კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კობა ბექაური: „ადეიშვილმა მითხრა, დაგიჭერ და გაგანადგურებ ან შალვა რამიშვილს ფული უნდა მისცეო“

27 ნოემბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი და ყოფილი დეპუტატი, კობა ბექაური 26 ნოემბერს „მაესტროს“ ეთერში შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში მივიდა.

როგორც კობა ბექაურმა განაცხადა, ამ გადაცემაში მისვლის მიზეზი არის ის, რომ მას სურს ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის ტვირთი, რომელსაც წლებია ატარებს. მისი თქმით, როცა შალვა რამიშვილის რაიმე მეთოდით შეჩერებაზე დაიწყო საუბარი, ის დაიბარეს დათა ახალაიას კაბინეტში, რათა „ყველაფერი ისე მოეგვარებინათ, როგორც ისინი ეტყოდნენ“.

„დათა ახალაიას კაბინეტში დამხვდნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და თავად დათა ახალაია. მაშინ, როცა იყო საუბარი ფული შემეთავაზებინა შენთვის და ამის შემდეგ შენ დაგაკავებდნენ, ერთი პერიოდი წინააღმდეგობა გავუწიე - ვუთხარი, რომ იქნებ ეს ჩემგან არ გამოვიდესო. ადეიშვილმა მითხრა - ან დაგიჭერ და გაგანადგურებ, ან ფული უნდა მისცეო“, - განუცხადა ბექაურმა რამიშვილს.

მისივე თქმით, მაშინ დაჭერა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არ ჰქონდა მნიშვნელობა, გქონდა თუ არა დანაშაული ჩადენილი.

რაც შეეხება 30 ათას ლარს, რომელიც შალვა რამიშვილის ქრთამის სახით შესთავაზეს, ბექაური აცხადებს, რომ ეს თანხა მას არ ჰქონია.

„პირადად ვანომ დაურეკა მესხელს და იმან მოიტანა ეს ფული“, - განაცხადა ბექაურმა. ფარულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით ბექაური იხსენებს, რომ კუდი-ს შენობაში მოუწია მისვლა, სადაც მისი თქმით, გიგი უგულავა დახვდა და სწორედ მან წაიღო ეს ვიდეომასალა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის როლს ამ საქმეში, ბექაური აცხადებს, რომ მას ყველაზე მეტად უნდოდა ტელეკომპანია „202“-ის გაჩერება. ბექაური ვარაუდობს, რომ დეტალებს ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან ათანხმებდა.

კობა ბექაურის განცხადებით, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მას დაწერილი მიუტანეს და მან ისე მოაწერა ხელი, არც კი გაცნობია.

შალვა რამიშვილის კითხვაზე, რატომ აირჩიეს ამ საქმეში მაინცდამაინც კობა ბექაური, ბექაურმა განაცხადა, რომ „თუ დასჭიდებოდათ, საკუთარ ძმასაც აირჩევდნენ. ვერავინ გაუძლებდა იმ წნეხს".

კითხვაზე, მიიღო თუ არა რაიმე ფინანსური სარგებელი ან საჩუქარი შალვა რამიშვილის დადანაშაულების შემდეგ, ბექაურმა განაცხადა, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია.

„იმ ტერმინალში, სადაც ჩემს ოჯახს ინტერესი ჰქონდა, იყო რამდენიმე ძალა, რომელსაც უნდოდა ამ ტერმინალის ხელში ჩაგდება და საბოლოოდ ჩაიგდეს კიდეც. ფაქტობრივად, მითხრეს - ეს ტერმინალი გადაუფორმე სხვასო. როდესაც ეს გავაკეთე, საბოლოოდ ფულიც არ გადამიხადეს, ისე დავკარგე ეს ტერმინალი“, - განაცხადა ბექაურმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავის დროზე ისე წამოვიდა პარლამენტიდან, განცხადებაც არ დაუწერია და „ისე გააკეთეს თვითონ ყველაფერი“.

ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებლები შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე 2005 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მათ დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში დასდეს ბრალი. რამიშვილის და კოხრეიძის დაკავება ფარული ვიდეოკამერით გადაღებული იმ ვიდეომასალის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს თავად ბექაურმა მიაწოდა.

იხილეთ ვიდეო:ადეიშვილმა მითხრა: ან გაგანადგურებ ან რამიშვილს ფული უნდა მისცეო - კობა ბექაური დუმილს არღვევს

ახალი ამბები