კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში - კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით

პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში - კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით

 
ხვალ, 25 დეკემბერს, 12:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებს საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროცესის გრძელვადიან მონიტორინგს. ამ პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოსარჩელეებს წარმოადგენენ უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე.

კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებულია საქართველოს ორგანული კანონის -„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით(1) გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესის კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან(2)  და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან (3) მიმართებით.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამოდ არის მიჩნეული ის გარემოება, რომ საქართველოში არსებულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებებია. 

კერძოდ, მაგალითად, #29 ყაზბეგის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს 5,810 ამომრჩეველი, იმ დროს, როცა საბურთალოს #3 ოლქში, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა 128,545 ამომრჩევლის მიერ. ამრიგად, ყაზბეგის ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა, შეიძლება ითქვას, თითქმის 22-ჯერ უფრო წონადია, ვიდრე საბურთალოს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა. ყოველივე აღნიშნული კი, კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის, მათ შორის ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის - თანაბარ წონადობის პრინციპს, რაც წარმოადგენს ამომრჩევლების დისკრიმინაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საკონტაქტო პირი: 595 22 55 30 - მიხეილ შარაშიძე
ადამიანის უფლებათა ცენტრი 

-------------------------------------------------------------
 
1. (I ნაწილი: „საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, თბილისში − 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“. II ნაწილი: „საპარლამენტო არჩევნებისთვის თითოეული მუნიციპალიტეტი (თვითმმართველი ქალაქი, რაიონი), თბილისის გარდა, არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“)

2. კონსტიტუციის მე-14 მუხლი: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“;

3.  კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი: „1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“.