კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექიმების გაფიცვა ფოთში - „SOS! გვიხსენით „ალდაგის“ კლანჭებისგან“

6 ნოემბერი, 2012

ინგა გვასალია, ფოთი

რამდენიმე დღეა, ფოთის საავადმყოფოს ექიმები გაფიცული არიან. ისინი „ჩვენი ოჯახის კლინიკისა“ და „ალდაგი ბისიაის“ მიერ საავადმყოფოში შექმნილ უმძიმეს სამუშაო პირობებსა და დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ. მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მათ ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ. სამ ექიმს მოულოდნელად შეატყობინეს, რომ ისინი სამსახურიდან დაითხოვეს. ექიმები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, რასაც საავადმყოფოს ადმინისტრაცია უარყოფს.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, რეანიმაციის განყოფილების ყოფილი გამგე გოდერძი სარჯველაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი საავადმყოფოს ჯერ “ბლოკ-ჯორჯიასთვის”, მერე კი “ალდაგისთვის” გადაცემამ გამოიწვია: “თავიდან უნდა აეშენებინათ საავადმყოფო ახალი  აპარატურით აღჭურვილი, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა გადმოგვცემოდა. ამის ნაცვლად გარემონტდა ოთხივე სართული, და საბოლოო ჯამში ერთ სართულზე განათავსეს ყველაფერი, არ არსებობს ცალკე განყოფილება, ყველანი ერთ სართულზე ვართ, არ არის არანაირი ახალი აპარატურა. მთელი დასავლეთ საქართველო, აჭარა, გურია, სამეგრელო არის ერთი კომპანიის ხელში და არც ექიმისთვის, არც ავადმყოფისთვის არ არსებობს ალტერნატივა უკეთეს პირობებში მოხვდეს. მომსახურების ფასები 3-ჯერ გაიზარდა პაციენტისთვის, ხოლო ექიმებს 4-ჯერ შეუმცირდათ ხელფასი. ამაზე ადმინისტრაციიდან ტრაფარეტულად გვპასუხობენ:  “დაწერეთ განცხადება და მიბრძანდით”. არჩევნებამდე დაიწყო იმ თანამშრომელთა დევნა, ვინც გამოთქვამდა პრეტენზიას ხელფასებზე, არჩევნების პერიოდში კი უკვე პოლიტიკური ნიშნით დაიწყო მათი დევნა“.

საავადმყოფოს ექიმებმა ფოთის მაჟორიტარს ეკა ბესელიას მათთან მისვლა და იქ მათი პირობების გაცნობა სთხოვეს, რაც საავადმყოფოს ადმინისტრაციისთვის ამ ექიმების სამსახურიდან გაგდების საბაბი გახდა.

კარდიოლოგი გია მიქაძე, რომელიც აქამდე კარდილოგიური გაყოფილების გამგე იყო თანამშრომელთა უკანონო განთავისუფლების შესახებ საუბრობს: „ხელშეკრულების ვადის დამთავრების მიზეზით გაათავისუფლეს ექიმები. ამის გამო, ჩვენ გადავწყიტეთ, გავფიცულიყავით. არ შეგვხვდა საავადმყოფოს უფროსი, მხოლოდ ქალბატონი ეკას  მოსვლის შემდეგ გამოვიდა ჩვენთან და გვაუწყა, არაფერ შუაში ვარო. არადა, ყველა ბრძანებაზე მისი ხელმოწერაა.

ექიმი-ოფთალმოლოგი ლია ცომაია, რომელსაც 31 ოქტომბერს შეატყობინეს, რომ  ხელშეკრულებას აღარ უგრძელებდნენ, ამ ფაქტით აღშფოთებულია. იგი ამბობს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლება „ქართული ოცნების“ ღია მხარდაჭერას და აქტიურობას უკავშირდება: „ერთი კვირის წინ მივეცი ინტერვიუ tv9-ს. მაშინ გავიგეთ, რომ ჩვენი გვარები საავადმყოფოს დირექტორმა გოგა შედანიამ გადასცა „ალდაგს“. ხუთშაბათს შევხვდით დეპუტატ ეკა ბესელიას და გავაცანით ჩვენი პრობლემები. მესამე დღეს გამათავისუფლეს სამსახურიდან. რა დამიწუნეს - ცოდნა, პროფესიონალიზმი თუ მუშაობა არ შემიძლია?! მიმაჩნია, რომ ჩემი გათავისუფლება პოლიტიკური დევნაა. მე ვიყავი ჩემი კოლეგების პრობლემების აქტიური გამხმოვანებელი. დღეს მითხრეს, რომ ხელშეკრულება შემიწყდა. მაშინ, როცა არც ერთ თანამშრომელს არა აქვს დადებული ეს ხელშეკრულება, მე რატომღაც „შემიწყდა“. ჩვენი გაფიცვა გამაფრთხილებელია და გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი პირობები არ დაკმაყოფილდება“.

საავადმყოფოს დირექციასთან ამ საკითხზე დალაპარაკება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. Humanrights.ge-ს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ „ჩემი ოჯახის კლინიკის“ სამეგრელოს რეგიონის საოპერაციო დირექტორმა ავთანდილ რომინაძემ ორიოდე სიტყვით გვითხრა: „ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, გათავისუფლდა სამი თანამშრომელი. არავინ არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ გათავისუფლებულა“.

საავადმყოფოს ფოიეში საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. მან ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ექიმებს და შედანიას მისამართით მკაცრი კრიტიკა არ დაიშურა. თურმე, დარეჯან ცხვიტარიას აქამდე „არ ცოდნია“ საავადმყოფოში გამეფებული უკანონობა და ახლაღა აღშფოთდა: „არასოდეს არ იყო შედანია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს და სულ ჩაკეტილი ჰქონდა საავადმყოფოს შესასვლელი კარები, ერთხელ არ მოსულა ჩვენს შეკრებებზე. რადგან ეს ჩემი კომიტეტის სფეროა, საჭიროდ ჩავთვალე, აქ მოვსულიყავი და დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია“, - თქვა ცხვიტარიამ.

როგორც ჩანს, დარეჯან ცხვიტარიას აქამდე არ სმენია, რომ შედანიას ფოთში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ კადრად და ახალაიების კლანთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ. როგორც ამბობენ, სწორედ ასეთი „ძლიერი ზურგის“ გამო არ თვლიდა საჭიროდ დასწრებოდა ცხვიტარიას თათბირებს და გაეთვალისწინებინა ექიმების სამართლიანი მოთხოვნები.     

ექიმებმა საქართველოს პარლამენტს მიმართეს: „SOS! დაგვიხსენით „ალდაგის“ კლანჭებისგან”.

ახალი ამბები