კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური და სხვა დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ

20 დეკემბერი, 2012
 
ალექსი ბეჟანიშვილი

„ნიკა გვარამია გაოგნებულია და მას არ აქვს წარმოდგენა, რაზეა საუბარი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც 20 დეკემბერს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და სხვა დაკავებულები მოინახულა. 

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ის გაესაუბრა დაკავებულებს, მათ შორის - ნიკა გვარამიას. ომბუდსმენის თქმით, ნიკა გვარამია არ აღიარებს ბრალს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი „რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელად მის საქმიანობას უკავშირდება. ომბუდსმენის ცნობით, გვარამია მიიჩნევს, რომ მისი დაკავება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე ზეწოლას უკავშირდება. 

გარდა გვარამიასი, ნანუაშვილი ასევე შეხვდა კახა დამენიას, დევი კანდელაკს, იზაბელა გოტიძეს და გიორგი ნემსიწვერიძეს. ომბუდსმენის თქმით, არც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს. ომბუდსმენის თქმით, ისინი ემოციების ქვეშ არიან და ვერ გაურკვევიათ, რა მოხდა, რადგან მანამდე არაერთხელ დაკითხეს და მათთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს მაინცდამაინც გუშინ. 

ამასთან, ომბუდსმენი ამბობს, რომ არც ერთი დაკავებული მოპყრობას არ უჩივის. მისი ცნობით, ნიკა გვარამიას საკანში იყო ცოტა სიცივე, თუმცა ამ ეტაპზე ეს პრობლემაც მოგვარებულია.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს, სავარაუდოდ, ხვალ მოინახულებს. როგორც ჟურნალისატებთან საუბრისას ნანუაშვილმა განაცხადა, მოდულში მივლენ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები, თუმცა პირადად დღეს ვერ ახერხებს ხეთაგურის მონახულებას და ალბათ, შეხვედრა ხვალისთვის მოხერხდება. 

ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ „გარიგებაში მონაწილეობა თავად არ მიუღია“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხეთაგურის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა და განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 19 დეკემბერს ღამით მოინახულა.

„ალეკო ხეთაგური ამბობს, რომ მის მიერ ქრთამის აღების ბრალდება აბსურდულია. მისი თქმით, ეს იყო ორ მხარეს შორის გარიგება, რომელშიც პირადად მას მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, არც ის ციფრები იცოდა, რაზეც საგამოძიებო სამსახური საუბრობს“, - განაცხადა ხაჟალიამ. 

მისივე განმარტებით, ხეთაგური ამ დროისთვის მოდულის შენობაში იმყოფება, სადაც ბრალის ოფიციალურად წარდგენამდე დარჩება. რაც შეეხება სხვა დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ნიკა გვარამია და კახა დამენია ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები. 

დაკავებულთათვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის ვადა 21 დეკემბერს, 18:00 საათისთვის იწურება.

ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასასახო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემა. 

დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი და დაკავებული არიან: საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსებისა ასევე, ფინანთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციის და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“, შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ და კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს „ელენდეფ სერვისის“ დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, სააუდიტო კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის“ დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.

20 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა დამენიას პირადი სეიფიდან თანხის ამოღების ვიდეომასალა გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაციით, ა. წ. ნოემბერში, მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიასა და კახა დამენიასთვის ცნობილი გახდა, რომ საკითხის შესწავლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა, გამოძიებისათვის კვალის არევის მიზნით დამენიას პირად სეიფში მოთავსდა თითქოსდა შპს „ელენდეფ სერვისის“ სალაროს ნაშთის თანხა 1 184 950 ლარი.

„თანხა გამოძიების მიერ ამოღებულია“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ახალი ამბები