კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინისტრის მოადგილე humanrights.ge-ს დაპირდა, რომ კოდაში მცხოვრები დევნილთა პრობლემებით „დღესვე“ დაინტერესდება

22 ნოემბერი, 2012
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში 448  დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ერედვის, ცხინვალის და ლიახვის ხეობიდან დევნილები კოდაში 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში  ჩაასახლეს. დევნილები აცხადებენ, რომ დევნილობაში მყოფი მუნიციპალიტეტები მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

„ჩვენი მუნიციპლიტეტები გადაიტანეს გორში. შესაბამისად, ყველა საკითხზე თეთრიწყაროს რაიონიდან გორში გვიწევს ჩასვლა. გზის ხარჯებს თავი რომ დავანებოთ, პრობლემა ისაა, რომ ეს მუნიციპალიტეტები არაფერში გვეხმარება“, - ამბრობენ humanrights.ge-სთან საუბრისას კოდაში ჩასახლებული დევნილები.

მათი თქმით, ამ დროისთვის დასახლებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემა დაუგროვდა. „პირველ რიგში პრობლემაა სახურავები. მე-8 და მე-5 კორპუსში წყალი ჩამოდის. ზამთარში სახურავზე თოვლის დნობისას წყალი შენობაში შემოდის. ასეთი პრობლემა მხოლოდ ამ კორპუსებში არ არის. 2 კილომენტრზე მეტია სკოლამდე. ამ მხრივ, პრობლემა ისიც არის, რომ ბავშვებს გადასვლა უწევთ დასახლების წინ მდებარე საავტომობილო გზაზე, სადაც რამდენიმე საქალაქთაშორისო  ტრასპორტი დადის და  ჩქარი მოძრაობაა. არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ დღემდე მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ“, - ამბობს დევნილი, ინგა წერედიანი.

ინგა წერედიანი სამი შვილის დედაა. მისგან განსხვავებით სხვა პრობლემებზეც  საუბრობს თეთრიწყაროში  მცხოვრები „ქართული ოცნების“ აქტივისტი ონისე ეუაშვილი. მისი თქმით, არჩევნებამდე და გარკვეულწილად დღემდეც, დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს აშინებენ.  

„არჩევნებზე ზონდერჯგუფები, რომლებსაც აქ კორპუსების მამასახლისებს უწოდებენ, აშინებდნენ ხალხს და მათთან ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ. ზონდერჯგუფებს ბადრი ბასიშვილი ხელმძღვანელობდა. ახლა ეს ხალხი კვლავ ტრიალებს დასახლებაში და დევნილებსაც ეშინიათ. მათი გავლენა არ არის სრულად დამთავრებული. მაგალითისთვის, გეტყვით, რომ დასახლებაში  დეკემბერში უნდა გაიხსნას საბავშო ბაღი. ამ ბაღისთვის კი თანამშრომლები სწორედ  ამ ზონდერ ჯგუფებთან დაახლოებული პირებისგან შეირჩა. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ აქ დაასაქმოს შესაბამისი გამოცდილების მქონე დევნილები“,  - ამბობს ონისე ეუაშვილი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილი humanrights.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მზადაა, შეისწავლოს ყველა ეს პრობლემა: „ამჟამად არა მაქვს ამ საკითხზე ინფორმაცია, მაგრამ გარწმუნებთ, დღესვე დავინტერესდები. ვფიქრობ, სახურავებისა და ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება რთული არ იქნება. რაც შეეხება ზონდერჯგუფებთან და დევნილთა დაშინებასთან დაკავშირებულ საკითხს, მზად ვარ, ამ ინფორმაციის მომწოდებელ მოქალაქეებს ხვალვე შევხვდე“.  

humanrights.ge კოდაში არსებულ დევნილების კომპაქტურ ჩასახელაში საპარლამენტო არჩევნებამდეც მუშაობდა. მაშინ ჩვენი საქმიანობის გაკონტროლებას ადგილობრივი მამასახლისები და ერედვის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ცდილობდნენ. ისინი გვიხსნიდნენ, რომ დასახლებაში მუშაობისთვის ჟურნალისტს მათი ნებართა სჭირდება. მამასახლისები, ასევე დაინტერესებულნი იყვნენ, თუ რა კომენტარებს აკეთებდნენ ჩვენთან საუბრისას დევნილები. ამ თემაზე ვრცლად იხ. ჩვენი წინა სტატია: „არჩევნები მოახლოვდა და რა ქნან, აბა, რითი მოიგონ ჩვენი გული?!“.

Humanrights.ge-ს ფოტო: კოდაში მცხოვრები დევნილი ინგა წერედიანი შვილებთან ერთად

ახალი ამბები