კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთის გამგებლის კანდიდატურის წარსულის შესახებ კითხვები არსებობს

12 ნოემბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე განცხადება გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად აცანელმა დავით ჩხაიძემ შემოიტანა, რომელიც აღნიშნულ სოფელში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო. მიუხედავად ამისა, კოალიციის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

კოალიციის წევრთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ჩხაიძე მათი კადრია, მეორე ნაწილი კი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. საქართველოს პარლამენტის ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე ამბობს, რომ დავით ჩხაიძე ნამდვილად არაა კოალიციის კადრი და არც ის იცის, მისი კანდიდატურა ვინ წამოატივტივა.

„დავით ჩხაიძის უკან ჩვენ არ ვდგავართ. მას ალბათ, თავად გაუჩნდა გამგებლობის ამბიცია. თუმცა, სავარაუდოდ, ადგილებზე სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება, როცა გუბერნატორების დანიშვნა პრემიერ–მინისტრის პრეროგატივა გახდება“, – ამბობს თემურ ჩხაიძე.

დავით ჩხაიძის შესახებ საკმაოდ სკანდალურ ისტორიას ავრცელებს აცანელი მაია ჩხაიძე, რომელიც ამჟამად ვალოდია წულაძის სახელობის მემორიალური მუზეუმის ხელმძღვანელია. humanright–თან საუბარში მაია ჩხაიძემ წლების წინათ სოფელ ჯაპანაში მომხდარი შემზარავი ფაქტი გაიხსენა: „საკრებულოს ბოლო სხდომაზე მოვისმინე, რომ დავით ჩხაიძეს აქვს შეტანილი განცხადება გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. მე კარგად ვიცნობ ამ პიროვნებას. მისი სახელი ჯაპანაში 1993 წელს მომხდარ შემზარავ ტრაგედიასთან ასორიცდება. მაშინ ჯაპანაში ცხრა მძინარე ბიჭი და ერთი უიარაღო რადისტი მოკლეს. ეს იყო უმძიმესი წლები საქართველოსთვის, როცა ქართველი ქართველს ებრძოდა. ჯაპანაში ორი ბანაკი იყო განლაგებული: ერთ მხარეს იყო ზვიადისტების ფრთა და მეორე მხარეს იდგნენ ბიჭები, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთში და დავალების მიღების შემდეგ წამოვიდნენ ჯაპანაში. ამ ორ მხარეს შორის წარმოებდა მოლაპარაკება და ყველამ კარგად იცოდა, რომ მათ შორის ტყვია არ უნდა გავარდნილიყო. დათო ჩხაიძე მაშინ ზვიადისტების ფრთის წევრი იყო და გურიის ბატალიონის უფროსი გახლდათ. მოლაპარაკებაში თავად მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებდა. ორივე მხარე იყო დარწმუნებული, რომ მათ შორის ტყვია არ გავარდებოდა.  მიუხედავად ამისა, დავით ჩხაიძის მხრიდან დაირღვა მოლაპარაკების პირობა და ღამით, ოთხის ნახევარზე შემოიპარნენ და მძინარე ბიჭებს თავზე დააცხრნენ. სამ მათგანს, 17 წლის დავით ლაპიაშვილს, 19 წლის შოთიკო თავაძეს და 21 წლის ვასიკო ხაბულიანს მინდორში ეძინა. ისინი სწორედ მინდორში დაძინებულები გამოასალმეს სიცოცხლეს“.

მაია ჩხაიძის თქმით, მან ამ ტრაგედიის შესახებ ყველაფერი იმიტომ იცის, რომ დახოცილი ბიჭები მისი ძმის მეგობრები იყვნენ. რაც შეეხება უიარაღო რადისტის მკვლელობას, მაია ჩხაიძის აცხადებს: „ჩემი ძმის სასამართლოზე ერთ–ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ოთარ ურატაძემ ჩემს თვალწინ ჩაცხრილა უიარაღო რადისტი“.

„ოთარ ურატაძე მაშინ მილიციაში მუშაობდა. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კარგად ცნობილი შმაგი ურატაძის მამა. ამ ამბებიდან რამდენიმე დღეში ლანჩხუთში ხელისუფლება სამი დღით ზვიადისტებმა ჩაიგდეს ხელთ. ოთარ ურატაძე მილიციის უფროსად დანიშნეს, ხოლო გურიის კომენდანტად დაინიშნა დავით ჩხაიძე. ამ საქმეს ყოფილი ხელისუფლების დროს პროკურატურა და სასამართლოები აჯანჯლებდნენ. როგორც ჩანს, დავით ჩხაიძის მხარეს ჰყავდა ლობისტები, თანაც არც პოლიტიკური სიტუაცია არ იყო მომწიფებული საამისოდ“, – ამბობს მაია ჩხაიძე და აცხადებს, რომ მაშინდელ გენერალურ პროკურორ ჯამლეთ ბაბილაშვილთან საქმის შესახებ შესული განცხადება უკან ერთმა ლანჩხუთელმა გამომძიებელმა გამოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისათვის“ შემთხვევით იპოვა ლანჩხუთის რაიონის პოლიციის თანამშრომლის, შმაგი ურატაძის მეხსიერების ბარათი, რომელზეც სოფელ აცანაში მცხოვრები მოქალაქეების პირადი მონაცემები აღმოაჩინეს. მონაცემების გასწვრივ მითითებული იყო, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ ეს ადამიანები მხარს. 

კითხვაზე: რატომ გამოჩნდა ახლა პოლიტიკურ არენაზე დავით ჩხაიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო აცანაში და წინასაარჩევნოდ რატომ არ გაავრცელა ჯაპანის ამბები, მაია ჩხაიძემ გვიპასუხა: „ჩემი უდიდესი შეცდომაა ის, რომ არჩევნების წინ გავჩუმდი, რადგან მსურდა, კოალიციისთვის რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეჭირა მხარი. თუმცა, ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ დავით ჩხაიძეს ოდესმე გამგებლობის ამბიცია გაუჩნდებოდა. დარწმუნებული ვარ, ჩხაიძის უკან დგას რომან ბიწაძე („რესპუბლიკელების“ ლიდერი ლანჩხუთში, კოალიციის წევრი). ჩხაიძე ბიწაძის მეგობარი და ახლობელია. თუმცა ჩხაიძე ბიწაძის მარიონეტი იქნება“.

რომან ბიწაძე თავის მხრივ ამბობს, რომ დავით ჩხაიძემ გამგებლობაზე პრეტენზია დამოუკიდებლად გამოაცხადა. მეგობრული ურთიერთობა მასთან ნამდვილად არ აკავშირებს. რაც შეეხება ჯაპანაში დატრიალებულ ტრაგედიას, ბიწაძე აცხადებს: „ამ ფაქტებზე ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ლანჩხუთში გაიმართა სასამართლო და მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაისაჯა ერთადერთი ადამიანი და ეს იყო ბიძინა გუჯაბიძე. თუმცა, ის ჯაპანის ამბებში არ მონაწილეობდა და ვერავითარი ბრალდება ვერ წაუყენეს. სხვა რაიმე ინფორმაცია ჩემთვის უცნობია“.

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით, გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად საკრებულოში სხვა პირის განცხადება, გარდა დავით ჩხაიძისა, არ შესულა. განცხადება ამ ეტაპზე სამანდატო–საპროცედურო კომისიას გადაეცა განსახილველად. Humanrights.ge რევაზ ჩიტიძეს ესაუბრა. 

- ბატონო რეზო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით ჩხაიძე წლების წინათ ჯანპანაში დატრიალებული ტრაგედიის მონაწილეა...

- ამის შესახებ ხმები ჩემთანაც მოვიდა, მაგრამ ამ ეტაპამდე საქმის განხილვა ჯერ არ მისულა. კანონმდებლობაში გაწერილია საკრებულოს ჩართულობა გამგებლის დანიშვნის პროცესში, ანუ უჭერს თუ არა საკრებულო მხარს წარმოდგენილ კანდიდატურას. რაც შეეხება შესწავლას, ალბათ, ეს თითოეული დეპუტატის ინდივიდუალურ ბუნებაზეა დამოკიდებული.

ჯაპანის ფაქტთან რაიმე სახის კავშირი humanrights.ge-სთან საუბრისას თავად დავით ჩხაიძემ გამორიცხავს: „მე ვიყავი ეროვნული გვარდიის მეთაური. ჩვენს ფუქნციებში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა არ შედიოდა. ლანჩხუთში ჩემი სამხედრო კომენდანტობის დროს ვიცავდი წესრიგს. ეს იყო სულ. ჩემთვის ცნობილია, რომ ჯაპანის ამბები გამოძიებულია“.

- სად იყავით ჯაპანაში დატრიალებული ტრაგედიის დროს?

- მაშინ ჩვენ გვევალებოდა გურია–აბაშის დამაკავშირებელი ხიდის კონტროლი და პოსტზე ვიყავი.

- კოალიცია მხარს გიჭერთ?

- ამ თემაზე მათთან არ მისაუბრია. განცხადების შეტანაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მივიღე.

დავით ჩხაიძის კანდიდატურას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს, თუკი, რა თქმა უნდა, მანამდე გამგებლობის კიდევ სხვა მაძიებლებიც არ გამოჩნდნენ.

ახალი ამბები