კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასაქმება - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მთავარი გზა

19 ნოემბერი, 2012

სალომე აჩბა

28  წლის დათო  ჩემი მეგობარია და ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში პროექტის ხელმძღვანელად მუშაობს. როგორც თავად ამბობს, დეპრესიული აშლილობა რამდენიმე წლის წინ, მძიმე სულიერი ტრავმის შედეგად დაეწყო. მას შემდეგ ყოველდღე დიდი რაოდენობით ფსიქოტროპულ წამლებს იღებს და ფსიქიატრთან ვიზიტიც თვეში რამდენჯერმე უწევს. მისი პრობლემის შესახებ დამსაქმებელმა არაფერი იცის. როგორც თავად ამბობს, თუკი მისი დამსაქმებელი გაიგებს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, შესაძლოა, ის სამსახურიდან გაუშვას.

დათოს მსგავსად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა საქართველოში 100 ათასამდე ადამიანს აქვს. ბოლო წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათი 90% დაუსაქმებელია. დასაქმებულთა უმეტესობა კი, ისეა მუშაობს, რომ მათმა დამსაქმებლებმა თანამშრომლის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ არაფერი იციან.

ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის თქმით, ამ პრობლემის მთავარი მიზეზი საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონეა. „საერთოდ, საზოგადოების სიჯანსაღე იმით ფასდება, თუ როგორ ექცევიან ამ საზოგადოებაში პატიმრებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს. სამწუხაროდ, ორივე მიმართულებით მოვიკოჭლებთ. ზოგადად საზოგადოების, და ამ შემთხვევაში დამსაქმებლის, ცნობიერების დონე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების შესახებ, ძალიან დაბალია“, - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი და ამატებს, რომ ამ ტიპის ადამიანებიდან მუდმივი სტაციონარული მკურნალობა ძალიან ცოტას ესაჭიროება. მათი 95% სტაციონარულ მკურნალობას წელიწადში ორი-სამი თვით საჭიროებს, დანარჩენ დროს კი,  მათ ჩვეულებრივად შეუძლია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა.

 სპეციალისტები ამბობენ, რომ დასაქმება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უმთავრესი გზაა.  თუმცა, ამ ტიპის ადამიანთა დასაქმების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ რეაბილიტაციის ეს გზა, საქართველოში  მოიკოჭლებს. „ჩვენთან არტთერაპიას ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაში ურევენ ხოლმე და ეს სწორი არ არის. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, გულისხმობს დაეხმარო ადამიანს,  სოციუმში ინტეგრირებაში. და ამის საუკეთესო გზად დასაქმება ითვლება.  სამსახური ადამიანს  აძლევს  არა მარტო ფინანსურ შემოსავალს,  არამედ უქმნის მას სოციალურ წრეს, რომელშიც ის ინტეგრირდება. ადამიანი სოციუმის სრულფასოვან წევრად მაშინ გრძნობს თავს, როცა დასაქმებულია“, - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.

დღეს საქართველოში არ არსებობს არანაირი სპეციალური სახელმწიფო დასაქმების პროგრამა ან სტრატეგია, რისი საშუალებითაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები დასაქმდებიან. დასავლეთში კი ამ ტიპის ადამიანები სოციალურ საწარმოებსა და კოოპერატივებში მუშაობენ. სახელმწიფო ამ ტიპის საწარმოებს სხვა ბიზნეს-საწარმოებთან შედარებით გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებს: მაგალითად ათავისუფლებს გადასახადებისგან. სოციალური საწარმოსგან მიღებული შემოსავალი კი, ისევ საწარმოს განვითარებას ხმარდება.

„მაგალითად ერთ-ერთ იტალიურ საწარმოში, რომლის მოდელის დანერგვაც საქართველოში გვსურს, ძირითადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები მუშაობენ. თუმცა მათ გარდა, ამავე კოოპერატივში ამ ტიპის პრობლემების არმქონე ადამიანებიც არიან დასაქმებულნი. ისინი  სხვადასხვა ნაწარმს აწარმოებენ.  როცა სახელმწიფო რაიმე ტენდერს აცხადებს,  კანონმდებლობით უპირატესობა ენიჭება იმ კოოპერატივს, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები მუშაობენ. ამით კოოპერატივის დამსაქმებელსაც ემატება მოტივაცია, რომ თავის საწარმოში ამ პრობლემის მქონე  მეტი ადამიანი დაასაქმოს“, - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.

სოციალური საწარმოს ტიპის რამდენიმე დაწესებულება საქართველოშიც არსებობს, თუმცა ყველა მათგანი არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზეა შექმნილი და მათზე რაიმე ტიპის შეღავათი არ ვრცელდება. მაგალითად, ისინი ისევე იბეგრებიან, როგორც სხვა ბიზნეს საწარმოები.  ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ამ ტიპის საწარმოებს, სხვა ტიპის ბიზნესსაწარმოებთან შედარებით შეღავათიან პირობებს შეუქმნის.

სპეციალისტების თქმით, ამ სფეროში მთავარ პრობლემად კვლავაც ის რჩება, რომ სახელმწიფოს არ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დასაქმების ერთიანი პროგრამა და სტრატეგია.

საინტერესოა, რომ ახალი ხელისუფლების  წინასაარჩევნო პროგრამაში ფსიქიკური ჯანმრთელობა მხოლოდ ერთგან, ერთი წინადადებითაა ნახსენები: „ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება გაორმაგდება“ - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პროგრამაში.

რა ხედვები აქვს ახალ ხელისუფლებას ამ მიმართულებით? გეგმავს თუ არა ის რაიმე სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას? ამის გასარკვევად ჩვენ ჯანდაცვის კომიტეტის წევრს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ფატი ხალვაშს ვესუაბრეთ. მისი თქმით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია იგეგმება თუ არა ამ თემის ჯანდაცვის კომიტეტში განხილვა. „ამ საკითხზე მსჯელობა არ გვქონია. ჯერჯერობით არ ვიცნობ საპარლამენტო უმრავლესობის ხედვებს ამ მიმართულებით“, - აღნიშნავს ხალვაში.

ახალი ამბები