კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფარული მიყურადება-ჩაწერის ნებართვების თემაზე სასამართლო და პროკურატურა სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ

21 დეკემბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინა დღებში გასაჯაროებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის ნებართვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„მასმედიის საშუალებებით - პრესითა და ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა საჯარო გახადა ის საიდუმლო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო სამსახურს სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის უფლება მიენიჭა. დასახელდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლენიც, რომელთა მიერ გაცემული ბრძანებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურს თითქოსდა ნება დაერთო, შესაძლო დანაშაულის ჩადენაში მხილებულ სხვადასხვა მოქალაქეებთან ერთად, ასევე ეწარმოებინა ნიკა გვარამიას და ივანე მერაბიშვილის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ მასმედიის საშუალებებით გავრცელებული კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებებით მოსამართლეებმა ვ. ფუხაშვილმა და ტ. ტაბატაძემ დააკმაყოფილეს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობები სხვა - კონკრეტული პირების მიმართ სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე ნებართვის გაცემის შესახებ. არც პროკურატურის შუამდგომლობებში და არც დასახელებული მოსამართლეების მიერ გაცემულ ბრძანებებში არ ყოფილან მოხსენიებულნი ბატონები ნ. გვარამია და ი. მერაბიშვილი“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული საიდუმლო დოკუმენტაციის - ბრძანებების მოქმედების ვადა დღეის მდგომარეობით არ არის ამოწურული, ანუ ორივე ბრძანება ამჟამადაც ძალაშია და მათი ვადამდელი გასაჯაროება, ისევე, როგორც ბრძანების გამცემ მოსამართლეთა ვინაობის დასახელება არ ემსახურება სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებს.

„ეს ასევე არღვევს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია და ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით მკაცრად განსაზღვრულ პირებს, შესაბამისად, მათი ვადამდელი გასაჯაროება ხელყოფს ამავე კანონით დაცულ ინტერესებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ფარული მოსმენა კანონიერად მოხდა“, - განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით მჭედლიშვილმა 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მჭედლიშვილი საქალაქო სასამართლოს განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ სასამართლოსგან ნებართვა არსებობდა არა პიროვნების მოსმენაზე, არამედ სატელეფონო ნომერზე. მისი თქმით, სატელეფონო ნომერს, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაზე იყო გაფორმებული, იყენებდა ნიკა გვარამია, რომელიც „თელასთან“ დაკავშირებულ ელიტურ კორუფციაშია ჩართული“.

„2012 წლის 8 ნოემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი სატელეფონო ნომრიდან გიორგი ნემსიწვერიძეს უკავშირდებოდა ვინმე გიორგი. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული სატელეფონო ნომერი გამოიყენებოდა ნიკა გვარამიას მიერ. სწორედ აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნული ნომრის ფარული ჩანაწერის ნებართვა გასცა. შესაბამისად, ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩაწერა ხდებოდა კანონით განსაზღვრულ ვადაში“, - განაცხადა დავით მჭედლიშვილმა.

ამასთან, მისი განმარტებით, გამოძიება დაიწყო მანამ, სანამ ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნებოდა. „გამოძიება დაწყებულია 2012 წლის 8 ნოემბერს, ხოლო ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 14 ნოემბერს“, - აღნიშნა დავით მჭედლიშვილმა და განმარტა, რომ გვარამიას დაკავება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა, დამატებითი მტკიცებულების მოპოვების მიზნით.

მჭედლიშვილმა ელიტურ კორუფციაში მონაწილე სხვა პირების დანაშაულზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ ამ კორუფციული სქემის საფუძველზე მოხდა ალექსანდრე ხეთაგურის, კახა დამენიას, დევი კანდელაკის, გიორგი ნემსიწვერიძისა და იზაბელა გუტიძის დაკავება. კერძოდ, მათი დაკავება უკავშირდება "თელასში" მიმდინარე კორუფციულ სქემას, რომელზეც გამოძიება გრძელდება.

ახალი ამბები