კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ირაკლი ოქრუაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნის თაობაზე

27 დეკემბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს მიენიჭოს პოლიტპატიმრის სტატუსი და განთავისუფლდეს პატიმრობიდან.

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და სასამართლო პროცესზე გამოცხადდა მას შემდეგ, რაც პარლამენტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა იგი პოლიტიკურ დევნილთა სიაში შეიყვანა. მანამდე სამუშაო ჯგუფმა პარლამენტის წინაშე იშუამდგომლა, რომ რამდენიმე პოლიტიკური დევნილის მიმართ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ამ ჩამონათვალში ნახსენები იყო ირაკლი ოქრუაშვილის გვარიც.

მართალია, 20 ნოემბრისათვის პარლამენტს პოლიტდევნილების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილი ამ დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გამოცხადდა იმ იმედით, რომ სამომავლოდ საკანონმდებლო ორგანო მიიღებდა ლოგიკურ გადაწყვეტილებას და სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად მასაც გაათავისუფლებდა. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, 20 ნოემბრიდან ირაკლი ოქრუაშვილი მოათავსეს საპატიმროში, ვინაიდან მას მანამდე დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. პარლამენტმა კი შემდეგ დღეებში იგი ამოიღო პოლიტდევნილთა სიიდან იმ მოტივით, რომ აღარ იმყოფებოდა პოლიტიკურ ემიგრაციაში. ამავე დროს, ირაკლი ოქრუაშვილი ვეღარ მოხვდა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში იმ პოლიტიმართა შორის, რომლებსაც პოლიტდევნილებთან ერთად, ამნისტია უნდა შეეხოთ და გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.  

პარლამენტის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი კვლავ აგრძელებს მუშაობას და კვლავ შეისწავლის იმ პირთა საქმეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხვდნენ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში. მათ შორის იგეგმება ირაკლი ოქრუაშვილის საქმის შესწავლაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პარლამენტთან არსებულ სამუშაო ჯგუფს 5 იანვარს ვადა ეწურება. შესაბამისად, გაურკვეველია, რა ფორმით გააგრძელებს იგი მუშაობას და გავრცელდება თუ არა ციხეებში დარჩენილ პოლიტპატიმრებზე სამომავლოდ აღნიშნული ამნისტია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საზოგადოებას შეახსენებს, რომ თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო პოლიტიკური მოტივით. ოქრუაშვილი დააკავეს 2007 წლის ნოემბერში ცნობილ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ. მანამდე მის მიმართ ხელისუფლებას და სამართალდამცველ სტრუქტურებს პრეტენზია არ ჰქონია. დაკავებისთანავე გამოძიებამ მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო ე. წ. აღიარებითი ჩვენება, რის შემდეგაც ოქრუაშვილი კი არ დააპატიმრეს, არამედ გაათავისუფლეს და ცოტა ხანში, ხელისუფლებამ მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობაც მისცა.

მართალია, ემიგრაციაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს დაუსწრებლად მიესაჯა პატიმრობა, მაგრამ საგულისხმოა, რომ ქართული მართლმსაჯულების ამ გადაწყვეტილების პარალელურად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საფრანგეთის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ დევნილად აღიარა და მისცა პოლიტიკური თავშესაფარი.

ამდენად, დღესდღეობით ირაკლი ოქრუაშვილი, ფაქტობრივად, არის უკანონო პატიმარი, რადგან მისი პატიმრობა ემყარება მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით მიღებული „მტკიცებულებებით“ შეკერილ სისხლის სამართლის საქმეს.  

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ პარლამენტს მისთვის უნდა მიენიჭებინა პოლიტპატიმრის სტატუსი. პოლიტპატიმართა სიიდან ირაკლი ოქრუაშვილის ამოღება არასამართლიანია, მით უფრო, როცა საქართველოში ჩამოსვლამდე და დაპატიმრებამდე, მას პარლამენტთან არსებული სამუშაო ჯგუფისა და საფრანგეთის სასამართლოს მიერ მინიჭებული ჰქონდა პოლიტდევნილის სტატუსი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელთან საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ გაოგნებულია პარლამენტის გადაწყვეტილებით. იგი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:

საქართველოს პარლამენტს და პარლამენტთან არსებულ სამუშაო ჯგუფს - დროულად განიხილოს ირაკლი ოქრუაშვილის საქმე და დღის წესრიგში დააყენოს მისი, როგორც პოლიტპატიმრის, გათავისუფლების საკითხი.

საქართველოს პროკურატურას - შეწყვიტოს ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც ემყარება პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას და უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები