კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში 12 იანვარს შევა

10 იანვარი, 2013

ინტერპრესნიუსი

ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში 12 იანვარს შევა, საპყრობილეებს კი პირველ რიგში პოლიტპატიმრები დატოვებენ - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა , ასევე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, თუ 11 იანვრის ჩათვლით კანონს ხელს პრეზიდენტი არ მოაწერს, მაშინ მისი აღსრულება 12 იანვარს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოხდება.

„თუ 11 იანვარს ისევ არ გადაწყვეტს ქვეყნის პირველი პირი, რომ ხელი მოაწეროს კანონს, მაშინ მისი აღსრულება მოხდება უკვე 12 იანვარს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ და იმავე დღეს გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, რის შემდეგაც ოფიციალურად შევა ძალაში. ჩვენ, საკანონმდებლო ორგანო, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კანონის დროულად აღსრულება განხორციელდეს. ამნისტიის კანონში ჩავდეთ ის პრინციპიც, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება  სასამართლოს გარეშე მოხდეს.  ანუ ისინი დაუყონებლივ დატოვებენ ციხეებს", - განაცხადა ბესელიამ.

 პრესკონფერენციაზე აღსრულების პროცედურები  სოზარ სუბარმა განმარტა. მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება 13 იანვარს, დილითვე დაიწყება.

„პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლება კანონის ძალაში შესვლის მეორე დღესვე მოხდება. 13 იანვარს, ყველა საპყრობილის კარი ერთდროულად გაიღება და 190-ვე ადამიანი დატოვებს ციხეებს. ეს პროცედურა სულ რაღაც ერთ საათს გასტანს", - აღნიშნა სუბარმა.

რაც შეეხება დანარჩენ პატიმრებს, მინისტრის განმარტებით, პარლამენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს სასამართლოსთვის შესაბამისი საქმეების გადასაგზავნად ორკვირიანი ვადა მისცა.

„ჩვენ გვაქვს ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ სასამართლოებს პატიმართა საქმეები გადავუგზავნოთ, თუმცა მზად ვართ ეს პირველივე დღიდან დავიწყოთ და თავის მხრივ, იმედი გვაქვს, რომ სასამართლოც ჩაეტევა იმ ორთვიან ვადაში, რაც მას პატიმრების გათავისუფლებისთვის აქვს განსაზღვრული. ორთვიანი ვადა არ ნიშნავს, რომ ორი თვის თავზე გათავისუფლდება ყველა მსჯავრდებული – ეს პროცესი დაიწყება პირველივე დღეს და ორი თვის ვადაში დასრულდება", - აღნიშნა სუბარმა.

რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსის მქონე პირებს, როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ამ პროცესში უკვე მთავარი პროკურატურა ჩაერთვება.

„14 იანვრიდან პროკურატურა მიმართავს სასამართლოებს შუამდგომლობით, როგორც აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების, ისე სხვა ტიპის ზომების მიღების შესახენ. რაც შეეხება სხვა პატიმრებს, პროკურატურა ფეხს აუწყობს მთავრობის რიტმს და ორკვირიან ვადაში მოხდება ყველა იმ შუამდგომლობის ფორმირება, რაც საჭიროა დანარჩენი პატიმრების გათავისუფლების დასაწყებად. ეს იქნება სწრაფი პროცესი – როგორც მოგახსენეთ,  პირველ რიგში ციხეებს დატოვებენ პოლიტპატიმრები, შემდეგ კი უკვე,  დანარჩენი კატეგორიის მსჯავრდებულები", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ახალი ამბები