კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ იკრიბებოდა „ნაციონალური“ „ობშიაკი“ ხონში

9 იანვარი, 2013
მარი ტაბიძე, ხონი

31 დეკემბერს პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე იმერეთის სამხარეო პოლიციაში დღის 12 საათზე დაიბარეს. იგი 2003 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხონის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

იმერეთის სამხარეო პოლიციაში ლევან ბობოხიძე მოწმის სტატუსით დაიბარეს. იგი დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. დაკითხვა კი ხუთი საათი გაგრძელდა.

ბობოხიძის დაკითხვასთან დაკავშირებით იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა ვახტან ბალავაძემ განაცხადა: „ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიები გრძელდება. ამის თქმის საბაბს ის გარემოება მაძლევს, რომ ბობოხიძე დღეს - 31 დეკემბერს დაკითხეს. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა ჩვენი გუნდის წევრებზე, რადგან არა მგონია, ბობოხიძე რამდენიმე დღის შემდეგ სადმე გაქცეულიყო“.

პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ: „სირცხვილია, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს. ეს პოლიტიკური ზეწოლაა და ვფიქრობ, ეს მოვლენები ასე არ უნდა გაგრძელდეს“. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხონის ორგანიზაციის თავჯდომარეს  გამოძიება ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის ხელფასებიდან თანხის ჩამოჭრის გარემოებებზე ედავება. გამოძიების ვერსიით, „თანხების ჩამოჭრა“ არაკანონიერად და არაოფიციალურად ხდებოდა, რაზეც მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ღიად საუბარი დღემდე უჭირთ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ხონის მუნიციპალიტეტის თორმეტივე თემის გამგებლები და სპეციალისტები ხონის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე დღით ადრე დაკითხეს. 

დაკითხვიდან გამოსულმა ლევან ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა: „დაკითხვა კორექტულად და მშვიდ ვითარებაში წარიმართა. გამომძიებელს კითხვები ე.წ. „ობშიაკთან“ დაკავშირებით ჰქონდა. დაინტერესდა, რისთვის და რატომ  იკრიბებოდა თანხა. მინდა გითხრათ, რომ ეს თანხა ჩვენი გუნდის წარმატებისთვის დაიხარჯა და ვთვლი, რომ ყველა ადამიანი, ვინც დასაქმებულია, მმართველი გუნდისთვის რაღაცას უნდა იღებდეს. ცუდი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ანალოგიურად არ მოიქცევა. თუმცა, მე ვერ გეტყვით, თანხის ამ ფორმით აკრეფა რამდენად ჯდებოდა კანონის ფარგლებში. მეტიც - ეს ნაკლებად მაინტერესებს. მთავარია, რომ ვერც ერთი ხონელი ვერ იტყვის, ლევან ბობოხიძემ რაიმე დახმარებაზე უარი მითხრაო, რადგან აღნიშნული თანხა ადამიანთა კეთილდღეობას  ხმარდებოდა“.

ბობოხიძემ ამ განცხადებაში არ დააკონკრეტა, რა ფორმით (სურსათით/ფულით) ზრუნავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხონის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. 

არაოფიციალური ინფორმაციით ე. წ. „ობშიაკს“ ხონის მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეები 2003 წლიდან კრებდნენ. თანხა ყოველი თვის ბოლოს ხელფასის დარიცხვიდან მაქსიმუმ ორ დღეში სრულად უნდა შეგროვებულიყო და კონკრეტულ ადამიანს ჩაბარებოდა, რომლიც ვინაობა დღემდე ოფიციალურად არ სახელდება. „ობშიაკის“ თანხა თანამდებობრივ სტატუსთან ერთად იზრდებოდა, რომელიც 30 ლარიდან 100 ლარის ფარგლებში მერყეობდა. 

საინტერესოა ფორმებიც, თუ როგორ ხდებოდა შეგროვებული თანხის გაცემა. ფაქტია, რომ არ არსებობს ოფიციალური საბანკო ანგარიში თანხის მოძრაობის ანუ ჩარიცხვა-გადარიცხვის თაობაზე. სავარაუდოდ, თანხას ხელზე, კონკრეტულ პირებზე გასცემდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, „ობშიაკის“ თანხა იმ თანაგუნდელების კეთილდღეობას ხმარდებოდა, რომლებმაც 2003 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილები დაკარგეს ან „დაპირებული“ თანამდებობები ვერ მიიღეს.  

აღნიშნული საკითხით რამდენიმე თვის წინ ის ხელისუფლებაც დაინტერესდა, რომლის გუნდის წევრიც თავად ბობოხიძეა. თუმცა, როგორც ხონელები ამბობენ, ეს ფაქტი მაშინ ძმებმა ბობოხიძეებმა „ჩაფარცხეს“.  ამჯერად კი გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, დაკითხვაზე ხონის მუნიციპალიტეტის სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც დაიბარონ.

ახალი ამბები