კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრს რესტავრაცია ესაჭიროება

27 დეკემბერი, 2012

ინგა გვასალია, სამეგრელო

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 2008 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. თუმცა, ამ სტატუსს მისი რეაბილიტაცია არ მოჰყოლია. მართალია, შენობა გარედან შეღებეს, მაგრამ შიგნით არაფერი გაკეთებულა.

სენაკის თეატრი წლებია, ავარიულია. სახურავიდან წყალი ჩადის, კედლები დაბზარულია, მოშლილია საკომუნიკაციო სისტემა. თეატრს არა აქვს წყალი. საკანალიზაციო მილები გამოსულია მწყობრიდან. არ მუშაობს სახანძრო სიგნალიზაცია. სარემონტოა კულისები, საგრიმიოროები, მუზეუმი, საწყობი, გარდერობი. თეატრი 50-იან წლებში შეძენილი აპარატურით ფუნქციონირებს. ფარდების ასაწევ-დასაწევი თოკები დაძველებულია.

„20 თოკიდან მხოლოდ ორი-სამის გამოყენება შეიძლება. ასეთი თოკებით დღეს არავინ მუშაობს. ფარდებიც გახუნებულია და თითქმის ჩამოძონძილი. სპექტაკლის დროს 15-20 განათების ნათურაა საჭირო, ჩვენთან კი  2-3 ცალიღა მუშაობს. სოფლის კლუბშიც არ იქნება ასეთი მდგომარეობა, როგორიც აქაა“, - გვითხრა თეატრის სადადგმო ნაწილის გამგემ, მალხაზ კორთხონჯიამ.

მსახიობი ეკა კოღუა მუშაობის პროცესებს აღწერს: „სცენაზე წვიმს. რეპეტიციაზე ზოგჯერ ქოლგებით ვართ, რომ არ დაგვაწვიმოს. სველი წერტილები არ მუშაობს, არ არის გათბობა - არც ოთახებში, არც სცენაზე და არც პარტერში. რასაც ხედავთ, ვინ იცის, როდინდელი გაკეთებულია“.

თეატრის პირველ სართულზე დიდი ქართველი მსახიობის, აკაკი ხორავას მუზეუმია, სადაც საშინელი სინესტეა. ნესტის გამო არქივი ზიანდება, უნიკალური  ფოტომასალა თითქმის განადგურებულია. „ნესტიან ოთახში ვსხედვართ და ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს ასეთი საშინელი ნესტის გამო. ვართ ასე გაუსაძლის პირობებში და არ გვყავს პატრონი. ჩვენი ჯანმრთელობა კი არა, უნიკალური ნივთები ნადგურდება. ვიხვეწებით, მოგვხედოს რაიონის ხელმძღვანელობამ, კულტურის სამინისტრომ, ძეგლთა დაცვის სამინისტროსაც შევატყობინეთ, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის დღემდე და ვართ ასე. აკაკი ხორავას მუზეუმი ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს?! სურათები ხომ შეჭამა ობმა და ჩვენც შეჭმულები ვართ ნესტისგან“ , - აღშფოთებული საუბრობს სალიტერატურო ნაწილის გამგე მარინე ლიფონავა.

კოლეგების აღშფოთებას თეატრის მმართველი თენგიზ თოფურიძეც იზიარებს: „განათების და გახმოვანების სისტემა მწყობრიდანაა გამოსული. სასცენო ტექნიკური სამუშაოებია ჩასატარებელი. კულისებიც მოსაწყობია. ექვსი წლის წინ პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო თანხები და თეატრი ზუგდიდის რომელიღაც კომპანიამ გადახურა უხარისხოდ. წყალი მაინც ჩამოდის. 2008 წელს, აგვისტოს მოვლენების დროს თეატრი დაიბომბა და უფრო დაზიანდა. ამ წელს სახურავი, კედლები და საერთოდ ყველაფერი მწყობრიდან გამოვიდა“.
 
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ტყებუჩავა თავს იმით იმართლებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას კულტურული ძეგლის აღდგენაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს: „ჩვენ არა გვაქვს უფლება კულტურის სამინისტროს საქმეში ჩავერიოთ და ჩვენი სახსრებით გავაკეთოთ რემონტი“.

თეატრში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, თეატრის მმართველი, თენგიზ თოფურიძე  აპირებს, შეხვდეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ სენაკში იყრიდა კენჭს. რა შედეგი მოყვება ახალი მთავრობის კულტურის მინისტრისა და თეატრის მმართველის შეხვედრას, ამას მომავალი გვიჩვენებს.    

ახალი ამბები