კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნათია ლაზაშვილმა „მეცხრე არხიდან“ წამოსვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადა

4 დეკემბერი, 2012

Media.ge

„მეცხრე არხის“ ახალი ამბების წამყვანმა, ნათია ლაზაშვილმა 1 დეკემბერს დღის 9-საათიან გამოშვებაში განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ტოვებს.

„სამწუხაროა, რომ უკვე მეორედ მიხდება იგივე განცხადების გაკეთება, რაც რამდენიმე წლის წინ „რუსთავი 2“-ში მომიწია, თუმცა იმ განსხვავებით, რომ „რუსთავი 2“-ში 11 წელი ვიმუშავე, ხოლო „მეცხრე არხზე“ მხოლოდ 8 თვე მომეცა ამის საშუალება“, - განაცხადა ლაზაშვილმა პირდაპირ ეთერში. მან კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რატომაც მან „მეცხრე არხის“ სხვა თანამშრომლებთან ერთად ტელეკომპანიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო: „ჩვენ გუშინ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ არხის რეორგანიზაციიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო იმ პროცესების თავიდან აცილება, რომელიც ამჟამად „მეცხრე არხზე“ მიმდინარეობს. თუმცა, დღეს თანამშრომლებს განუცხადეს, რომ არხზე რეორგანიზაცია დასრულებულია. ასევე გაკეთდა განცხადებები, რომლებიც აბსოლუტურად მიუღებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღო და დარწმუნებული ვარ მათთვისაც, ვინც ამ ეტაპზე არხზე რჩება. ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია თანამშრომლობა ისეთ ხელმძღვანელობასთან, ვინც ერთმანეთთან აიგივებს ტელევიზიას და ფერმას. ჩვენ ყველა პროფესიას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩემი, ერთი ჟურნალისტის სახელით მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მე სამუშაოდ მოვედი ტელეკომპანიაში და არა ფერმაში. თუმცა, არ არის გამორიცხული, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე როდისმე ესეც მომიწიოს“.

ლაზაშვილის თქმით, ჟურნალისტებისთვის გაუგებარია, თუ ბიძინა ივანიშვილს უხერხულობას უქმნის მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული ტელევიზია, რატომ არ უქმნის ასეთივე უხერხულობას ახალ ხელმძღვანელს [ლუბა ელიაშვილის] ის ფაქტი, რომ მისი ოჯახის წევრი [ლუბა ელიაშვილის მეუღლე, შალვა შავგულიძე] არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის [კოალიცია “ქართული ოცნების”] წარმომადგენელი პარლამენტში და იუსტიციის საბჭოს წევრი.

ნათია ლაზაშვილის თქმით, ლუბა ელიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტელეკომპანიას ჰქონდა დაბალი რეიტინგი და აქამდე “სნობურ ახალ ამბებს” აკეთებდნენ.

„ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პროდუქტზე, რასაც 8 თვის განმავლობაში ვქმნიდით და საშუალებას ვაძლევთ ახალ ხელმძღვანელს, რომ გააკეთოს ისეთი ახალი ამბები, რომელიც მას მიაჩნია რეიტინგულად“, - განაცხადა ლაზაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ტელეკომპანიიდან წასულმა თანამშრომლებმა ახალ ხელმძღვანელს შესთავაზეს ტელეკომპანიაში დარჩენა მანამ, სანამ საინფორმაციო სამსახურის გამართული მუშაობისთვის იქნებოდა საჭირო. თუმცა ლუბა ელიაშვილმა მათ განუცხადა, რომ ეს აუცილებელი არ იყო და ის იმ დღესვე მოიყვანდა ახალ კადრებს.

ძალიან ვწუხვარ, რომ ფაქტობრივად დადასტურდა ის სატელეფონო საუბრები, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა და სადაც საუბარი იყო ლუბა ელიაშვილის “მეცხრე არხზე” მოსვლაზე და იყო ნახსენები სიტყვა ნგრევა. ნებსით თუ უნებლიედ, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ არ დაინგრევა ის, რასაც 8 თვის განმავლობაში ჩვენ კოლეგებთან ერთად ვაშენებდით.  მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "მეცხრე არხის" ყველა თანამშრომელს. აქვე მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩემს კარიერაში ეს იყო ერთერთი საუკეთესო პერიოდი და მუშაობისთვის ყველაზე ჯანსაღი გარემო. მეამაყება, რომ იმ რთულ პერიოდში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, ვიყავი “მეცხრე არხის” თანამშრომელი და ამიტომ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველას”, - აღნიშნა ლაზაშვილმა.

30 ნოემბერს „მე-9 არხი“ დატოვეს ახალ ამბებზე მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტმა, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ რუხაძემ, დირექტორის მოადგილემ და გადაცემა “კონსილიუმის” წამყვანმა ვასილ მაღლაფერიძემ, გენერალური დირექტორის მრჩეველმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში, ირინა თევდორაშვილმა. მათ ეს გადაწყვეტილება გენერალური დირექტორის, კახა ბექაურის მიერ ტელეკომპანიის დატოვების შემდეგ მიიღეს.

ახალი ამბები