა და გვაინტერესებს რა მორალით და რა სინდისით ზის გამგებლის კაბინეტში. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენ, მოსახლეობას არაფერს გვეკითხებიან“, - ამბობს ცირა თავაძე.

31 ოქტომბერს აქციის მონაწილეებმა გამგებლის კაბინეტის კარზე პლაკატი გააკრეს წარწერით: „მოგვშორდეს თვითმარქვია ვაიგამგებელი!“ ავთო სტურუა კაბინეტში არც ამ დროს გამოჩენილა.

ორდღიანი აქციების შემდეგ, 31 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში,  სამტრედიის ახალი გამგებელი საკრებულოს წევრებსა და აქციის მონაწილეებს შეხვდა. ავთანდილ სტურუას კაბინეტში შეკრებილმა მოსახლეობამ გამგებელს ბრალდებები წაუყენა: „თქვენ რაღაც ხრიკებით ცდილობთ, ისევ სკამზე იჯდეთ, მაგრამ თქვენ არა გაქვთ უფლება, ქალაქის მართვაში მიიღოთ მონაწილეობა, რადგან თქვენ ხალხს აგინებდით, სამსახურიდან ხსნიდით“. 

მოსახლეობის ამ ბრალდებებს გამგებელი მშვიდად უსმენდა და  პასუხი არ გაუცია. შეხვედრის ბოლოს კი ავთო სტურუამ ასეთი განცხადება გააკეთა: „თუ რაიმე კანონი დავარღვიე, შეგიძლიათ, სასამართლოს მიმართოთ“.
 
აქციაზე წინასაარჩევნოდ დაკავებული სერგო კიღურაძეც იმყოფებოდა. მან ავთო სტურიას ხალხის დაშანტაჟებაში დადო ბრალი და მის დაჭერაში ერთ-ერთ მონაწილედ დაასახელა. „მე ვიქნები პირველი, ვინც ავთო სტურუას წინააღმდეგ სამართალდამცველებს ჩვენებას მისცემს“, - განაცხადა მან.

შეხვედრის შემდეგ ავთო სტურუამ გამგეობის შენობა დატოვა. აქციის მონაცილეებმა ის კაბინეტიდან მანქანის კარებამდე შეძახილებით გააცილეს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის ოფისში აცხადებენ, რომ ისინი ამ ბრალდებებით სტურუას წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავენ და მის კანონდარღვევებზე სამართალდამცავი სტრუქტურები შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

ფოტოზე: ავთო სტურუა

ახალი ამბები