კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტი ქუთაისიდან ქვების სროლით გაისტუმრეს

21 დეკემბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

19 დეკემბერს ქუთაისში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ქვების სროლითა  და უცენზურო სიტყვების კორიანტელით გაისტუმრეს. ქუთაისის მერიის შენობა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა, მოქალაქეებმა ალყაში მოაქციეს.

„გადადგეს სააკაშვილი! მისი დრო დამთავრდა! მას სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია. არასდროს საქართველოში ამდენი უმუშევარი და უფლებაშელახული ადამიანი არ ყოფილა, რამდენიც მისი ხელისუფლების პერიოდში. დაიღალა ხალხი და დროა, დასრულდეს ეს ყველაფერი. დასრულდეს მშვიდობით“, - აცხადებდნენ ადგილობრივები.

ხმაურისა და სხვადასხვა შინაარსის შეძახილების ფონზე მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის მერიის დარბაზიდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებდა.

„ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვაცხადებდი, რომ „ქართული ოცნების“ სახით ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლას მნგრეველთა ბრიგადა აპირებდა. მაშინ ბევრს ეს სასაცილოდ არ ყოფნიდა. ფაქტია, რომ ასე მოხდა. ეს ხალხი ნგრევაზეა ორიენტირებული, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნას იმაზე ადრე დაასრულებენ, ვიდრე ჰგონიათ. ხალხის ხელისუფლებას ვერავინ ჩაანაცვლებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მერიის შენობიდან მან „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ცენტრალურ ოფისში გადაინაცვლა, საიდანაც გამოსულს უკმაყოფილო მოქალაქეთა გაორმაგებული რაოდენობა დახვდა. „ნაციონალების“ ოფისთან შეკრებილები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ. „ნაციონალებსა“ და ადგილობრივებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.

აქციის მონაწილეებმა იერიში საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილზე მიიტანეს. სიტყვიერი შელაპარაკება შეხლა-შემოხლასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მომხდარი დაგმო და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდა: „მე მივმართავ ქუთაისის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებს, სამართალდამცავებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გაარკვიონ რა მოხდა ქუთაისში დღის 4-5 საათის პერიოდში და გარკვეული ანგარიში მოახსენონ საქართველოს პარლამენტს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, პოზიცია, მაგრამ როცა საქმე ეხება შენობის ან პარლამენტარის ბლოკირებას, ეს უკვე მეტისმეტია. საინტერესოა, სად არის ამ დროს პოლიცია? რატომ არ რეაგირებს იგი მომხდარზე? მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მოვითხოვ მომაწოდოთ, მოაწოდოთ პარლამენტს ინფორმაცია მომხდარის შესახებ“. მან ასევე, მოითხოვა ინფორმაცია, დგას თუ არა მომხდარის უკან რომელიმე პოლიტიკოსი.

„ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ღია დადასტურებაა, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური რევანში“, - განაცხადა უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა და ამ განცხადების ფონზე, საპარლამენტო უმცირესობამ საკანონმდებლო ორგანო ერთხმად დატოვა და მუშაობის „დახურულ რეჟიმზე“ გადავიდა.

ახალი ამბები