კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2006 წლის ე. წ. ციხის ბუნტის გამოძიებას მოითხოვს

15 ნოემბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს თხოვნით, პროკურატურამ დაიწყოს 2006 წლის 26 მარტს ორთაჭალის ციხეში მომხდარი ე. წ. ციხის ბუნტის ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება.

ე. წ. ციხის ბუნტის ჩასახშობად მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა სასტიკი მეთოდები. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია რამდენიმე პატიმარი (სახელდება სხვადასხვა რაოდენობა). მიუხედავად ამისა, აქამდე არ არის გამოძიებული, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება და ყველაზე მთავარი - ობიექტურად არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია პატიმრების ამბოხება. შესაბამისად, არ დასმულა პენიტენციალური სისტემის მაშინდელი ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი.

პატიმრებს კარგად ახსოვთ მაშინდელი სისხლიანი ღამე. ამ მოვლენებს რამდენიმე პატიმარი ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებთანაც იხსენებს. ისინი მზად არიან, მისცენ ჩვენება გამოძიებას. აქვე გთავაზობთ ერთ-ერთი პატიმრის ახსნა-განმარტებას. ამ ეტაპზე ადამიანის უფლებათა ცენტრი თავს იკავებს ახსნა-განმარტების ავტორისა და წერილში დასახელებული სხვა პატიმრების ვინაობის გასაჯაროებისგან. თუმცა, საჭიროებისამებრ მათ ვინაობას ვაცნობებთ საგამოძიებო ორგანოებს.  

წინამდებარე ახსნა-განმარტებიდან პროკურატურამ ყურადღება უნდა მიაქციოს წითელ ხიდთან ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, კერძოდ - 3 კგ ჰეროინის ისტორიას. როგორც ახსნა-განმარტების ავტორი წერს, ეთნიკურად აზერბაიჯანელი პატიმარი, რომელიც ამ ნარკოტიკის შემოტანისათვის გაასამართლეს, ასაჩივრებდა თავისი საქმიდან 1 კგ ჰეროინის „გაქრობას“. სხვა წყაროები ადამიანის უფლებათა ცენტრს უყვებიან, რომ დანარჩენი 2 კგ ჰეროინის „დაიკარგა“, რომლის ნაწილიც გავრცელდა ორთაჭალის ციხეში პატიმრებს შორის. ეს ასევე ცნობილი გახდა ამ საქმეზე დაკავებული პატიმრისთვის, რომელიც უცხოელი ადვოკატის მეშვეობით აპირებდა გაერკვია ამ ნარკოტიკების ასავალ-დასავალი. პატიმრები გამოთქვამენ ვერსიას, რომ ე. წ. ციხის ბუნტი სინამდვილეში ინსცენირებული იყო 3 კგ ჰეროინის საქმეზე მსჯავრდებული პატიმრის ლიკვიდაციისათვის და დანარჩენი პატიმრები ამ სპექტაკლს შეეწირნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორს, ბატონ უჩა ნანუაშვილს
რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის
ახსნა-განმარტება

2006 წლის 26 მარტს საღამოს, დაახლოებით 10 საათზე დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელმაც შემატყობინა, რომ ციხესთან იდგა სახანძროსა და საპატრულო პოლიციის მანქანები და მკითხა - რამე ხომ არ ხდებაო. მე გამიკვირდა, რადგან ციხეში ამ დროს სრული სიმშვიდე იყო და ვუპასუხე, რომ ციხეში არაფერი არ ხდებოდა. დაახლოებით 2 საათის შემდეგ რეზბალნიციდან დაიწყო ყვირილი: ციხე, გვიშველეთ, გვკვლავენო. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 30 წთ. აქამდე თუ ციხეში სიმშვიდე იყო, ამის შემდეგ ყველა პატიმარი მივაწყდით ფანჯრებს და დავიწყეთ კარებზე ბრახუნი. 5 წუთის შემდეგ რეზბალნიციდან გამოვიდა 4 ჯიპი და წამოვიდა ციხისკენ. პატიმრები ვყვიროდით - „ნუ კლავთ ხალხს თქვე სადისტებო!“ ამავე დროს გაიღო ყველა საკნის კარები. დავიწყეთ რეკვა ახლობლებთან და ორგანიზაციებში, რათა ყურადღება მიგვეპყრო... გარედან ისმოდა სროლის ხმა, მთელი ციხის ტერიტორია  იყო გავსებული სპეცრაზმით. ეზოში მე თავად დავინახე, რომ იქვე იდგა გიგა ბოკერია.

ძალიან ბევრი პატიმარი ამ დროს დაიჭრა შემომავალი ტყვიით. ჩემს გვერდზე იდგა ერთი ოსი პატიმარი, რომელსაც ზუბას ვეძახდით და რომელიც სწორედ შემომავალი ტყვიით გარდაიცვალა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით ორი საათი, რის შემდეგაც ციხეში შემოვიდა სპეცრაზმი. ისინი ავტომატით პირდაპირ ისროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმის შემოსვლისას ყველა პატიმარი საკანში შევიდა. მესამე კორპუსმა თავისით გაუღო კარები და შეუშვეს სპეცრაზმი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩაცხრილეს პატიმრები. მე ვიყავი მეხუთე კორპუსში. ჩვენც შვედით საკნებში და გავაღეთ კარები.

ამ დროს ჩემთან კამერაში მოხვდა ერთი აზერბაიჯანელი პატიმარი, რომლის სახელიც არ მახსოვს. მისგან გავიგე, რომ დააკავეს წითელ ხიდზე, სადაც ამოიღეს 3 კგ. ჰეროინი სამი ცხრიანი ნიშნით, მაგრამ საქმეში დაუტოვეს 2 კგ ჰეროინი, ხოლო 1 კგ გაქრა. ეს ადრეც ჰქონდა ნათქვამი და ასაჩივრებდა, ითხოვდა, გარკვეულიყო სად გაქრა ერთი კგ ამოღებული ჰეროინი. ეს პატიმარი ამ არეულობის დროს მოხვდა ჩეს საკანში და როდესაც დაწყნარდა ციხეში მდგომარეობა გაიყვანეს ჩემი საკნიდან, რადგან შეეყვანათ მის საკანში. ამ დროს მას არაფერი არ სჭირდა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი იყო.

სამი დღის შემდეგ ეტაპირება გამიკეთეს #6 სასჯელარსრულების დაწესებულებაში, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა ბაჩო ახალაიას მოადგილემ ბუცხრიკიძემ და უსაფრთხოების უფროსმა მერაბიშვილმა. კერძოდ ოთახში მთლიანად გაგვხადეს, ცემის დროს გვაკეთებინებდნენ ბუქნებს. შემდეგ წაგვიყვანეს კამერებში და გვთხოვეს მუხლებზე დადგომა, რაც მე ვერ შევძელი. ისე ვიყავი ნაცემი, რომ საკანში შესვლისთანავე დავარდი. ამ ცემის შემდეგ მქონდა საშინელი თავის ტკივილები, დამაკლდა მხედველობა და დამეწყო ღვიძლის ტკივილი.

გარკვეული ხნის შემდეგ გადამიყვანეს ჯერ რუსთავის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შემდეგ კი ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც დირექტორმა რობერტ არაქელოვმა მიბრძანა მუხლებზე დადგომა, რაც არ შევასრულე. ამ დროს მას ხელში ეჭირა პლასტმასის ე.წ. „ტრუბა“, რითაც სასტიკად მცემა, რის შედეგადაც დამემტვრა კბილები. რობერტ არაქელოვი მუდმივად მაგინებდა და მიხსენიებდა დამამცირებლად.

ქსნის დაწესებულებაში იყო საშინელი კორუფცია, ვიყავით დაახლოებით 2200 პატიმარი. რობერტ არაქელოვს თავად შემოჰქონდა მობილური ტელეფონები და ყიდდა 500 ლარად, შემდეგ კი ამავე ტელეფონებზე იჭრდა პატიმრებს და უმატებდნენ სასჯელს. დაწესებულებაში ლარიოკი იყო ორ ფანჯარაზე რაც არ იყო საკმარისი. არაფელოვთან შეკრულ პატიმრებს გამოჰქონდათ პროდუქტი და ყიდდნენ სამმაგად, პროცენტი კი არაქელოვთან  მიჰქონდათ.

აღნიშნული დარღვევები გავაპროტესტეთ მე და ჩემმა მეგობარმა პატიმარმა, რის გამოც მცირე ხნის შემდეგ იძულებით დაადებინეს პატიმრებს ხელი და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დამიმატეს 11 წელი.

ახალი ამბები