კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გასვენებაში წასვლის წინ „ნაციონალები“ ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში იკრიბებიან

18 დეკემბერი, 2012
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ბოლო დღეებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ყოფილ გამგებელს, გიორგი გოგუაძეს ხედავენ. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, 12 დეკემბერს გოგუაძე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ კახა ასკურავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძესთან და ვიცე–გუბერნატორ ლელა თავართქილაძესთან ერთად იმყოფებოდა. 

რა საკითხები განიხილეს ამ საიდუმლო შეხვედრაზე, მედიისთვის უცნობია. კომენტარი არც შენობიდან გამოსულ თავართქილაძეს გაუკეთებია. გოგუაძის გამგეობაში სტუმრობას პირად საუბარში ასკურავაც ადასტურებს, რომელმაც ასევე გვითხრა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკაზე არ უსაუბრიათ.

13 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ექსგამგებელი ისევ შენიშნეს. შეხვედრა, როგორც გავარკვიეთ, საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში მიმდინარეობდა. მდივნის თქმით, საკრებულოს უმრავლესობის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს შეხვდნენ. კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა შეხვედრაზე გოგუაძე, მდივანმა მარინა ცენტერაძემ გვიპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის, შეხვედრა დახურულია და ჟურნალისტების მოსვლის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს შეატყობინებს. 

ჩიტიძის კაბინეტიდან გამოსულმა ცენტერაძემ გვითხრა, რომ რევაზ ჩიტიძე რამდენიმე წუთში მიგვიღებდა. არცთუ მცირეხნიანი ლოდინის შემდეგ საკრებულოს წევრებმა ნელ–ნელა დაიწყეს თავმჯდომარის კაბინეტიდან გამოსვლა. პირველი, ვისაც კომენტარი ვთხოვეთ, ამირან გიგინეიშვილი იყო:

 რატომ იმყოფება ადმინისტრაციულ შენობაში გია გოგუაძე?

 გია გოგუაძე? დაგავიწყდათ ვინაა გია გოგუაძე? იგი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 კი, მაგრამ ეს ხომ არაა პარტიის ოფისი? ეს არის საჯარო დაწესებულება. რატომ ხვდება საჯარო დაწესებულებაში პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანაპარტიელებს?

 დღეს არის ჩვენი მეგობრის დედის დაკრძალვა და ყველა ერთად მივდივართ დაკრძალვაზე.

 ამიტომ ხართ აქ ერთად შეკრებილები?

 კი, ამიტომ ვართ.

ამის შემდეგ კაბინეტიდან საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშია გამოვიდა. Humanrights.ge-ს მანაც განუცხადა, რომ გასვენებაში წასასვლელად შეიკრიბნენ.

 გასვენებაში წასასვლელად საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში უნდა შეიკრიბოთ?

 ჩვენ ყოველთვის ასე ვიკრიბებით.

საკრებულოს წევრმა კახა გუჯაბიძემ კითხვაზე, თუ რატომ იმყოფებოდა შეკრებაზე გია გოგუაძე, გულახდილად უპასუხა: „უმრავლესობის შეკრება იყო და მოვიდა იქ“. ამასობაში კაბინეტიდან გია გოგუაძეც შემოვიდა:

 ბატონო გია, რა შეხვედრა ტარდებოდა აქ?

 მე შევხვდი ჩემს თანაპარტიელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ვარ და შევხვდი საკრებულოს წევრებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არიან. 

 რაზე გქონდათ საუბარი თანაპარტიელებთან?

 იმ ჭორებზე, რაც კონკრეტულად ჩემს მიმართ ვრცელდება, თითქოს მე რაიმე შეხება მაქვს კომისიასთან, რომელიც შეიქმნა საკრებულოში და რომელმაც ახალი გამგებლის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს საკრებულოს. მე არავითარი შეხება არა მაქვს ამ კომისიასთან და არც მისი წევრი ვარ. „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორმა რომ დაწერა, უნდა შევიდეს ფინანსური პოლიციაო, მე მოვიწვევ მალე პრესკონფერენციას, ყველა გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს და ვნახოთ, ვის რა აქვს გაკეთებული ლანჩხუთისთვის.

 მუქარად აღიქვით რედაქტორის ეს განცხადება?

 რა თქმა უნდა. იმიტომ შევკრიბე უმრავლესობა, რომ ყველაფერზე მესაუბრა მათთან. ჯერ ერთი, მეკუთვნოდა კომისიის წევრობა, როგორც ერთ–ერთი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს.

 რატომ შედგა ეს შეხვედრა საჯარო დაწესებულებაში?

 ფრაქციას შევხვდი, მათი თხოვნა იყო და ვისაუბრეთ ზეწოლაზე.

 ჟურნალისტები რატომ არ დაგვიშვეს ამ შეხვედრაზე?

 არ ვიცოდი გარეთ თუ იყავით. მე ვაპირებ გავმართო პრესკონფერენცია, სადაც ყველას მოგიწვევთ.

 ეს პრესკონფერენციაც საჯარო დაწესებულებაში გაიმართება?

 არა, ჩვენი პარტიის ოფისში. არ ვაპირებდი, მაგრამ აუცილებელი გახდა, რომ დავიწყო შეხვედრები და ყველას პასუხი გავცე.

შეკითხვით - რამდენად კანონიერია საჯარო დაწესებულებაში პარტიული შეკრების ჩატარება, თავად რევაზ ჩიტიძეს მივმართეთ. „დღეს საჯარო შენობაში იყო ლანჩხუთის საკრებულოს „ნაციონალური ფრაქციის“ სხდომა, რომელსაც უმრავლესობა ესწრებოდა. ფრაქციის რამდენიმე წევრმა ჩათვალა მიზანშეწონილად გია გოგუაძესთან რაღაც საკითხების განხილვა. ადმინისტრაციულ შენობაში კი ყველას აქვს შემოსვლის უფლება“, - განაცხადა ჩიტიძემ.

ახალი ამბები