კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა კომიტეტი პოლიტპატიმრების 180-კაციან სიაზე შეჯერდა

21 ნოემბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

ბიძინა გიორგობიანი, ირაკლი ოქრუაშვილი, მიხეილ ქარელი, ბადრი ბიწაძე, ქიბარ ხალვაში - ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომელთათვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება 19 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ცხარე დებატების ფონზე გამოცხადდა. 

პოლიტიკური დევნილების, ისევე როგორც პოლიტპატიმრების საქმეებზე, 180-კაციან სიაზე ორი  კვირის მანძილზე იმუშავა სპეციალურად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა. შეჯერებული ვერსიები კი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარადგინა.

მმართველი გუნდის განმარტებით, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ბრალდება უნდა მოეხსნათ, საქართველოში დაბრუნება შეძლონ და აღდგენილი უფლებებით საკუთარ სამშობლოში მშვიდად განაგრძონ ცხოვრება.

„საშიში სინდრომი“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობა კომიტეტის სხდომაზე გატანილ საკითხს. „მმართველი გუნდი ცდილობს, იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული ტიპის დანაშაული აქვთ ჩადენილი, პოლიტიკური დევნილის, ან თუნდაც პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭოს. ეს სხვა არაფერია, თუ არა შინაურ პირთა სია (ნათესავი, ძმაკაცი, დაქალი, თანამოაზრე, თანაპარტიელი და ა. შ), რომელიც მმართველ გუნდს გაახსენდა და ახლა აპირებს, მათ პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭოს. ეს ის ხალხია, ვისაც ჩადენილი აქვს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, იგივე ჯაშუშობის მუხლით“, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით საყვარელიძე.

„ყველა ის ადამიანი, რომელიც სამუშაო ჯგუფმა წარადგინა, პოლიტიკური დევნილია. ჩვენ არ ვეხებით იურიდიულ სფეროს, არ ვეხებით დანაშაულებრივ მხარეს. ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებს - იყო თუ არა ამ ადამიანების დაპატიმრება ან ქვეყნიდან გასვლა პოლიტიკური ანგარიშსწორება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ის პირი, რომელიც დასახელდა, პოლიტიკური დევნილია“, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 1 ნოემბერს გამართული პირველი შეკრება პოლიტპატიმრების თემას მიუძღვნა. სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის წევრების გარდა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და პოლიტპატიმართა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, ითქვა, რომ პოლიტიკური პატიმრის, ასევე, პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების პროცესში აღნიშნული კომიტეტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებდა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით კი, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა პირი, თუ მისი დაკავება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციითა და თანმხლები ოქმებით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებისა თუ თავისუფლებების დარღვევით მოხდა; ასევე, თუ პირი დააკავეს უშუალოდ პოლიტიკური მიზეზით, მის მიერ აქტუალური დანაშაულის ჩადენის გარეშე; თუ დაკავება გამოწვეულია სასამართლო პროცესის აშკარა უსამართლობით და დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან; თუ პოლიტიკური მოტივები, სასჯელის ვადა ან პირობები აშკარა შეუსაბამობაში მოდიან პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთან ან დანაშაულთან, რომლის ჩადენაში იგი ეჭვმიტანილია.

უჩა ნანუაშვილი, სამუშაო ჯგუფის წევრი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენ ვიმუშავეთ ევროსაბჭოს ასამბლეის მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. სათითაოდ განვიხილეთ კონკრეტული პირების საქმეები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭა სამხედროებს, რომლებიც მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით იმყოფებიან პატიმრობაში. ასევე, პირებს, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის ეპიზოდში ფიგურირებენ. ეს არის ისტორიული დღე. ვფიქრობ, პროცესი, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა, სამართლიანად დასრულდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, ასევე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ რეკომენდაციები და ეს ხალხი პოლიტპატიმრებად და პოლიტიკურ დევნილებად აღიარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პოლიტპატიმრების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თუმცა, არის საქმეები, რომლებზეც ვერ მოხდა სრულყოფილი მასალების წარდგენა და რომლებსაც სამუშაო ჯგუფი საპარლამენტო კომიტეტს მომდევნო სასესიო შეხვედრაზე წარუდგენს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, აღნიშნულ სიას სხვა პირებიც დაემატოს“.
  
სამუშაო ჯგუფი მომდევნო ორი კვირის პერიოდში კვლავ იმუშავებს გარკვეულ საქმეებზე და რეკომენდაციებს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიაწვდის. ეს უკანასკნელი კი, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით სპეციალურ დადგენილებას შეიმუშავებს, რომელიც  საქართველოს პარლამენტს პირველივე სხდომაზე წარედგინება.

ახალი ამბები