კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცველებმა თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარი დააკავეს

22 ნოემბერი, 2012
 
ალექსი ბეჟანიშვილი

„თბილისის წყლის“ ყოფილი ხელმძღვანელი გეგი ქელბაქიანი და სამშენებლო კომპანია „ენ-სი-სის“ ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე 20 ნოემბერს ღამის საათებში დაკითხეს და დაკითხვის შემდეგ დააკავეს. იმავე დღეს ქელბაქიანიც და ჩოგოვაძეც ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს. ამასთან, არსებული ინფორამაციით, ქელბაქიანი თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარია, მაგრამ ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვაზე უგულავასთან მიმართებაში კითხვები არ დასმულა. 

გავრცელებული ინფორმაციით, გეგი ქელბაქიანი, თბილისის ერთ-ერთი სკანდალური გასართობი დაწესებულების - „ბუდაბარის“ ერთ-ერთი მფლობელია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქელბაქიანის ადვოკატმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა განუცხადა, „თბილისის წყლის“ ყოფილ ხელმძღვანელს გამოძიება სამშენებლო კომპანია „ენ-სი-სი“-ში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. მისივე თქმით, ქელბაქიანის დაკავებას არავითარი კავშირი არ აქვს „თბილისის წყალთან“. 

21 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი (გეგა) ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელიც ჟურნალისტებს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა გააცნო. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ენ სი სი“-ს გენერალური დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე საწარმოს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე, რომლებმაც სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 309 885 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 032 091 ლარი ნაღდი ფული უკან დაუბრუნა გიორგი ქელბაქიანს და არჩილ ჩოგოვაძეს.
გარდა ამისა, ამავე პირების მიმართ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება რიყეზე მდებარე "ბუდა-ბარის" საკუთრების კანონიერების შესახებ, აგრეთვე თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით. დაკავებულ პირებს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინებათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანია „ენ-სი-სის“ ფინანსური დოკუმენტაცია წაიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის წარმომადგენელმა მარიანა მორგოშიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კუდ-ის წარმომადგენლები კომპანიაში დაახლოებით 12-დან 14 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ. ამასთან, მორგოშიას თქმით, კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. 

„კომპანია აგრძელებს მუშაობას და ფუნქციონირებას. გრძელდება მიმდინარე თვის ყველა პროექტი. კომპანია „ენ-სი-სი“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. „შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად კომპანიას არავინ ხელმძღვანელობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საჯაროდ გავავრცელებთ. ამასთან, კომპანიაში მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობთ, რაც მედიასაშუალებებში ვრცელდება. გენერალური დირექტორისა და ფინანსური მენეჯერის დაკავების შესახებ ინფორმაცია ჩვენ სწორედ მედიის საშუალებით გავიგეთ“, - აღნიშნა მორგოშიამ.

მისივე თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, იგეგმება თუ არა კომპანიის სხვა წარმომადგენლების დაკითხვა. ამის შესახებ „ენ-სი-სი“-ში შეტყობინება არ შესულა. 

გეგა ქელბაქიანს და არჩილ ჩოგოვაძეს ბრალი ედებათ 194-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. დანაშაული 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობენ.

ახალი ამბები