კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი

10 დეკემბერი, 2012

შორენა ლათათია

2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მაგრამ, შედეგი იმდენად სწრაფი და ეფექტურია, რომ მის შესაქმნელად დახარჯული თითოეული თეთრი გამართლებულია.

კვლევის ჩატარებამდე, თავად კვლევის ხელმძღვანელს, დონალდ გრინსაც სჯეროდა, რომ წინასაარჩევნოდ ხმების მოზიდვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ძველი და კარგად ნაცადი კარდაკარის პრინციპის გამოყენება იყო. 2005 წლის ამერიკის ერთ-ერთი გუბერნატორის განმეორებითი არჩევნების მიმდინარეობისას, გრინი ამომრჩეველს ორჯერ შეხვდა - რეკლამის ტრანსლირებისას და ტრანსლირების დასრულებიდან 2 კვირაში. შედეგი გასაოცარი იყო. ამომრჩეველთა უმრავლესობამ, ორ კვირაში, რეკლამაში განთავსებული პირის სასარგებლოდ შეიცვალა პოზიცია. თუმცა, რეკლამის ტრანსლირების დასრულებიდან ორი კვირის თავზე იგივე ამომრჩეველი უკვე აღარ გამოხატავდა ადრინდელ სიმპატიას.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ მხოლოდ პოლიტიკური რეკლამით ამომრჩევლის სიმპატიის დიდხანს შენარჩუნება რთულია, მაგრამ უდავოა, რომ საარჩევნო კამპანიის წარმატებაში მას ხშირად გადამწყვეტი ადგილი უჭირავს.

„გინდათ, იცხოვროთ უკეთ? მაშ, ხმა მომეცით!!!“ - ამ მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკით უკვე წლებია, პოლიტიკური სობიექტები არჩევნების მოგებას ცდილობენ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე ყველაზე ადრინდელი პოლიტიკური რეკლამა საქართველოს მოქალაქეთა კავშირს ეკუთვნის.

საქართველოს მოქალაქეთა კავშირის (სმკ-ს) იმდროინდელ სარეკლამო რგოლებში თითქმის არ გვხვდება ლიდერის პერსონიფიცირება და მასში ძირითადად, ამომრჩეველი საუბრობს.

ერთ-ერთ რეკლამში სხვადასხვა პროფესიის ამომჩევლები სმკ-ს უპირატესობის დამტკიცებას შემდეგი პასუხებით ცდილობდნენ:

თამაზ კალაძე, სკოლის დირექტორი: „მოქალაქეთა კავშირს მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ძლიერი, ერთიანი. ჩემს ქვეყანაში იყოს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება...“

ნათია ზანდუკელი, სასამართლოს მდივანი: „მოქალაქეთა კავშირს იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ გაატარა რეალური სასამართლო რეფორმა“.

ზიანა მზებრიშვილი, გლეხი: „ხმას სმკ-ს იმიტომ ვაძლევ, რომ იმედი ისევ მაგისი გვაქვს. იმიტომ, რომ ახალი მთავრობა ისევ ახლიდან დაიწყებს და ისევ ახალი ტანჯვა გვექნება...“

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე, ასევე შეგიძლიათ ნახოთ მოქალაქეთა კავშირის პოლიტიკური რეკლამების შავი მასალა. ძნელია, იუმორის გარეშე უყურო, თუ როგორ ცდილობენ მაშინდელი ამომრჩევლები მათთვის საგანგებოდ მომზადებული მოკლე ფრაზის დამახსოვრებასა და სწორად გამეორებას: „ისე, ახლის მოსვლა, ჩვენც გვეშინია, რადგანაც არ ვიცით, რა უნდათ მათ“; „მოქალაქეთა კავშირის იმედი მაქვს, განათლებული ხალხია, იმედია, ჩვენც განათლებული ვიქნებით“; „რაც მაგათ უნდათ, ევროპული დონის ცხოვრებაა, რა არის ამაში ცუდი?!“ „ევროსაბჭოში შევედით, მთელი მსოფლიო გვიყურებს, უნდა მივცეთ ხმა, აბა, რა უნდა ვქნათ?!“ „ეხლა ისე ხშირად აღარ გვაჩერებს პოლიცია, ეტყობა ადამიანის უფლებების დარღვევის ეშინიათ“. მასალების სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

რეკლამებში უბრალო მოქალაქეებთან ერთად საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც გვხდება.

კონსტანტინე მადიჩი, ონკოლოგი - „მე მაქვს ერთი ხმა და ამ ჩემს ერთ ხმას ვაძლევ მოქალაქეთა კავშირს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა 4 წლის განმავლობაში და ბევრი კარგი საქმე აქვთ გასაკეთებელი. ვაცალოთ, დაამთავრონ ის, რაც აქვთ დაწყებული“.

ნანული სარაჯიშვილი, მსახიობი: „მარტო სასამართლო რეფორმა, რომელიც მათ გაატარეს, აი, ეს არის გარანტი, რომ ქვეყანაში სამართალი იქნება.

მამუკა ხაზარაძე TBC ჯგუფის პრეზიდენტი: „მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ევროპული ორიენტაცია, ამიტომაც ვუჭერ მე მათ მხარს“.

  


თემურ ჩხეიძე, რეჟისორი: „მოქალაქეთა კავშირი არის ის პარტია, რომლისადმითაც მე სიმპატიას გამოვხატავ. მე მეგულება ათეულზე მეტი პიროვნება, რომელზედაც თავს დავდებ და რომლისაც აბსოლუტურად მჯერა და მწამს მათი წესიერების, პატიოსნებისა და  პროფესიონალიზმის“.

ნინელი ჭანკვეტაძე, მსახიობი: „მე ასე მგონია, რომ მოქალაქეთა კავშირში ღირსეული პიროვნებების რიცხვი მეტია. აი, ამიტომაც ჩემი არჩევანი მოქალაქეთა კავშირია“.

ლია რცხილავა, მუსიკოსი: „ძალიან მომწოს მიშა სააკაშვილი, განათლებული ერუდირებული გულანთებული. აი, ასეთი ახალგაზრდების მოსვლა თუ უშველის ჩვენს პარლამენტს“.

როგორც ხედავთ, ზოგიერთი კომენტარი ერთ-ერთი ქართული ანდაზის სიბრძნეზეა აგებული - შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჭირი სჯობიაო.

ბუნებრივია, დროსთან ერთად განვითარდა რეკლამის ხარისხი და შეიცვალა მისი გადმოცემის ფორმა და შინაარსი. დღეს უკვე არავინ ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს -ჭირი კი ვართ, მაგრამ უკვე შეგვეჩვიეთ და ახლის არჩევას ისევ ჩვენ უნდა გერჩივნოთო.

ასევე, ნაკლებად იყენებენ ბავშვებს პოლიტიკური რეკლამაში ისე, როგორც ეს სმკ-ს ერთ-ერთ რეკლამაში იყო, სადაც პატარა ბიჭი დედამიწის ფორმის ბურთს ხელში იღებდა და ამბობდა, რომ ეს მისი სამშობლოა, შემდეგ ეკრანზე ჩნდებოდა წარწერა: „კეთილდღეობა თქვენს ოჯახებს - საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. კიდევ ერთ, სმკ-ს რეკლამაში ბავშვი სახლობანას თამაშობდა, რა დროსაც მას სამხედროები სახლს უნგრევდნენ. შემდეგ მასთან სმკ-ის წარმომადგენელი მიდიოდა, თავზე ხელს უსვამდა და ეუბნებოდა: „მოდი, ერთად ვაშენოთ“. ბავშვი მიდიოდა და ერთად იწყებდნენ სახლის მშენებლობას. რეკლამის ბოლოს ჩნდებოდა წარწერა - „ვაშენოთ ერთად: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

საერთო ტენდენციიდან ოდნავ გადახვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ რეკლამა: „ჩვენ გვაქვს არჩევანი“ , რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების ისტორიულ ფაქტებსა თუ შეცდომებზე ხაზგასმით, ქართული ნათელი მომავალია დახატული. მაგალითად მონათა შრომის ფონზე ჩნდებოდა წარწერა - „მათ არ ჰქონდათ არჩევანი“, შემდეგ ფაშისტური რეჟიმის ამსახველ კადრეზე - „მათ მცდარი არჩევანი გააკეთეს“, ბოლოს კი ჩნდებოდა სმკ-ის ლოგო და წარწერა: „ჩვენ გვაქვს არჩევანი“.

მოქალაქეთა კავშირის კრეატიულ რეკლამათაგან არ შეიძლება გამოგვრჩეს, რეზო ამაშუკელის ლექსზე დაწერილი ჯემალ სეფიაშილის მუსიკა - „გიხაროდენ“, რომელიც იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტად იქცა.  

ამგვარად, როგორც ნახეთ, ქართულ პოლიტიკურ რეკლამას გარკვეული ისტორია აქვს, რომელსაც შემდგომში უფრო დეტალურად რეკლამისა და მარკეტინგის ისტორიის სპეციალისტები შეისწავლიან. ისტორიის საკუთრება და შემდგომი კვლევის საგანი გახდება ის რეკლამებიც, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ტრიალებდა ტელევიზიების ეთერში.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაასრულა საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი, რომელმაც 18 ივნისიდან 18 ნოემბრამდე პერიოდი მოიცვა. წლევანდელი რეკლამების სპეციფიკაზე მსჯელობა უფრო ობიექტურად 4 წლის შემდეგ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით იქნება შესაძლებელი. ცხადია, იმ დროისთვის პოლიტიკური რეკლამის კულტურა კიდევ უფრო დაიხვეწება და 2012 წლის ზოგიერთი რეკლამა, ისტორიის გადასახედიდან, უბრალოდ, ღიმილს მოგვგვრის.

                                                        

 

 

 

 

 

               ამ ბლოგის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები