21:34, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ბალანსის დარღვევა ტელეკომპანიების მთავარ პრობლემად რჩება“ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და „მემო 98“-ის ანგარიში

26.11.2012

გელა ბოჩიკაშვილი, media.ge

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და სლოვაკურმა ორგანიზაციამ „მემო 98“ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის კვლევის შემაჯამებელი ანგარიში 22 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, მონიტორინგის მთლიან პერიოდის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ბალანსისა და მიუკერძოებლობის დაცვის თვალსაზრისით შეიმჩნეოდა. კვლევის ავტორები 1 ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში  11 ტელეკომპანიას საუკეთესო საერთერო დროსაკვირდებოდნენ. მოიტორინგს დაექვემდებარა - საზოგადოპებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „რეალ ტივი“, „მაესტრო“, „მეცხრე არხი“, „კავკასია“, „25-ე არხი“(ბათუმი), „რიონი“ (ქუთაისი), „მეგა ტივი“ (ხონი), „აჭარა“ (ბათუმი).

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ მათავარ პრობლემად კვლევაში ფაქტების არასრულად წარმოჩენა - ფაქტების ნაკლებობა და „ფორმალური ბალანსი“ დასახელდა. კვლევის ავტორებმა მნიშვნელოვან ხარვეზად მიიჩნიეს მაუწყებლის მიერ ისეთი თემების ყურადღების მიღმა დატოვება, როგორიც პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოს გავრცელება, საკუთარი თანამშრომლების არხიდან პროტესტის ნიშნად წასვლა და სხვა არაერთი ფაქტი.

კვლევის თანახმად, „პირველი არხი“ ერთი შეხედვით იცავდა ბალანსს, კონკრეტულ რუბრიკებში აშუქებდა ყველა საარჩევნო სუბიექტს, „თუმცა, ეს ბალანსი დაცული იყო მხოლოდ ამ კონკრეტულ რუბრიკებში და არა მთლიანად საინფორმაციო გამოშვებაში“, - აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში და იქვე ნათქვამია, რომ ამგვარი სიუჟეტების ხანგრძლივობა 7-10 წუთს აჭარბებდა, რაც არადაინამიურს ხდიდა მას.

ანგარიშში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ისა და „იმედის“ საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში მისაღებ ხარისხთან მიახლოებულადაა შეფასებული. არხის ეთერში გასული მოვლენები ფაქტებითაა გამყარებული. თუმცა, საინფორმაციო გამოშვებებში დაბალია „მოკვლევითობის“ ხარისხი. კვლევის განმავლობაში საინფორმაციო გადაცემები გამოირჩეოდა დაუბალანსებლობითა და სიახლეების მიკერძოებული გაშუქებით. „რუსთავი 2“ დადებით ტონში მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მთავრობას და პრეზიდენტს აშუქებდა. უარყოფითად კი კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივობებს წარმოაჩენდა. მთავრობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება იგრძნობოდა იუმორისტულ გადაცემებშიც.

მონიტორინგში მიკერძოებულადაა შეფასებული „რეალ-ტვ“-ის საქმიანობა. კვლევაში არხის პრობლემად სიუჟეტებში ფაქტების სიმწირე, ფაქტების დამახინჯება,  დაუბალანსებელი ინფორმაცია, მიკერძოებულობა და ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა დასახელდა. „რეალ ტვ“ არის ტელევიზია, რომლის სტანდარტული კრიტერიუმებით შეფასება შეუძლებელია, აქ სიტყვები „ბალანსი“ და „მიუკერძოებლობა“ აზრს კარგავს“, - ნათქვამია არხის შეფასებისას.

კვლევის მიხედვით, საინფორმაციო გამოშვებები უმეტეს შემთხვევაში მისაღებ ხარისხს აკმაყოფილებს „მაესტროზე“. ახალი ამბები არ ხასიათდება უხეში დარღვევებით, რედაქცია ახერხებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ოპერატიულად, მრავალმხრივ და ხშირ შემთხვევაში დაბალანსებულად გაშუქებას. „თუმცა შეიმჩნევა თემატური მრავალფეროვნების პრობლემა- რედაქციისთვის პრიორიტეტული და, შესაბამისად, გამოშვებებში დომინირებული თემები - პოლიტიკისა და თავად მედიის გაშუქებაა, სხვა თემებისთვის გადაცემებში დრო ნაკლებად რჩება“, - ნათქვამია კვლევაში.

ბალანსისა და ობიექტურობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს გადაცემა „სუბიექტური აზრი“, რის საფუძვლადაც კვლევაში გადაცემის სახელია მოყვანილი. კითხვის დასმის არასწორ ფორმულირებაზეა საუბარი გადაცემა „არგუმენტებისა“  და „ჩვენს“ შემთხვევაში.  ნინო ჟიჟილაშვილის „პოლიტმეტრი“ კი, მაღალი ხარისხის გადაცემადაა მიჩნეული, თუმცა ხარვეზები ამ თოქშოუშიც შეინიშნებოდა.

მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, „მეცხრე არხის“ საინფორმაციო გამოშვებების რელევანტურობის ხარისხი მაღალი იყო, მაგრამ სიუჟეტები ძირითადად მაინც პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და მთავრობაზე იყო აქცენტირებული. ამასთან, პირველი სუბიექტი დადებით, მეორე კი უარყოფით ტონში შუქდებოდა.

არხის პრობლემად მონიტორინგში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა და წყაროების არაზუსტი იდენტიფიცირება სახელდება. კვლევაში ყურადღება გამახვილდა გადაცემა „ანატომიის“ წამყვანზე, ნათია მიქიაშვილზე, რომელიც მაყურებელს „საკუთარ ტექსტს ისე აწვდიდა, როგორც დადასტურებულ ფაქტს“.

კვლევიდან ირკვევა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „კავკასია“ საინფორმაციო გამოშვებაში კვლევის სუბიექტებს დაბალანსებულად აშუქებდა. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ არხის ბალანსისა და  მიუკერძოებლობის ნიშნულს თოქ-შოუების ხარისხი ამცირებდა. „წამყვანებს ახასიათებთ სუბიექტური, არაფორმალური და დისკრიმინაციული  საუბრები“, - ხაზგასმულია კვლევაში.

იქვე ირკვევა, რომ „მეგა ტვი“ ახალ ამბებს მშრალად, ინფორმაციის დონეზე გადასცემდა და არ აშუქებდა სიღრმისეულად. „მეგა ტვ“-ის ეთერში ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებიდან გავიდა. მანამდე „მეგა ტვ“-ის ეთერში კვირაში მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ გადიოდა საინფორმაციო პროგრამა, შესაბამისად, მასალების სიმცირის გამო, ეს ტელეკომპანია სრულფასოვნად ვერ შეფასდა.

ტელეკომოპანია „რიონი“, მონიტორინგის მიხედვით, აკმაყოფილებს მისაღებ ხარისხს. თუმცა, არხს აქვს ბალანსის, ფაქტებისა და კომენტარების გამიჯვნის, სიუჟეტების ფაქტებით გამყარების პრობლემა. არხის ეთერში დადებითადაა შეფასებული ტელეჟურნალი „მრავალკუთხედი“, რომელიც თემების მრავალფეროვნებითა და მნიშვნელოვანი საკითხების წამოჭრით გამოირჩევა.

კვლევის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელე-რადიოდეპარტამენტი - „აჭარა ტვ“ მიკერძოებულად აშუქებდა წინასაარჩევნო კამპანიას, შესაბამისად აშაკარად გამოიკვეთა ბალანსის პრობლემა.

ბათუმის „25-ე არხი“ კვლევაში წარმოჩენილია როგორც ერთერთი ყველა დაბალანსებული არხი. ტელეკომპანია ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიების ბრიფინგების გაშუქებისას აქცენტს პრობლემაზე აკეთებდა. მაღალი მაჩვენებელი აქვს ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნის კუთხით. არხის მთავარ პრობლემად მოკვლევითი სიუჟეტების ნაკლებობა და ვიზუალური მხარეა დასახელებული.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ოთხი ტელეკომპანიის („პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მეცხრე არხი“) მონიტორინგს არჩევნების შემდეგ პერიოდშიც აგრძელებს.



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC