კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიძულვილის ენა - წინასაარჩევნო იარაღი

12 ნოემბერი, 2012
 

შორენა ლათათია

2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში პოლიტიკურ სპექტრის მხრიდან, სამწუხაროდ, ე.წ. სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის ტირაჟირების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. მედია რიგ შემთხვევაში გვევლინება მსგავსი განცხადებების გამტარად, ხოლო რიგ შემთხვევებში თავად წარმოადგენს ავტორს.

„ჩვენ მოვახდენთ უცხოელების მიერ მიტაცებული ტყეების და საძოვრების ნაციონალიზაციას; მიწას ქართველ გლეხს დავუბრუნებთ; ინგლისურ წარწერებსა და თურქულ დროშებს ქართულით შევცვლით; ბათუმში აზიზეის მეჩეთის მშენებლობას შევაჩერებთ; ავკრძალავთ ჰომოსექსუალიზმის და სექტების ზღვარგადასულ პროპაგანდას“, - ამ შინაარსით, სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რამოდენიმე წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა გავრცელდა. (რეკლამის ერთ-ერთი ვერსიის სანახავად იხ. ლინკი:
 http://www.youtube.com/watch?v=rnDwZwehtbA&feature=plcp )

აღნიშნული ციტატების გარდა, პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებული იყო კადრებიც. მაგალითად, უცხოელების ნეგატიურ კონტექსტში ხსენებისას ვიდეოში ჩინელი მუშები ჩანან. ჰომოსექსუალიზმის და სექტების ზღვარგადასული პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით კი, 17 მაისს თბილისში ლგბტ პირთა მხარდასაჭერად გამართული მშვიდობიანი მანიფესტაციის კადრებია მოყვანილი.

აღნიშული საზოგადოებაში ეთნიკური ან/და რელიგიური შეუწყნარებლობის წახალისებას იწვევს და თითქოს შეგნებულად ქმნის „მტრის ხატს“.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ დამზადებული კლიპების შინაარსი არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არ უნდა მოუწოდებდეს ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთიკური დაპირისპირებისკენ.

აღნიშნული აკრძავის დარღვევის საფუძველზე 2012  წლის  12  სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორმა, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს”  თავმჯდომარემ, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკიპოსმა, ლგბტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორმა და  „იდენტობას”  აღმასრულებელი დირექტორმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს.

ცესკომ განცხადება დააკმაყოფილა და შემდგომი რეაგირებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაუგზავნა. ამ უკანასკნელმა კი,   25 სექტემბრის დადგენილებით „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს  საარჩევნო კოდექსის“ 79-ე მუხლის შესაბამისად  სამართალდამრღვევად სცნო  და ადმინისტრაციული სახდელის სახით  2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

არასამთავრობოების განცხადებას „თავისუფალმა საქართველომ“ „ფსევდოლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი“ უწოდა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლოს  განმარტებით, სადავო  კლიპი  შეიცავს  ეროვნული  შუღლის გაღვივების მცდელობას, ეთნიკური  და რელიგიური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

„თავისუფალი საქართველოს“ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია: „არსებული პრაქტიკის გაანალიზება ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სწორედაც რომ მიმდინარეობს სექტების ზღვარგადასული პროპაგანდა, რითაც ილახება განსხვავებული  მრწამსის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება. იმავდროულად, სრულიად გაუმჭვირვალეა ის სახსრები, რითაც აღნიშნული საშუალებების შეძენა ხდება. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივა გულისხმობს სექტების მიმართ იდენტური რეგულაციების დაწესებას, რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პარტიების მიმართ იქნა დადგენილი. რაც შეეხება უცხოელების მიერ მიტაცებული ტყეების/ საძოვრების ნაციონალიზაციას. სასოფლო-სამეურნეო აღნიშნულების მიწის ნაკვეთების ნაციონალიზაცია ფართოდ არის დანერგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში და ზოგადად მთელ მსოფლიოში. მსგავსი მიდგომა ნაწილობრივ საქართველოს დღეს მოქმედ კანონმდებლობაშიც არის მოცემული“. 
 
            
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ გამოუტანია.

 

 

 

 

 

 

ამ ბლოგის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები