კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ მიაყენა შეურაცხყოფა „გურიის მოამბისა“ და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს?!

27 ნოემბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

„გურიის მოამბისა“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს, ვლადიმერ მენაბდეს ოზურგეთში ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ მას თავს „ქართული ოცნების“ ოზურგეთელი აქტივისტები დაესხნენ, ლაშა ღლონტის ხელმძღვანელობით. „ქართული ოცნება“ იციდენტთან მისი აქტივისტების კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

„ქალაქ ოზურგეთში, რესტორან „ქალაქურთან“, თავს დამესხა „ქართული ოცნების“ აქტივისტთა ჯგუფი, ოზურგეთის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლის (რომელმაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პროტესტის ნიშნად დატოვა ხელისუფლება და „ოცნებას“ შეუერთდა) ლაშა ღლონტის ხელმძღვანელობით, მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თავდამსხმელები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ჩემს მიერ გაზეთში დაბეჭდილი სტატიის გამო. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლაშა ღლონტმა ჩემზე მუქარა ფიზიკური ლიკვიდაცია, განადგურება და ა. შ. ოზურგეთის პოლიციის ოფისში, პოლიციელების თანდასწრებითაც გააგრძელა“, - წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

Humanrights.ge-სთან საუბრისას ვლადიმერ მენაბდემ ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა: „ჩვენი თანამშრომლის ქორწილი იყო. სუფრა მალე დავტოვე და ჩემს თანამშრომლებთან ერთად წამოვედი. რესტორანი „ქალაქურიც“ ახლოსაა, სადაც იდგნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები. სამწუხაროდ, სახელითა და გვარით არც ერთს არ ვიცნობ, ლაშა ღლონტის გარდა, მაგრამ სახეზე ყველას ვცნობ. ერთი იყო კიდევ გვარად კეჭეხმაძე. ყოველგვარი საქმის გარჩევის გარეშე გადავიდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ხოლო ავტოსადგომთან დაყენებულ მანქანებს რომ მივუახლოვდი, გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.

- მიზეზი არ უთქვამთ, რატომ გაყენებდნენ შეურაცხყოფას?

- რაღაც სტატიის თუ ტელევიზიით გასული სიუჟეტის გამო. ჩემზე დაიწერა რაღაც სტატიაო. ზუსტად არ ვიცი, ძალიან მთვრალები იყვნენ და აზრი ვერ გამოვიტანე, რა უნდოდათ. არც ვიცი, გამომძიებელმა დაკითხვის ოქმში რა ჩაწერა. ვფიქრობ, უმიზეზოდ დაიწყეს ჩემი ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ავტოსადგომისა და რესტორნის თანამშრომლებმა გაიყვანეს ძლივს. პოლიციაში ჩემი ჩვენების შემდეგ ლაშა ღლონტიც მოიყვანეს, რომელიც ძალიან მთვრალი იყო. მან პოლიციაში ჩემი შეურაცხყოფა კიდევ უფრო გააძლიერა. ყვიროდა, რომ ერთი თვეა, დამსდევდა მოსაკლავად, თითქოს მასზე ვწერ რაღაცებს, ვისთვის მომიყვანეთ აქ, ამის გულისთვისო? ჩემი დაკითხვა მიმდინარეობდა და ჩემკენაც კი წამოიწია. გამომძიებელმა მისცა შენიშვნა მხოლოდ. დანარჩენ პოლიციელს არაფერი უთქვამს მისთვის. მხოლოდ ამას ამბობდნენ, რა ქნა „კურდღელამ“, რა მომავალი დაკარგაო.

- ვინ არის კურდღელა?

- ამ ადამიანის მეტსახელია.

- ანუ ამ ეტაპზე ასახელებ ორ ადამიანს?

- სხვებს სახეზე ვიცნობ, მაგრამ სახელებსა და გვარებს ვერ ვიხსენებ, ვიცი, რომ იყო ლაშა ღლონტი და ვინმე კეჭახმაძე, სახელი არ მახსენდება. ღლონტი პოლიციაში რომ მოვიდა, გალეშილი მთვრალი იყო. იძახდა, ეს ჩვენზე რაებს წერს, რომ იცოდეთო. მგონი არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ მასალაზე აქვს პრეტენზია. საქმე აღძრულია 188-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს, მაგრამ სხეულის მძიმე დაზიანება არ მაქვს და შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს, როგორც ჟურნალისტისთვის ხელის შეშლა. თუმცა არც ხელის შეშლა არ ყოფილა, ქუჩაში დამხვდნენ. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.

- საინტერესოა, თუ ღლონტის გარდა სხვებს არ იცნობ, საიდან ასკვნი, რომ მაინცადამაინც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მოგაყენეს შეურაცხყოფა? თავად გაუსვეს ამას ხაზი?..

- წინასაარჩევნოდ სტატიებისა თუ სიუჟეტების მომზადების პროცესში ამ ადამიანებს მე სულ „ქართული ოცნების“ აქციებზე ვხედავდი. ყველას შეგვიმჩნევია, რომ აქტიურად მონაწილეობდნენ აქციებში, განსაკუთრებით - ლაშა ღლონტი. წევრობას რაც შეეხება, „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთზე ამბობენ - კოალიციის წევრები არ არიანო. ასე რომ, ვერ გეტყვით, არიან თუ არა წევრები, მაგრამ აქტივისტები არიან. თავდასხმის მომენტში კი მაგინებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო მცემდნენ. ერთიც მინდა აღვნიშნო, ლაშა ღლონტი აგრესიულობა პოლიციაში მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ მის უკან სერიოზული ძალა დგას და ის ძალიან ახლო ურთიერთობაშია პოლიციასთან.

Humanrights.ge „ქართული ოცნების“ ოზრუგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, კოტე შარაშენიძეს დაუკავშირდა: „ხაზგასმით ვაცხადებ, რომ მენაბდეზე თავდასხმის ფაქტთან კოალიციის წევრებსა და აქტივისტებს არანაირი კავშირი არ გვაქვს. მენაბდეს ყველა არჩევნების წინ ცემენ, მაგრამ არც ერთი ამ შემთხვევის მიზეზი არ ვიცი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ლადო მენაბდე ასახელებს, „ქართული ოცნების“ ოფისთან არასოდეს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და არა აქვთ. ლაშა ღლონტმა მართლაც არჩევნებამდე დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ჩვენი აქტივისტი არ ყოფილა. სახეზეც კი არ ვიცნობ მას.

- ლადო მენაბდემ განაცხადა, რომ ვინმე კეჭახმაძემაც ცემა...

- არც კი ვიცი, ვინაა ეს პიროვნება. ვიმეორებ, ამ ფაქტთან ჩვენს წევრებსა და აქტივისტებს შეხება არა აქვთ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბატონ ლადოსთან, ვიცნობთ მას, მაგრამ ვიმეორებ, ამ ფაქტთან კავშირი არა გვაქვს და ჩვენი აქტივისტები არ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ლადოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს.

ახალი ამბები