კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართლელი გლეხები რუსეთის ბაზრის გახსნას ითხოვენ

19 დეკემბერი, 2012

ლევან სეფისკვერაძე, შიდა ქართლი

შიდა ქართლში, ფრონეს ხეობის სოფლებში, რუსეთის ბაზრის გახსნისა ეიმედებათ. ადგილობრივი გლეხები მიიჩნევენ, რომ მათი სოციალური პრობლემების მოგვარება უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ხეობელებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ რუსეთის მთავარ სანიტართან დაწყებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციისათვის რუსეთის ბაზრის გახსნით დასრულდება და ქართლის ტრადიციულ ხეხილს –  ვაშლსა და მსხალს რუსეთში შესაბამის ფასში გაყიდიან.

ფრონეს ხეობის სოფელ საციხურის მკვიდრი, გიორგი ცაბაძე humanrights.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქართლელ გლეხებს რუსეთის სახელმწიფოსგან ბევრი წყენა ახსოვთ, მაგრამ ეკონომიკა და პოლიტიკა სხვადასხვა რამ არის და ვაჭრობის შეზღუდვა ტერიტორიების ოკუპაციას არ უნდა ებმოდეს. იგი ასევე ამბობს, რომ როდესაც ადგილობრივ გლეხებს რუსეთში საკუთარ ბაღში მოყვანილი ხილი გაჰქონდათ, ოჯახის რჩენა ბევრად უფრო ადვილი იყო და დღევანდელის მსგავსად ადგილობრივებს ეკონომიურად არ უჭირდათ.

გიორგი ცაბაძე, ფრონეს ხეობის მკვიდრი: „ვინც არ იცის, ხეხილს როგორი მოვლა სჭირდება, ალბათ, ჰგონია, რომ რუსეთის ბაზარი როცა გახსნილი იყო და ფულს ვშოულობდით, შემოსავალი ჰაიჰარად შემოგვდიოდა. ხეხილის მოვლა დიდ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ შრომას არ გავექცევით, ოღონდ ბაზარი გახსნან და ჩვენი ნაწვალები მოსავლის ნორმალურ ფასად გაყიდვის საშუალება მოგვეცეს. რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემდეგ ზოგჯერ ისეთი წელიწადი ყოფილა, რომ თბილისში ვაშლს საერთოდ არ ჰქონდა ფასი და ზოგიერთს არც დაუკრიფავს ხილი ამის გამო. მერე, ეს ხეებიც გახმა და გადაგვარდა მოუვლელობით. ერთი სტიმული გვჭირდება და თქვენ თვითონ ნახავთ, როგორ ბაღებსაც გავაშენებთ“.

ახალი ვაშლის ბაღების გაშენებაზე ქართლში უკვე ბევრი გლეხი ლაპარაკობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ, ვაშლის ძველი ბაღების დიდი ნაწილი ამორტიზებულია და საჭირო რაოდენობისა და ხარისხის მოსავალს ვეღარ იძლევა. ამიტომ, თუკი რუსეთის ბაზარი გაიხსნება და ამას ბანკებიდან იაფი კრედიტების მიღების შესაძლებლობაც დაემატება, ისინი ახალ ბაღებს აუცილებლად გააშენებენ. ქართლელი გლეხების თქმით, გასაღების ბაზრის არსებობის შემთხვევაში, ასეთი რისკის გაწევა ნამდვილად ღირს.

ფრონეს ხეობაში და გორის რაიონში მცხოვრებმა გლეხებმა, ახალი ბაღების გაშენება მაშინაც დაიწყეს, როდესაც აგარის ხილის გადამამუშავებელი ქარხანა და ქალაქ გორში ფირმა „კამპას“ წვენების საწარმო გაიხსნა. „კამპა“ ახლაც მუშაობს, მაგრამ ადგილობრივებისაგან მხოლოდ მცირე რაოდენობის ხილს იბარებს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დიდი ზარ–ზეიმით გახსნილი აგარის ხილის გადამამუშავებელი ქარხანა კი უკვე მეორე წელია, გაჩერებულია და ადგილობრივები ხილის გაყიდვას კვლავ ვერ ახერხებენ.

მევლუდ კახაბრიშვილი, გორის რაიონის სოფელ შავშების მკვიდრი: „ადრე ჩვენი სოფელი მოსავლიანობითა და ხილით იყო განთქმული. მერე, როცა კოლმეურნეობა დაიშალა, სარწყავი წყლის მილები მოიპარეს და ჯართში ჩააბარეს, დავრჩით სარწყავის გარეშე და გადაგვიხმა მთელი ბაღები. ცოტა ხნის წინ დაგვპირდნენ, ახალ სარწყავს გაგიკეთებთო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. მერე გვითხრეს,  ქართლში ახალი საწარმოები იხსნება, თქვენ მარტო ვაშლი მოიყვანეთ და ჩვენ ყველაფერს ჩავიბარებთო. ეს ტყუილი ბევრმა დაიჯერა და დიდი წვალებით მაინც გააშენეს ახალი ბაღები. ზოგიერთმა სარწყავი წყალი მდინარიდან სულ მანქანებით ზიდა, ბაღები რომ გადაერჩინა. მერე რა მოხდა?! ხეხილი მაინც არავინ ჩაიბარა და დავრჩით ეგრე უპატრონოდ. რუსეთის ბაზრის გახსნა ყველა ქართლელს უნდა. ადრე განა ყველა გლეხს გაჰქონდა რუსეთში ვაშლი? მოდიოდნენ დიდი ტრაილერით ხან ოსები, ხან თბილისელი ბიჭები და ისინი ყიდულობდნენ გლეხებისგან ვაშლს და იმათ გაჰქონდათ. ისინიც ფულს შოულობდნენ და ჩვენებურებიც კმაყოფილები იყვნენ“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალი მთავრობის მხრიდან, უკვე არაერთხელ გამოითქვა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებისათვის მზაობა რუსული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, პროცესი იმაზე უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ამის სურვილი თუნდაც ქართლელ გლეხებს აქვთ. თუმცა, რუსეთის ბაზრის გახსნა რომ რეალურია, ამას რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ. 

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ ქართული პროდუქტების რუსეთის ტერიტორიაზე დაშვების თაობაზე მუშაობა დაწყებულია: „რუსეთში უყვარდათ და უყვართ ქართული ხილი და ღვინო, ანუ ნამდვილი ქართული ხილი და  ღვინო. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის დაკავებული ბაზრების გახსნით, მაგრამ ჩვენ ყოველგვარ დახმარებას ვუწევთ ასეთი საკითხების გადაწყვეტას. ამ ეტაპზე ჩვენ კონკრეტულად ვერ გეტყვით შეთანხმების მიღწევის შესახებ, მაგრამ ის, რომ მოძრაობა ამ მიმართულებით მიდის, კარგის ნიშანია“.

ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ღვინის რუსეთში შეტანა, რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშჩენკოს თანხმობის გარეშე ვერ მოხდება. ონიშჩენკო თავის განცხადებებში ტრადიციულად ფრთხილია და როგორც ადრე, ამჯერადაც, სიფრთხილის მიზეზად ქართული პროდუქციის ხარისხი მოჰყავს.

„არ დავთანხმდები, რომ თებერვალში ქართული ხილი და განსაკუთრებით, ღვინის კომპანიები უკვე შემოვიდნენ რუსეთის ბაზარზე. თუ დავუბრუნდებით ჩვენი მოლაპარაკებების დასაწყისს, მათ დიდი ხნის წინ შეეძლოთ, შემოსულიყვნენ რუსეთის ბაზარზე. ვინაიდან აქ თავს იჩენს იდეოლოგიური და არა ეკონომიკური პრობლემები, ეჭვი მეპარება, თებერვალში ყველაფერი მოგვარდეს“, - აცხადებს ონიშჩენკო. თუმცა, რუსეთის მთავარი სანიტარი იმასაც ამბობს, რომ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანა ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, რადგან რუსი მომხმარებელი ქართულ ხილსა და ღვინოს წლების მანძილზე შეეჩვია და შეუყვარდა კიდეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზრის გახსნის პროცესი უკვე დაიწყო. ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკების საკითხში სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე მუშაობენ.

ივანიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით ახალი მთავრობის გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, 2013 წლის გაზაფხულზე მიწების უპრეცედენტო ოდენობის მოხვნა იგეგმება. ამ სფეროში რამდენიმე ძირითადი პრობლემა არსებობს, მათ შორის - სარწყავი სისტემების არარსებობა. ამ საკითხის გადასაჭრელად მთავრობა მუშაობის დაწყებას ზამთრიდან გეგმავს. ასევე იგეგმება ტრაქტორებისა და მოტობლოკების შემოტანა.

ივანიშვილის განცხადებით, ასევე პრობლემაა ისიც, რომ სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის 80 პროცენტს საკუთარი მიწები საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არა აქვს. პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ეს წინა ხელისუფლების მიერ ხელოვნურად არის გამოწვეული, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, ადამიანებზე ზემოქმედების დამატებითი ბერკეტები მოეპოვებინა.

ქართლელი გლეხები რუსულ–ქართული პოლიტიკის „ქვედა დინებებს“, რასაკვირველია, ნაკლებად იცნობენ და მათ ინტერესის სფეროს ნაკლებად წარმოადგენს, რას ფიქრობენ რუსი პოლიტიკოსები ქართველ კოლეგებზე, ან პირიქით.

როგორც ქარელის რაიონის სოფელ ფცას ერთ–ერთმა მკვიდრმა,  ვლადიმერ კაკალაძემ humanrights.ge–ს განუცხადა: „პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, თავის ქვეყანას რაიმე კარგი გაუკეთოს, თორემ გლეხები თავის გატანას და ორი ლუკმა-პურის შოვნას პოლიტიკოსების გარეშეც მოვახერხებთ. პოლიტიკოსები წლების მანძილზე, ჩვენი საქმიანობის ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდნენ. ახლა ის მომენტია, როცა პოლიტიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად ზრუნავენ ხალხზე. გაახსნევინონ რუსებს ბაზარი და დავიჯერებთ, რომ მათ ხელფასებში გადახდილი ჩვენი ფული, უქმად წყალში არ იყრება“.

ჩვენთან საუბარში ფრონეს ხეობელი გლეხები ამბობენ, რომ მათთვის მთავარია, რუსეთთან მოლაპარაკებები კარგად, ანუ ბაზრის გახსნით დასრულდეს და რუსეთში ხილის გაყიდვა შეძლონ.

ახალი ამბები