კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატებმა პარლამენტის ქუთაისში დარჩენა-არდარჩენის საკითხსა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებაზე იმსჯელეს

22 იანვარი, 2013

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

17 იანვარს ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი გააცნეს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა სასტუმრო „ბაგრატში," საკმაოდ ხმაურიან ვითარებაში შედგა და ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა აღნიშნულ საკითხზე მუშაობს, საზოგადოებას განსახილველად ორი საკითხი: პარლამენტის ადგილსამყოფელის დადგენა და პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრა შესთავაზა.

„კონსტიტუციის მთავარი დანიშნლება  ის არის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები და არა ის, რომ სახელმწიფო სისტემებიდან რომელიმემ წყობიდან გამოიყვანოს დანარჩენები და ამით რისკები შეუქმნას მათ. საქართველო სუპერსაპრეზიდენტო ქვეყანაა და ამით დარღვეულია სახელისუფლებო ბალანსი. კარგად მოგვეხსენება, რომ პრეზიდენტს არაერთი ბერკეტი ჰქონდა იმისთვის, რომ პარლამენტი „მოერჯულებინა." 2012 წლის 1 ოქტომბერს ვითარება შეიცვალა. თუმცა, მას დღესაც შეუძლია შეცვალოს მთავრობა, რომელიც მას, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონს. ამან კი შესაძლოა  კრიზისი შექმნას". - აცხადებს კანონპროექტის ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე.

მისი განმარტებით, საჭიროა კონსტიტუციური მექანიზმის შემოღება, რომელიც ისეთი მთავრობის არსებობას უზრუნველყოფს, რომელსაც პარლამენტის მხარდაჭერა ექნება და ასევე, პრეზიდენტს არ მისცემს შესაძლებლობას, უგულებელყოს პარლამენტის და ხალხის ნება.

„ამ მიზნის მისაღწევად, კანონპროექტით გათვალისწინებულია პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების გაუქმება, რომელიც მას საშუალებას აძლევს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის ნების წინააღმდეგ გადააყენოს არსებული მთავრობა. ამის შემდეგ კი, შექმნას და განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მისთვის სასურველი მთავრობა. კანონპროექტის თანახმად, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი აღარ გამოხატავს ხალხის ნებას, მას მაინც რჩება უფლება დაითხოვოს იგი და ნებისმიერ დროს დანიშნოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები. მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 6 თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ასევე, კანონპროექტის თანახმად, ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე აღმასრულებელი მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული მთავრობა ასრულებს", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

კანონპროექტის დადებით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. მათი აზრით, აღნიშნული მოდელი სტაბილურობის შენარჩუნებას და შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. 

„ჩვენ არ გვსურს ქვეყანას მართავდეს ხელისუფლება, რომელსაც არ ექნება ხალხის ნდობა. ჩვენ არც ზედმეტი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეზიდენტი გვჭირდება და არც ზედმეტი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრემიერი, რომელიც ჩვენი გუნდის პოლიტიკური ლიდერია", - განმარტავენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

უმცირესობა კი, აცხადებს, რომ მათ ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, როცა  მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობენ.

„კი, ბატონო, დღევანდელი კანონმდებლობით, პრეზიდენტს შეუძლია მთავრობა დაითხოვოს, თუმცა, შემიძლია დაგამშვიდოთ  და დაგარწმუნოთ, რომ იგი ამის გაკეთებას არ აპირებს", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

დეპუტატებმა პარლამენტის ქუთაისში დარჩენა-არდარჩენის საკითხზეც იმსჯელეს. ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად გადაქცევის იდეის ავტორი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ პარლამენტის ქუთაისში არსებობა უმნიშვნელოვანესია როგორც ქალაქის, ისე მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის.

„პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით ჩვენ უამრავი გეგმა დავსახეთ. გვქონდა პროექტები, რომლის მიხედვით ამ ქალაქში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო. ჩამოვიდოდნენ უცხოელები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ქუთაისი განვითარდებოდა. ეს იყო და არის ჩვენი მიზანი. დამღუპველია ერისთვის, როცა ერთი ქალაქი მეორეზე ორჯერ მეტადაა განვითარებული. ეს კი ის შემთხვევაა, როცა თბილისი ქუთაისზე ამ მხრივ, ათჯერ და მეტად წინაა. ჩვენი კოლეგები კი, აცხადებენ, რომ პარლამენტის ადგილი იქაა, სადაც მთავრობაა. მე მათ ვუპასუხებ, რომ საკანონმდებლო ორგანო კი არ უნდა იყოს დედაქალაქში, მთავრობა უნდა იყოს ქუთაისში", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

საპარლამენტო უმრავლესობა კი თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენა ქვეყნის ეკონომიკისთვის ზედმეტი ხარჯია, რომლის ფუფუნება საქართველოს არ აქვს.

საკონსტიტუციო პროექტის მიზანი, რომლის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურია, საქართველოს კონსტიტუციიდან საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელის განმსაზღვრელი ნორმის ამოღებაა. საუბარია კონსტიტუციის 48-ე პრიმა მუხლზე, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია და მისი დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროსაა დასაშვები. 

„ჩვენ გვაქვს საკმარისი არგუმენტები, ვამტკიცოთ, რატომ უნდა იყოს პარლამენტი თბილისში და არა ქუთაისში. ერთ-ერთი ასეთი არგუმენტი ისაა, რომ არ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოს წევრები მუდამ გზაში იყვნენ გაბმული და დარბოდნენ თბილისსა და ქუთაისს შორის. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულობაა. დიახ, ქვეყნის პარლამენტი უნდა იყოს იქ, სადაც ქვეყნის მთავრობაა. სხვანაირად არ შეიძლება. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეს ქალაქი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგრამ იმისთვის, რომ იგი განვითარდეს, პარლამენტის ყოფნა საკმარისი არ არის. სხვა, უფრო საჭირო და ქმედითი ღონისძიებებია გასატარებელი", - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

ახალი ამბები