კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყველაზე ჩუმი სახლის ყოფითი პრობლემები ჟესტურ ენაზე

12 დეკემბერი, 2012

ნათია ბილიხოძე, ქუთაისი

საცხოვრებელი კორპუსი - ძველი და საბჭოური, ისევე როგორც მაშინდელი დამოკიდებულება - უნარშეზღუდულ ადამიანებს ჰქონოდათ იზოლირებული, გამიჯნული სივრცე. მართალია, კორპუსში ასეთი რანდენიმე ოჯახიღა შემორჩა, მაგრამ ამ სახლხს ქუთაისში ყველაზე ჩუმ სახლს უწოდებენ, რადგან თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებამ  სმენადაქვეითებულ ადამიანებს სწორედ აქ განუსაზღვრა საცხოვრებელი სივრცე.

აქ მოხვედრისას არის რაღაც, რაც გაბნევს. გაბნევს პირველი შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც შენი არ ესმის და შენ - მისი. ზარს ხმა არა აქვს, მაგრამ ღილაკზე ხელის დაჭერისას კარი მყისიერად იღება. როგორც მოგვიანებით მიხსნიან, ზარზე ხელის დაჭერისას ნათურა ინთება და სწორედ ასე იგებს უსმენო ადამიანი სტუმრის მოსვლას. მასპინძელი ასაკოვანი ქალია. გაუხარდა უცხო სტუმრის დანახვა. გამოსავალიც თავად მოძებნა, ოთახში მარტო დამტოვა და მეზობელი მოიყვანა. ასე, მესამე პირის დახმარებით, შედგა კომუნიკაცია ჩემსა და მარუსა შონიას შორის. ის ამ კორპუსში ქირით ცხოვრობს, აფხაზეთიდან დევნილია და სმენა 5 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად დაკარგა. ახლა მარტოა - პენსიის ამარა და მცირე გასამრჯელოთი, რომელსაც დამლაგებლის სამუშაოთი იღებს. „მეც ისე ვცხოვრობ, როგორც სხვა დანარჩენი ჩემნაირი დევნილი, ჩემი ცხოვრება ტკბილი არ არის“, - გვითხრა მან.

საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად დაინგრა სმენადაქვეითებულ ადამიანთა საბჭოური ცხოვრების წესი, რომელიც ერთ კონკრეტულ საწარმოზე იყო მიბმული. ასეთ საწარმოებში სმენადაქვეთებული ადამიანები, ძირითადად, ხელოსნებად და რიგით მუშებად მუშაობდნენ. საწარმოების გაუქმებას და დაშლას მოჰყვა პრობლემების მთელი ნაკადი, რომელიც ბნელმა 90-იანებმა მოიტანა. ამ კორპუსში პრობლემებთან დაკავშირებით გამოხატული უკმაყოფილება უჩვეულოდ ჩუმი იყო.

საყოფაცხოვრებო პრობლემები ახლაც ტიპურია, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხია. გარესამყაროსთან ურთიერთობას თარჯიმნის საშუალებით ახერხებენ. ექიმის დახმარება დაჭირდებათ თუ წამალი აფთიაქში, თარჯიმანი ეხმარებათ, რომელიც კორპუსს ჰყავს. გარდა ამისა, მათ აქვთ კლუბი, სადაც იკრიბებიან და იქაც იმავე თარჯიმნის საშუალებით, სატელევიზიო არხებისთვის თვალის დევნებას ახერხებენ.

ამ რუხი კორპუსის ფონზე, შედარებით უფრო ფერადია გარემო სმენადაქვეითებულთა პანსიონატში - ბავშვური, ფერადი ნახატებით, საცხოვრებელი ოთახის კედლებზე სპაიდერმენებისა და ბარბების პლაკატებით. პანსიონატი, რომელიც ოფიციალურად საჯარო სკოლის სტასუსს ატარებს, საქართველოში მეორე, ხოლო დასავლეთ საქართველოში ერთადერთია. ეს არის სპეციალიზებული სკოლა სმენადაქვეითებულ მოზარდთათვის.

„გარესამყაროსთან კომუნიკაციის არქონა ის ძირითადი მიზეზია, რაც მათი აზროვნების განვითარებას უშლის ხელს“, - ამბობს სკოლის დირექტორი, ირინე აბდალაძე. არის კიდევ „მშობლის კომპლექსი“, როცა მშობელს უჭირს შვილის უნარის დაქვეითებასთან შეგუება და ცდილობს, ბავშვი არა სპეციალიზებულ სასწავლებელში, არამედ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში მიაბაროს, სადაც, ბუნებრივია, ვერ იღებს იმ საჭირო ინფორმაციას, რაც ასე აუცილებელია ისედაც პრობლემური გარემოს შესამსუბუქებლად.

„მეტყველი მშობლების სმენადაქვეითებულ შვილებზე მეტად, ყრუ-მუნჯთა ოჯახის შვილები უფრო განვითარებულები არიან. მათთვის ასეთი ყოფა ჩვეული გარემოა და თავს არ აღიქვამენ, როგორც უმწეოები. მათთვის სირთულე არ არის ჟესტური ენის დაუფლება. მართალია, აბსოლუტურად ჯანმრთელი ოჯახისთვის მსგავს მდგომარეობასთან შეგუება სტრესია, მაგრამ მათ უნდა გაითავისონ, რომ მათივე შვილის განვითარებისათვის, უცილებელია სწორ გზაზე დადგომა“, - ამბობს ირინე აბდალაძე.

დავით დავითულიანი სმენადაქვეითებულთა ოჯახში გაიზარდა. მის მშობლებს სმენა ასევე ავადმყოფობის შედეგად ჰქონდათ დაკარგული. დავითი ამბობს, რომ ჟესტური ენა ბუნებრივად, პატარაობიდანვე შეისწავლა. თუმცა, ასეთ პირობებში გაზრდას არ შეუშლია მისთვის ხელი, ადაპტირებულ და სრულფასოვან ადამიანად გაზრდილიყო. „ ფიზიკური ნაკლი არანაირ გავლენას არ ახდენს მშობლიურ მზრუნველობასა და დედა-შვილურ დამოკიდებულებაზე“, - ამბობს დავითი.

თანამედროვეობამ გარკვეული დამოკიდებულებებიც შეცვალა. დღეს სპეციალიზებულ სასწავლებლებში აქცენტი ამ ადამიანების შრომით საქმიანობაში ჩართვაზე  კეთდება. ამ კუთხით ამოქმედდა არა მხოლოდ სახელმწიფოს, კერძოდ - განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი - „თანაბარი შესაძლებლობების განვითარება“, არამედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პეოგრამებიც. სწორედ USAID სა და SAVE THE CHILDREN-ის დახმარებით მოხდა პანსიონატის პედაგოგთა გადამზადება და ახალი, დასავლური მეთოდების დამკვიდრება.

თუმცა, აქაც იჩენს თავს პრობლემა. მუნჯური ენა დაფუძნებულია ჟესტზე და დაქტილური ანბანზე (როცა ანბანური ასო ხელით გამოისახება). ქართული ჟესტური ენა კი ძალიან პრიმიტიული და მწირია, რადგამ მრავალი წელი ეს ჟესტური ენა საბჭოურ სტანდარტებს ემყარებოდა. ჟესტური ლექსიკის სიმწირის გამო, ჭირს გაკვეთილების თარგმნაც. სასწავლო საგნებს პედაგოგები თარჯიმნის საშუალებით ატარებენ. სიტყვა, რომელიც ჟესტით ვერ გამოითქმის, დაქტილური ანბანით გამოისახება. 

ქუჩებში სპეციალური პანდუსები გაჩნდა, სპეციალურად უნარშეზღუდულთათვის, ეს უკვე ნიშნავს, რომ დამოკიდებულებები რაღაცით იცვლება, მაგრამ - ჯერ ისე არა, როგორც ეს დასავლეთშია. არადა, ადამიანებსაც ძალიან აინტერესებთ ყველაფერი, რაც მათ ირგვლივ ხდება. ამის დასტურია ამბავი, რომელსაც ირინე აბდალაძე იხსენებს: „ჩვენი ბავშვების მონაწილეობით დადგმულმა სპექტაკლმა - „ევოლუცია“ სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა. ამ სპექტაკლის საჩვენებლად თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის სცენა დაგვითმეს. საშინელი ამინდი იყო - წვიმიანი, ღვარცოფიანი... შემეშინდა, რომ არავინ მოვიდოდა, მაგრამ თეატრი სმენადაქვეითებული ადამიანებით გადაჭედილი იყო. მაშინ მივხვდი, რომ  ეს  ადანიანები საოცრად მონატრებულნი არიან მსგავს ღონისძიებებსა და საზოგადოებრივ პროცესში ჩართულობას“.

სახელმწიფო დახმარება, რომელსაც სმენადაქვეითებული ადამიანი პენსიის სახით იღებს, 70 ლარია. უკვე არსებობს ახალი 2013 წლის ბიუჯეტი, რომლის თანახმადაც, ეს თანხა მცირედით, მაგრამ მაინც იზრდება.

ახალი ამბები