კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრული „სმარტის“ წინააღმდეგ

28 ნოემბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

თელეთის საპატრულო პოლიციასა და სავაჭრო ცენტრ „სმარტს“ შორის კონფლიქტის თაობაზე Humanrights.ge-ს მარნეულიდან შეატყობინეს. ჩვენი წყაროს თქმით, ადგილი აქვს პარტრულის მხრიდან სამსახურეობრივი მდგომარების  ბოროტად გამოყენებას.

მოწოდებული ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პატრულმა „სმარტის“ მარნეულის ფილიალის თანამშრომელ ქალბატონს ნაყიდი ხორცის პროდუქტის  გაცხელება, თუ შეწვა სთხოვა. ამაზე „სმარტის“ თანამშრომელმა უკმაყოფილება გამოხატა, მაგრამ საკვები მოგვიანებით მაინც გაუმზადა. შემდეგ კი პატრულის თანამშრომელი გააფრთხილა, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ განმეორდებოდა, რადგან  მას არ ევალებოდა კლიენტისთვის საკვების მომზადება. 

შემდეგ საღამოს,  როცა „სმარტის“ მანქანა თანამშრომლების სახლში მისაყვანად მივიდა, პატრულმა სწორედ ის ავტომობილი  დააჯარიმა, სადაც მათთან კონფლიქტში მყოფი გოგონა იჯდა. ჩვენი წყაროს თქმით, დაჯარიმებისას პატრულმა პოლიციელმა განაცხადა კიდეც, რომ სწორედ ამ გოგონას გამო აჯარიმებს მძღოლს და დაიქადნა, რომ მომავალშიც დააჯარიმებს ყველა იმ მანქანას, სადაც ის ჩაჯდება.

მარნეულის „სმარტის“ ფილიალში თელეთის საპატრულოსთან დაკავშირებულ კონფლიქტზე ღიად საუბარი აღარ სურთ. ამბობენ, რომ მათ შორის კონფლიქტი ამოიწურა და არ უნდათ, ამ თემაზე მომზადებული სტატია  ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდეს. მიუხედავად, ამისა „სმარტის“ მენეჯერი არ უარყოფს მათსა და საპატრულოს შორის მომხდარ ინციდენტს.

„ეს ამბავი დაახლოებით სამი კვიროს წინ მოხდა.  მე როგორც მითხრეს, პატარა შელაპარაკება მოხდა ჩვენ თანამშრომლესა და პატრულის წარმომადგენელს შორის. გოგონამ მას საკვების შეწვაზე თავდაპირველად უარი უთხრა, შემდეგ კი პროდუქტი იმ გრადუსზე შეუწვა, რაზეც პატრულმა ითხოვა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს პროდუქტი კარგად შემწვარი არ იყო და მოკლედ, ასეთ წვრილმანს მოყვა ეს ამბავი. ისე, ზოგადად გეტყვით, რომ „სმარტს“ არ ევალება კლიენტისთვის მსგავსი მომსახურება.  რაც შეეხება ჯარიმას, მე რამდენადაც ვიცი, ის მანქანა ათი ლარით დააჯარიმეს. საქმეში ცხადია, ჩვენი ხელმძღვანელობაც ჩაერია. თანამშრომლის დაჩაგვრის უფლებას ვერავის მივცემდით. ვისაუბრეთ და ყველაფერი მოგვარდა. კონფლიქტი აბსოლუტურად ამოიწურა. ახლა, პატრულის ის თანამშრომელი ჩვეულებრივად შემოდის ჩვენთან, გვესალმება და არავითარი აგრესია არა აქვს ჩვენს მიმართ“, - ამბობს „სმარტის“ მარნეულის ფილიალის მენეჯერი, ლეილა სტეფანია.

მისივე თქმით, ზუსტად არ იცის, გადაიხადა, თუ არა „სმარტმა“ პატრულის „პირადი შურისძიებით“ გამოწერილი ჯარიმა.

შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა Humanrights.ge-სთან საუბროსას განაცხადა, რომ სამინისტრო შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მზადაა, პატრულის თანამშრომლის  პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

Humanrights.ge-სთვის უცნობია თელეთის საპატრულო პოლიცია სხვა დროს იყენებდა თუ არა ჯარიმებს პირადი ანგარიშსწორებისთვის. აქვე დავძენთ, რომ ინფორმაცია „სმარტსა“ და პატრულს შორის არსებულ დაპირისპირებაზე თავდაპირველად „სმარტის“ თანამშრომლებისგან არ მიგვიღია. იმედს ვიტოვებთ, ამ საკითხზე მომზადებული მასალა ახალი კონფლიქტის მიზეზი არ გახდება.

ახალი ამბები