კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხობის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებაზე საუბრობენ

15 იანვარი, 2013

ინგა გვასალია, სამეგრელო

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი გამგებლის მოსვლის შემდეგ მუნიციპალიტეტის სამსახურების რეორგანიზაცია დაიწყო. გამგეობიდან დათხოვნილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ცხრავე სამსახურის უფროსმა და 22 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა უკვე დატოვა. განცხადება  საკრებულოს აპარატის 8 თანამშრომელმაც დაწერა. საკრებულოს აპარატის უფროსის, ლელა შამათავას განცხადებით, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გარეშე 2 ადამიანი უკვე დაინიშნა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარმა სპეციალისტმა სალომე ქაჯაიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

სამსახურიდან წასვლის თაობაზე, ასევე დაწერეს განცხადებები მისი განყოფილების თანამშრომლებმაც. „გამგებელმა ვერ განმიმარტა ჩემი გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი - შენი დამცველი არავინ გამოჩნდა და რა ვქნა, მეც ხომ მყავს ახალი კადრები დასანიშნიო. მართალია, პირადად ჩემთვის არავის უთქვამს, მაგრამ როგორც ამბობენ, ჩემი სამსახურიდან გაშვება ჩემი ძმის „ნაციონალების“ ახალგაზრდული ფრთის წევრობას უკავშირდება“, – გვითხრა გამგეობის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა.

სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსის, ანატოლი სიჭინავას თქმით, მართალია, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, მაგრამ  სამსახურიდან წასვლა მისი სურვილი არ ყოფილა: „პარლამენტის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატს, გოდერძი ბუკიას დავუჭირე მხარი და ვფიქრობ, ეს არ მოეწონათ. ახალ ხელისუფლებას არ აინტერესებს პროფესიონალი  და გამოცდილი კადრები, მათთვის მთავარია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო“, - გვითხრა  სიჭინავამ.

განთავისუფლებული თანამშრომლები ხობის გამგებლის ახალი მოადგილის მახარე ჩოკორაიას მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. თავად ჩოკორაია კი ჩვენთან საუბარში უარყოფს ბრალდებას და აბსურდულს უწოდებს: „მოვიდნენ და  განცხადებები თავად შემოიტანეს გამგეობის კანცელარიაში. ბევრს არ სურს ჩვენთან მუშაობა, რადგან ზოგი საზღვარგარეთ აპირებს წასვლას, ზოგიც თბილისში გადადის. ჩვენ დაველაპარაკებით ყველას და შეიძლება ზოგი დაბრუნდეს კიდეც“.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე სამსახურიდან გათავისუფლებაში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს და მასობრივად განცხადებების დაწერას თავისებურ ახსნას უძებნის: „პოლიტიკური მოტივი აქ არაფერ შუაშია. გამგეობის სხვა თანამშრომლებმა, სოფლის რწმუნებულებმაც დაწერეს განცხადებები სამსახურებიდან წასვლის შესახებ და წავიდნენ. ეს მათი სურვილით მოხდა. ალბათ, ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას. ეს ხალხი „მოქალაქეთა კავშირის“ დროსაც იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, ახლა კი იგრძნეს, რომ ჩვენთან ვერ იქნებიან და დაწერეს განცხადებები წასვლის თაობაზე“, – გვითხრა გამგებელმა.

მისივე თქმით, ახალი კადრები შესაძლოა, გამგეობაშიც კონკურსგარეშე შეირჩნენ. „ხობში ჯერ კიდევ არ არის შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ახალი კადრები მოვალეობის შემსრულებლებად ინიშნებიან“, -განმარტავს მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი კახაბერ ბენიძე.

ახალი ამბები