კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს ბავშვთა ფონდი სახალხო დამცველს ბავშვთა უფლებების დარღვევებზე რეაგირებაში ეხმარება

6 ნოემბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრს ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელმა, ნინო დაუთაშვილმა მიმართა შეკითხვით, რომელიც ეხებოდა საქართველოში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მოქმედების საკითხს. ვინაიდან ამ საკითხით შესაძლებელია, სხვა მშობლებიც დაინტერესდნენ, humanrights.ge-მ მშობლის შეკითხვისა და გაეროს ბავშვთა ფონდიდან მიღებული პასუხის გამოქვეყნება გადაწყვიტა. 

შეკითხვა: „გვაინტერესებს, საქართველოში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევაზე გაეროს ბავშვთა ფონდი (Unicef) კონკრეტულად რა რეაგირებას ახდენს და თუ განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, ანუ თუკი არსებობს ბავშვის უფლების დარღვევის კონკრეტული მაგალითი, Unicef-ის საქართველოს მისია თუ ერთვება ამ დარღვევის აღმოფხვრაში? ამავე დროს, დამატებით მაინტერესებს, კონვენციის დარღვევა თუ ისჯება საქართველოს კანონმდებლობით (სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული კანონმდებლობით), ანუ ქვეყანაში არის თუ არა ნათელი რეგულაციები, რათა დაცული იყოს კონვენცია და შესაბამისად, რაღა თქმა უნდა - ბავშვთა უფლებები?“

შეკითხვას პასუხობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე: „ჩვენ ზოგადად ვახდენთ მონიტორინგს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებაზე, რამდენადაც კონვენცია აწესებს სტანდარტებსა და წესებს, რომლებიც შემდგომ ადგილობრივ კანონმდებლობაში უნდა აისახოს. იუნისეფი თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან ეროვნული კანონმდებლობის კონვენციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან და ვეხმარებით მას ბავშვის უფლებათა მონიტორინგის გაძლიერებაში. სახალხო დამცველის ოფისს, ასევე, ვეხმარებით, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს დროული რეაგირება მოახდინოს ბავშვთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. ასევე ვთანამშრომლობთ მედიაორგანიზაციებთან, თუ მსგავსი დარღვევა მედიის მხრიდან ხდება.

გაეროს ბავშვთა ფონდი არ ახდენს რეაგირებას ბავშვთა უფლებების კონკრეტული დარღვევის ფაქტებზე. ეს არ არის ჩვენი მანდატი. კონკრეტულ ფაქტებზე მოქალაქემ უნდა მიმართოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრს ან სასამართლოს, რათა აღიდგინოს დარღვეული უფლება.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა და შესაბამისად, ნებისმიერ პირს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს კონვენციით გარანტირებული ნებისმიერი უფლების დასაცავად. საქართველოში არც სისხლის სამართლის და არც ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ შეიცავს ნორმას, რომელიც დაადგენდა პასუხისმგებლობას ზოგადად ბავშვთა უფლებების კონვენციის დარღვევისთვის. მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობით (როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარრვევათა კოდექსით) დასჯადია ცალკეული ქმედებები, რომელიც არღვევს კონვენციით გარანტირებულ ბავშვთა უფლებებს. ასე მაგალითად, კონვენციის მე–19 მუხლის თანახმად, ნებისმიერი ბავშვი დაცული უნდა იყოს ძალადობისგან, ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, მიიღონ შესაბამისი საკნონმდებლო ზომები და დააწესონ პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ ჩადენილი ცალკეული ძალადობრივი ქმედებებისთვის. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის წესით არის დასჯადი ცალკეული ძალადობრივი ქმედებები ბავშვის მიმართ (არასრულწლოვანის მკვლელობა, ცემა, წამება, იძულება, მუქარა, ა.შ.), ასევე არასრულწლოვნით ვაჭრობა, არასრულწლოვანთა ჩაბმა პორნოგრაფიაში და ა.შ.

რაც შეეხება მთლიანობაში საქართველოს კანონმდებლობას ბავშვებთან მიმართებით, არის სფეროები, სადაც კარგი რეგულაციებია, არის სფეროები, სადაც ხარვეზებია... მთლიანობაში კანონმდებლობა ცუდი არ არის, მაგრამ პრობლემები, ძირითადად, მის იმპლემენტაციაშია. ზოგადად, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივი პროცესია და ის, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონმდებლობა კონვენციას საკმაოდ ვრცელი თემაა“.

Humanrights.ge

ახალი ამბები