კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის (GCRT) მიმართვა პარლამენტს

31 ოქტომბერი, 2012

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,ბატონ  დავით  უსუფაშვილს;

ადამიანის  უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკა ბესელიას;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ვახტანგ ხმალაძეს;

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის (GCRT)
                                   
                                           მ  ი  მ  ა  რ  თ  ვ  ა

გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ ავჭალის არასრულწლოვანთა სპეციალურ  № მე-11 დაწესებულებაში,  2012 წლის 8 აგვისტოს მომხდარი არეულობის,  ე. წ. „ბუნტის“  წინაპირობებისა და შედეგების გამოძიებასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემას.   გაცნობებთ, რომ ამ არეულობისათვის სამართალში ხელახლა  მიეცა  11 არასრულწლოვანი  მსჯავრდებული, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან გლდანის  № მე- 8 დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში. მათგან ორს გამოძიების პერიოდში შეუსრულდა 18 წელი და სასჯელის მოხდასა და საგამოძიებო პროცედურებში მონაწილეობას აგრძელებენ გლდანის  № მე- 8 საპყრობილის სრულწლოვანთა დაწესებულებაში. 

ავჭალის არასრულწლოვანთა სპეციალური № მე-11  დაწესებულება  არეულობის დროს  მნიშვნელოვნად  დაზიანდა, რის გამოც შეწყდა მისი ფუნქციონირება და დანარჩენი კონტინგენტი  (90 პატიმარი)  სასჯელის მოხდას აგრძელებს რუსთავის № მე- 17 დაწესბულების სამარტოო საკნების იზოლირებულ კორპუსში.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ამ დაწესებულების მსჯავრდებულების ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე მუშაობდა 2006 – 2011 წლებში.  2010 წლის ნოემბრიდან დაწესებულებაში ამოქმედდა სოციალური სამსახური, რომელიც დაკომპლექტდა პროფესიონალი ფსიქოლოგებითა და სოციალური მუშაკებით.  ამის გათვალისწინებით ჩვენმა ორგანიზაციამ, 2011 წლის აპრილიდან შეწყვიტა სარეაბილიტაციო სამუშაოები და შემოიფარგლებოდა მხოლოდ სოციალური სამსახურის სუპერვიზიით. 2012 წლის 8 აგვისტოს მომხდარი არეულობის, ე.წ. ბუნტის შემდეგ ჩვენ შევეცადეთ, გავრკვეულიყავით სიტუაციაში და გაგვეახლებინა  ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესი. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მივიღეთ უარი, როგორც გლდანის  № მე-8 დაწესებულებაში მოთავსებულ არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ასევე რუსთავის № მე-17 დაწესებულებაში გადაყვანილ არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მუშაობის განახლების შესახებ. ამის საშუალება ჩვენ მოგვეცა მხოლოდ ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისა და სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის, გიორგი ტუღუშის დანიშვნის შემდეგ,  2012 წლის 24 სექტემბრიდან.

კრიზისული ჩარევისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროცესში  გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადგილი ჰქონდა  სისტემატური  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. არასრულწლოვანთა თქმით, დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი  დირექტორის კაბინეტში,  რეჟიმის უფროსის  ოთახში და სარდაფში განლაგებულ სახელოსნოებში ცემდნენ პატიმრებს  ჯგუფურად ან ინდივიდუალურად, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, ვენტილატორით (რამდენიმე შემთხვევა)... იყო ფაქტები, როდესაც მსჯავრდებულ არასრულწლოვანს აწამებდნენ ე. წ. „კენწვლისა“ და „კალათბურთის“ მეთოდით. აღნიშნულ დარღვევებს ადგილი ჰქონდა  დაწესებულებაში არასრულწლოვნის გადაყვანისას; თითქმის ყოველდღიურად - პატიმართა მნიშვნელოვანი ჯგუფის მიმართ;  ნებისმიერი მიზეზით -  შეპასუხება,  გაკვეთილზე გაცინება ან  ხმაური, ფურცლის დავარდნა და ა. შ.

როგორც არასრულწლოვნები ამბობენ, მათ ხშირად სჯიდნენ შეთხზული და აბსურდული მიზეზების გამო. ასევე სისტემატური ხასიათი ჰქონდა პირად პაემანზე მოსული მშობლების დამცირებას არასრულწლოვნის თვალწინ.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები თანდათან   უფრო და უფრო სასტიკი და აუტანელი  ხდებოდა.  წამების დრო გახანგრძლივდა და მეთოდები „დაიხვეწა“.  ჩვენი აზრით, ამან გამოიწვია ზემოთ ხსენებული არეულობა. ე.წ. ბუნტის ორგანიზატორებს ბრალი დასდეს რამდენიმე უმძიმეს დანაშაულში, მათ შორის, დაწესებულების  ქონების განადგურებასა და საჯარო პირებზე თავდასხმაში, რაც ქმნის საშიშროებას, რომ მათი სასჯელი მრავალი წლით გაიზარდოს.

შექმნილი სიტუაციის  გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ არეულობა ინსპირირებული  იყო ავჭალის არასრულწლოვანთა № მე-  11 დაწესებულების რამდენიმე თანამშრომლის  მხრიდან სისტემატური, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებითა და უფლებამოსილების გადამეტებით.  ჩვენი აზრით, „ბუნტის“ ორგანიზატორობის ბრალდებით, სამართალში ხელახლა მიცემული თერთმეტივე არასრულწლოვანი მოქმედებდა გარდაუვალი თავდაცვის ფარგლებში და მიუხედავდ დამდგარი შედეგისა (ავჭალის დაწესებულების საცხოვრებებილი კორპუსისა და ინვენტარის  დაზიანება), მათი ბრალეულობის საკითხი უნდა გადაიხედოს. მათ არ ჰქონდათ სხვა საშუალება, თავიანთი მდგომარეობის შესახებ ხმა მიეწვდინათ საზოგადოებისათვის. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მათ საჩივრებს და განცხადებებს მაშინდელი ხელმძღვანელები ბლოკავდნენ,  მეტიც -  ეს საჩივრები ხდებოდა მათი ხელახალი და უმკაცრესი დასჯის საბაბი. ასევე, მათ სახალხო დამცველის წარმომადგენლის ვიზიტებისას მკაცრად აფრთხილებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ არ განეცხადებინათ წამების ფაქტების შესახებ - „მაინც ვერაფერს გააწყობთ“, „აზრი არა აქვს“ - ეუბნებოდნენ მათ. ასევე, კატეგორიულად უკრძალავდნენ სოციალური სამსახურის თანამშრომლებისათვის  ამ ფაქტების გამხელას.

ისე მოხდა, რომ რეალურად,  არეულობის მოწყობის შემდეგაც მოზარდებმა ვერ მოახერხეს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. და რომ არა ის ძვრები, რაც 18 სექტემბრის მოვლენების შემდეგ განვითარდა, მათ გაასამართლებდნენ და 11-ვე მოზარდს,  როგორც  თვითონ ამბობენ, მნიშვნელოვნად გაუზრდიდნენ პატიმრობის ვადას. ასევე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ დაკითხვებს არ ესწრებოდნენ ადვოკატები, მათზე ზეწოლას ახდენდნენ პროკურატურის მაღალჩინოსნები, მეტიც,  მათ გლდანის № მე- 8 საპყრობილეში გადაყვანის შემდეგ, კვლავაც სისტემატურად  აწამებდნენ და აიძულებდნენ აღიარებითი  ჩვენებების მიცემას.
 
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ:

1. უზრუნველყოთ ავჭალის № მე-11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში 2012 წლის 8 აგვისტოს მომხდარი არეულობის შესახებ ხელახალი, ობიექტური გამოძიების წარმოება.

2. მოეხსნათ წაყენებული ბრალდებები ე. წ. „ბუნტის“ ორგანიზატორებს.

3. დაისაჯონ არასრულწლოვანთა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული ავჭალისა და გლდანის დაწესებულებების თანამშრომლები.

4. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დროულად აღდგეს ავჭალის № მე-  11 დაწესებულება, რადგანაც არასრუწლოვნები  რუსთავის № მე- 17 და გლდანის  № მე 8 დაწესებულებაში იმყოფებიან არასათანადო პირობებში, შეზღუდული აქვთ განათლების მიღების უფლება, ვერ იღებენ  საქართველოს კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით არასრუწლოვან პატიმართათვის გარანტირებულ სერვისებს. 

უღრმესი  პატივისცემით,
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის აღმასრულებებლი დირექტორი
ლელა ცისკარიშვილი

ახალი ამბები